NASA-ს მეცნიერებს საინტერესო იდეა აქვთ. ისინი მარსზე Boston Dynamics-ის ცნობილი რობოძაღლის გაგზავნას აპირებენ. რობოძაღლი სახელად Spot საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ამის მიღმა, საკმაოდ საინტერესო ფუნქციები აქვს, რომელიც მარსის ზედაპირზე გადაასაადგილებლად და მის შესასწავლად ძალიან გამოადგება.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, სანამ Spot მარსზე მოხვდება და ამ დროის გამოყენებას მეცნიერები რობოტის მოდიფიცირებისთვის აპირებენ. როგორც Live Science იუწყება, რობოძაღლი, მარსის შესასწავლად, ტრადიციული როვერების კარგი ალტერნატივაც შეიძლება იყოს. მას დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია, ის პატარაა, მოხერხებულიც და მარსზე ადამიანებისთვის საინტერესო ადგილების აღმოჩენაც შეუძლია.

ამ ეტაპზე, მეცნიერები იდეის განხორციელებისთვის პირველ ნაბიჯებს დგამენ. ისინი აღჭურვავენ რობოძაღლს ისეთი ინსტრუმენტებით, რომელიც მას მარსის ზედაპირზე გადაადგილებასა და მის შესწავლაში დაეხმარება. პროტოტიპ რობოძაღლს კი NASA-ში Au-Spot-ს ეძახიან და მას მარსზე ბორბლებზე მოსიარულე როვერებისთვის მიუწვდომელი ადგილების შესწავლა, მათზე სწრაფად შეეძლება. როგორც ვიცით, რობოტს წამოდგომაც მარტივად შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ წითელი პლანეტის ზედაპირზე მას გადაადგილების პრობლემა შეექმნება და წაიქცევა.

Au-Spot-ის ერთ-ერთი ძირითადი მისია მარსის მიწისქვეშეთის შესწავლა და მისი რუკის შედგენა იქნება. ამჟამად კი, რობოტი ტესტირებას კალიფორნიაში, ისეთ გარემოში გადის, სადაც წითელი პლანეტის გვირაბებია იმიტირებული.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მოვლენას აქვს პოტენციალი იქცეს მარსის ზედაპირსა და მის მიწისქვეშეთში ჩასატარებელი რევოლუციური სამეცნიერო მისიების წინაპირობად.

შეგახსენებთ, რომ Boston Dynamics-მა ცნობილი რობოძაღლების გაყიდვა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომერციულ ორგანიზაციებს კი მისი ყიდვა 75 000 დოლარად შეუძლიათ. ოთხფეხა რობოტი ბევრ ადამიანში შიშსაც იწვევს. მას მოქნილად გადაადგილება შეუძლია. უკვე ვნახეთ, როგორ ეხმარება ის ექიმებს COVID-19-ის პაციენტების მიღებაში, როგორ აღებს კარებს, ან მწყემსავს ცხვრებს. ხოლო ცოტა ხანში, როგორც ჩანს, მას მარსის მკვლევრის როლშიც ვიხილავთ.