სად ვეძიოთ ინფორმაცია, თუ Google გაითიშა
Google ყველაზე პოპულარულ და ალბათ, ყველაზე კომფორტულ საძიებო სისტემას წარმოადგენს. თუმცა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ Google გაითიშა?
ეს შეკითხვა ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა თუ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე განვითარებული მოვლენებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ რთულია თუნდაც ისეთ ავტორიტეტულ ტექნოლოგიურ გიგანტს, როგორიც Google-ია, სრული ნდობა გამოუცხადო. ყველაფერი Facebook-ისა და Messneger-ის ხარვეზებით დაიწყო, შემდეგ კი ამ მოკლე სიას YouTube, Gmail და Drive-იც მიემატა. მსგავსი სერვისების დროებითი შეჩერება, ან შეფერხებით მუშაობა, მათი საჭიროებიდან და მოხმარების სიხშირიდან გამომდინარე, მომხმარებელს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. და მართლაც, უცებ Google-მაც რომ გვიღალატოს, როგორ უნდა მოვიქცეთ?
საბედნიეროდ, გამოსავალი აქაც მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ Google-ს საძიებო სისტემების ბაზრის 92.06% უკავია, არსებობს არაერთი კარგი სისტემა, რომლებიც არანაკლებ კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 საძიებო სისტემას, რომლებიც მომხმარებელს უზრუნველყოფენ:
- ძებნის საინტერესო შედეგებით;
- ადვილად წასაკითხი ინტერფეისით;
- ძიების გაფართოებისა თუ შევიწროების სასარგებლო ფუქნციებით.
1. Ecosia
გარდა იმისა, რომ Ecosia ძიების შესანიშნავ შედეგებით უზრუნველყოფს მომხმარებელს, იგი ასევე საშუალებას გაძლევთ, იზრუნოთ გარემოზე. ეს საძიებო სისტემა, რომელიც 2009 წელს გერმანიაში, ბერლინში დაარსდა, მოგების 80%-ით (შემოსავლის 47.1%) ხეების დარგვის პროექტს აფინანსებს. ისინი ცდილობენ ტყეების აღდგენას ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ხეები ადამიანის საქმიანობისა თუ ხანძრების შედეგად განადგურდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა მუშაობს განახლებად ენერგიაზე და ისინი იმაზე 100%-ით მეტ მზის ენერგიას აწარმოებენ, ვიდრე მათ სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, იგი არამხოლოდ CO2-ნეიტრალურია, მეტიც, ამცირებს კიდეც მის კონცენტრაციას ატმოსფეროში, განსხვავებით სხვა საძიებო სისტემებისგან. ცნობილია, რომ ყოველწლიურად, ინტერნეტის მოხმარების შედეგად, ატმოსფეროში 300 მილიონი ტონა CO2 გამოიყოფა.
ყველა სიკეთესთან ერთად, იგი საკმაოდ კომფორტულ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც უკვე ორი წელია ვიყენებ. ამჟამად, Ecosia ხელმისაწვდომია ბრაუზერისა და აპლიკაციის სახით, როგორც Android და iOS მოწყობილობებზე, ასევე პერსონალურ კომპიუტერებსა და Mac-ზეც.
2. Duck Duck Go Search
ეს საძიებო სისტემა, გარკვეულწილად, Google-ს გავს, თუმცა, მისგან რამდენიმე დეტალით განსხვავდება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ მომხმარებლები სწორედ ამ საძიებო სისტემას ისაა, რომ იგი არ ინახავს მომხმარებლის ინფორმაციას, სწრაფია და აქვს მარტივი ინტერფეისი.
მის უარყოფით მხარეს ის წარმოადგენს, რომ იგი გაძლევთ სურათების ლიმიტირებულ შედეგებს და ძებნის შედეგები არაა დათარიღებული. რაც შეეხება მის დადებით მხარეს, DuckDuckGo-ზე ძებნის ყველა შედეგი ჩანს პირველ გვერდზე და თქვენი ძიების ისტორიას არ უზიარებს სხვებს. მისი სლოგანიც სწორედ ამ უპირატესობას უსვამს ხაზს: "ეძებე ანონიმურად და სწრაფად".
3. Bing Search
Bing Microsoft-ის საძიებო სისტემაა, რომელიც პოპულარობით Google-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ Bing ეკრანის ზედა ზოლზე ძიების პარამეტრებს გთავაზობთ, ასევე "კეთილადაა განწყობილი" ძველი ვებგვერდების მიმართ და თანაბრად ეძებს როგორც დაფარულ, ასევე ღია ინფორმაციას.
რაც შეეხება მის ნაკლოვანებებს, იგი შედარებით ნელი სისტემაა და ძიებისას, Google-თან შედარებით, ნაკლებ შედეგს გვაძლევს, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ღირს Bing-ის ცდა მისი უპირატესობიდან გამომდინარე.
4. Yahoo Search
გარდა საძიებო სისტემისა, Yahoo მომხმარებელს უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტით, მოგზაურობის ცნობარით, ამინდის პროგნოზითა და ონლაინ თამაშების ცენტრით. გარდა ამისა, მის მთავარ გვერდზე განთავსებულია ახალი ამბები.
ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Yahoo-ზე ძიების შედეგები არაა დათარიღებული და მომხმარებლები აქ ზედმეტად ბევრ რეკლამას აწყდებიან.
ეს პორტალი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ინტერნეტ სივრცის ათვისებას.
5. The Internet Archive Search
ეს ვირტუალური დროის მანქანა შესაძლებლობას მოგცემთ იხილოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ვებსაიტი 1999 წელს, ან რა სიახლეები იწერებოდა 2005 წელს.
ეს მრავალმხრივი საძიებო სისტემაა, რომელშიც შეგიძლიათ მოძებნოთ ფილმები, მუსიკა თუ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები. მართალია, ყოველდღიური გამოყენებისთვის Archive ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ როდესაც ისტორიული შინაარსის ინფორმაცია გჭირდებათ, მაშინ ეს სისტემა აუცილებლად გამოგადგებათ.
Archive-ს უპირატესობებიდან აღსანიშნავია, რომ აქ შეგიძლიათ ტექსტის, ახალი ამბების, დაარქივებული ვებსაიტებისა და კიდევ ბევრი რამის მოძებნა.
რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დიდი რაოდენობით დაარქივებულმა მასალამ, შესაძლოა, ძიების პროცესი ნაკლებად ეფექტური გახადოს.
ასე რომ, თუ Google მუშაობას შეწყვეტს, შეძლებთ ზემოთ ჩამოთვლილი საძიებო სისტემებით ისარგებლოთ. მე კი ვიქნები მიკერძოებული და გირჩევთ რომ გააკეთოთ მწვანე არჩევანი და ისარგებლოთ Ecosia-თი, რადგან, თუ მიმდინარე ხარვეზებს გავითვალისწინებთ, ზუსტად არავინ იცის, როგორ შეიძლება გაგრძელდეს Google-ის მონოპოლია საძიებო სისტემების ბაზარზე.
კომენტარები