გაერომ მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიამ კენჭი უყარა მარიხუანას საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოღების საკითხს. გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანა ამოღებულ იქნა 1961 წლის ერთიანი კონვენციიდან, რომელიც საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს აკონკრეტებს. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს მასშტაბით მარიხუანას კვლევასა და სამედიცინო გამოყენებაზე.
აქამდე, ამ კონვენციაში მარიხუანა ჰეროინის, მეტადონის, ოპიუმის, მორფინისა თუ კოკაინის გვერდით მოიხსენიებოდა. 53 წევრისგან შემდგარმა კომისიამ კი მარიხუანას რეკლასიფიკაციის საკითხი განიხილა. ხმები ასე გადანაწილდა — 27 მომხრე და 25 წინააღმდეგი (უკრაინის წარმომადგენელმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა).
აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა მარიხუანას საშიში ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოღების მომხრე იყო, ხოლო ჩინეთი, პაკისტანი და რუსეთი იმ ქვეყნების ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ განხილვას სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენების შესაძლებლობის გაჩენა ედო საფუძვლად.
”მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვანიშნებს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია მთელს მსოფლიოშია მოსალოდნელი", — განაცხადა ჯესიკა სტეინბერგმა, მარიხუანას საკონსულტაციო ფირმა Global C-ის მმართველმა დირექტორმა. თუმცა მან დასძინა, რომ "ეს მომენტი შეიძლება წყალგამყოფი აღმოჩნდეს".
კომენტარები