ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ბავშვების განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ — ცენტრმა მუშაობა შეზღუდვების გამო შეაჩერა
28 ნოემბერს დაწესებულ შეზღუდვებს, შესაძლოა, ინფიცირებულთა სტატისტიკაში დადებითი ცვლილებები გამოეწვია, თუმცა რეგულაციებმა არაერთი სფერო დააზარალა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ერთადერთი პრობლემა არ არის — კოვიდრეგულაციების პირობებში მოსახლეობა ხარისხიანი განათლების მიღებისა და სამსახურის შენარჩუნებისთვისაც იბრძვის.
ნატალია პატარიძემ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი 2014 წელს დააფუძნა. იგი ხელოვნებათმცოდნეა და ცენტრის მიზანიც სწორედ ესაა — ასწავლოს ბავშვებს ხელოვნების საშუალებით საკუთარი აზრის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაფიქსირება.
ნატალიამ ცენტრში 30 ქალი დაასაქმა. ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რადგან ქალების ქალების ეკონომიკური გაძლიერება სურდა.
"პირადად ჩემმა ხმამ ოჯახშიც და გარეთაც ლეგიტიმაცია შეიძინა მაშინ, როდესაც ეკონომიკურად გავძლიერდი. მიმაჩნია, რომ ქალების განათლებაც და ეკონომიკური გაძლიერებაც არის ქალების გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მათი სიძლიერის ხარისხის განმაპირობებელი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო, რომ დამეფუძნებინა ორგანიზაცია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გააძლიერებდა ქალებს და შემექმნა მათთვის კომფორტული გარემო. ამ ეტაპზე კრიზისულ მდგომარეობაში ვართ და ის, რაც შევძელით, არის ფაქტობრივად გადასარჩენი", — გვიყვება ნატალია.
ბრძოლა განათლებისთვის
ნატალიასთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ძალადობა — იგი 16 წლის ასაკში დაქორწინდა და 5 წელი გაატარა იქ, სადაც განათლების მიღებისა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
"მქონდა ბრძოლა განათლების უფლების მოსაპოვებლად, უდიდესი წნეხი მქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელმისაწვდომობა არ მქონდა, ფაქტობრივად, არაფერზე. განათლებასაც იმიტომ მიკრძალავდნენ, რომ ეკონომიკურად არ გავძლიერებულიყავი და ჩემს სიტყვას ლეგიტიმაცია არ ჰქონოდა. ამ ყველაფერს "კანონზომიერად", სამწუხაროდ, მოჰყვა ფიზიკური ძალადობა. ადრეულ ასაკში ქორწინება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებაში იწვევს ამ მახინჯ ფორმებს და მეც ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდი, ვისაც ამის გავლა მოუწია", — გვიყვება ნატალია.
მიუხედავად სახლში ხელოვნურად გადატვირთული გრაფიკისა, ნატალია განათლების მიღებას მაინც ცდილობდა. გამოცდებზე გასვლას და სასწავლო პროცესებში ჩართვას უდიდესი ბრძოლის ფასად ახერხებდა.
"პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ორშვილიანი ქალის სწავლა არავის გაუგონია, ორშვილიანი ქალის ფუნქცია არის დედობა და ოჯახის მიხედვა. მე რა მჭირდებოდ,ა არავის უკითხავს", — გვიყვება ის.
ქალების დასაქმება და პანდემია
მას შემდეგ, რაც ძალადობას თავი დააღწია, ნატალიამ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დააფუძნა. იქ დასაქმებული ქალების უდიდესი ნაწილისთვის ეს პირველი სამსახური იყო. ცენტრი უკვე 6 წელია ფუნქციონირებს და როგორც ნატალია გვიყვება, პროგრესი თავდაპირველად მოსულ თანამშრომლებსა და მათ ახლანდელ სახეს შორის თვალსაჩინოა. ახლა მას ბრძოლა ამ ქალებისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად და მათი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის უწევს.
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქციონირების მხრივ პირველად პრობლემა გაზაფხულზე დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობამ შეუქმნა. ცენტრი, რომელიც მოსწავლეებს სახელოვნებო დარგებს შეასწავლის, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არ არის გათვლილი. ნატალიას თქმით, ამ შემთხვევაში განათლების მსგავსი ფორმატი არაეფექტურია, ასევე, არ არის ორიენტირებული ხარისხზე.
თუმცა, მიუხედავად კოვიდრეგულაციებისა, ცენტრში მომუშავე ქალებმა, ხატვის პედაგოგებმა, რომელთაც კერვა ეხერხებოდათ, რთული პერიოდის გადასატანად და შემოსავლის წყაროს შესანარჩუნებლად მრავალჯერადი პირბადეების დამზადება და რეალიზაცია დაიწყეს. ამით ცენტრში მომუშავე ქალების ნაწილს შეუნარჩუნდათ შემოსავლის წყარო, თუმცა არა ყველა მათგანს. ნატალიას თქმით, იმ მოცემულობის წინაშე დადგნენ, რომ ამ საქმიანობაში ჩაერთოთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა.
"ეს სპეციფიკური სფეროა, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ თეორიული ნაწილის შესწავლას, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს პედაგოგთან უშუალო კავშირი ჰქონდეს და ამ დრომდე არ არსებობს პროტოკოლი, ფორმა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ წარმართოს საგანამანთლებლო პროცესი და ის ადამიანები, რომლებიც მომავალში ამ სფეროს პროფესიას უკავშირებენ, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ", — ამბობს ნატალია.
მუშაობა და სწავლა დისტანციურად
სასწავლო ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც 500-მდე ბავშვსა და 30 დასაქმებულ ქალს აერთიანებს, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეჩერებულია და დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
"ვცდილობთ ვიმუშავოთ, თუმცა ველოსიპედის გამოგონების პროცესში ვართ, რადგან არ არსებობს ამის პრაქტიკა. დისტნაციურად ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია და ამაზე არ ვსაუბრობ. საფრთხე იმ სფეროებს შეექმნათ, რომელთა ეფექტურობა დამოკიდებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე", — ამბობს ნატალია.
გარდა თანამშრომლებისთვის შემოსავლის წყაროს დაკარგვისა, როგორც უკვე ვთქვით, დისტანციური რეჟიმი სწავლის ხარისხზე ახდენს პირდაპირ გავლენას. ნატალია ამბობს, რომ ამ სფეროს შესაბამისი უწყებებისგან ყურადღება არ ექცევა. ის გვიყვება, რომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მისწერა წერილი კულტურის სამინისტროს და შესთავაზა სწავლების საკუთარი მოდელი, თუმცა ქუთაისის სასწავლო ცენტრი დღეს იგივე მოცემულობის წინაშე დგას.
"9 თვის განმავლობაში კულტურის სამინისტრომ არ იფიქრა, რომ ვინც სახელოვნებო დარგების მიმართულებით სწავლობდა, მათთვის რაიმე ფორმა მოეფიქრებინა, რათა განათლების ხელმისაწვდომობა ყოფილიყო თანაბარი, ეს კონსტიტუციური უფლება უნდა არსებობდეს ყველასთვის", — აცხადებს ცენტრის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სასწავლო ცენტრში მოსწავლეები არამხოლოდ ხელოვნების დარგებს, არამედ ხელოვნების ფორმით საკუთარი მოქალაქეობრივი შეხედულებების გადმოცემასაც სწავლობენ — იქნება ეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, აქტივიზმი, გენდერული თანასწორობა თუ სხვა.
"ხელოვნებამ ძალიან ბევრი სათქმელის გამოთქმა შეძლო, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით და ძალიან ბევრი სტერეოტიპის დანგრევის საფუძვლად იქცა. ეს ის ფუნქციაა, რაც ხელოვნებას საუკუნეების მანძილზე ჰქონდა — შეეცვალა საზოგადოება", — ამბობს ნატალია.
ონლაინსწავლება არაფორმალურ განათლებაში ბევრ წინაღობას ქმნის და ეს არ ეხება მხოლოდ სწავლის ხარისხს. ქვეყანაში ყველა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს მსგავსი სწავლებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები.
"ტექნიკის მხრივ პრობლემები განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებს ექმნებათ. დისტანციური სწავლების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მოსწავლისთვის ერთი ოთახი მაინც იყოს განკუთვნილი. როდესაც ოჯახს 3-4 შვილი ჰყავს, ძალიან რთულია გამოიყოს სივრცე და ბუნებრივია, ამ მხრივაც იქმნებოდა პრობლემა, რომ გაეკეთებინა მშობელს არჩევანი — არა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რა იყო მათთვის სავალდებულო", — ამბობს ნატალია.
ქუთაისის კულტურის ცენტრში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამას გარდა, ისინი უსაფრთხოების ყველა წესსა და ნორმას ზედმიწევნით იცავდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ შეეხო ცენტრს შეზღუდვები.
"არსებობს კორეული მოდელი, როგორ წარიმართოს სახელოვნებო დარგები; არსებობს იაპონური მოდელი და ძალიან ბევრი ფორმა შეიმუშავა მსოფლიომ იმისთვის, რომ გამკლავებოდა პანდემიას და არ ჩაეგდო საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან არაფრის გათვალისწინება არ მოხდა და ეს არის ძალიან სავალალო, რადგან ჩვენ მართლა ვკარგავთ იმ ბავშვებს, რომელთაც სურდათ ამ მიმართულებასთან დაეკავშირებინათ საკუთარი მომავალი. გარდა ამისა, ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა მართლა შეძლო 7 წლის მანძილზე მის ირგვლივ გაეერთიანებინა ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ დემოკრატიული პრინციპები, ფასეულობები. ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იკარგება ლოქდაუნის მეშვეობით და ეს არ არის ის სფერო, რომელიც ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ უცებ აღდგება", — ამბობს ნატალია.
ცენტრის დანიშნულებისა და ეფექტიანობის შესახებ წარმოადგენის შესაქმნელად, ალბათ, გამოცემა მედუზას მხრიდან მათთვის შეთავაზებული პროექტის ხსენებაც საკმარისი იქნება.
"2019 წელს, პარიზში, გამოფენაზე მივიღეთ შემოთავაზება გამოცემა მედუზასგან, რომლის საშუალებითაც ითარგმნებოდა ქართული ხალხური ზღაპრები და მათ შორის იყო გვრიტი. ჩვენ გავაფორმეთ ეს წიგნი ილუსტრაციებით. წიგნი 2020 წლის პარიზის წიგნების საერთაშორისო ბაზრობაზე უნდა გამოფენილიყო, რომელიც, სამწუხაროდ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩაიშალა. ზაფხულში ეს ილუსტრაციები პარიზის მეტროში იყო გამოფენილი 2 თვის მანძილზე. მოგვიანებით კიდევ მივიღეთ ახალი წიგნის შემოთავაზება და ამაზე მუშაობა ვერ შევძელით. ფაქტობრივად, მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის პროექტები გაგვიჩერდა", — ამბობს ნატალია.
რა თქმა უნდა, აღნიშნულმა მოსწავლეების დემოტივაცია გამოიწვია. ამაზე იმოქმედა იმ სფეროების დისტანციურად შესწავლის მცდელობამაც, რასაც პედაგოგთან უშუალო კონტაქტი სჭირდება.
ამჟამად, ქუთაისის სასწავლო ცენტრი საახალწლო აქსესუარების დამზადებას გეგმავს, რათა ამით რამდენიმე თანამშრომელს მაინც შეუნარჩუუნდეს შემოსავლის წყარო. ნატალია იმედოვნებს, რომ ფანდრაიზინგის გზით ორი თვე მაინც მოხერხდება ამ ოჯახების გადარჩენა.
კულტურის სფერო არ არის ის ერთადერთი დარგი, რომელსაც კოვიდშეზღუდვების გამო ფუნქციონირების მხრივ პრობლემები შეექმნა. ამავე და უარეს მდგომარეობაშია არიან რესტორნების, ბარების, კლუბების, საკვები ობიექტების მფლობელები და თანამშრომლები და ეს ჩამონათვალი სრული ჯერ კიდევ არ არის. რეგულაციების პირობებში თვითდასაქმებულ ადამიანებსაც უწევთ საქმიანობაზე უარის თქმა. წინ დიდი ზამთარია, ამ ადამიანებს კი იმედად ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ასეული ლარის ოდენობით დახმარებას უსახავენ.
კომენტარები