2020 წლის მხოლოდ ნახევარში საქართველოში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ამდენი ძალადობის შესახებ აქვს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა სავარაუდოა, რომ მონაცემი გაცილებით მაღალია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, რა დროსაც ასეთი შემთხვევები იზრდება.

ცხადია ისიც, რომ მოძალადე უმრავლეს შემთხვევაში კაცია, მსხვერპლი კი — ქალი. ქალებზე ძალადობენ შეყვარებულები, ყოფილი შეყვარებულები, ქმრები, ყოფილი ქმრები, ძმები, მამები; ქალებზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, სექსუალურად, ფიზიკურად; ქალებს კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან.

ძალიან ბევრი ქალი დღემდე ძალადობის მსხვერპლია, ბევრი ახლა იბრძვის მოძალადისგან თავის დაღწევისთვის, ბერმა კი უკვე შეძლო ეს. On.ge ესაუბრა იმ ქალებს, რომლებმაც ძალადობა გამოიარეს, მოძალადეებს თავი დააღწიეს და მზად არიან, თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ, რათა სხვა ქალების ბრძოლა შედარებით მარტივი გახდეს.

"შეიძლება დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მაინც დადგება დრო, როცა იგრძნობთ თავისუფლებას"

ნინო (სახელი შეცვლილია) 18 წლის იყო, როცა იქორწინა. ქმარმა პირველად ჯვრისწერის დღეს დაარტყა. ძალადობა 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ის იყო ლუდომანი და მთელი მისი ცხოვრება, დღის რეჟიმი, ცხოვრების წესი ეფუძნებოდა თამაშს. მისი ქცევაც და ხასიათიც იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად გაუმართლებდა ან არ გაუმართლებდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის გარეშე ის მოძალადე არ იქნებოდა. 4 თვის ორსული მცემა და მეგონა, ბავშვს დავკარგავდი. 5 თვის ორსული როცა ვიყავი, თმებით მათრია იატაკზე. 8 თვის ორსული ვიყავი, სახლიდან ფეხით რომ გამოვიქეცი, ღამის ორ საათზე. დილის 6 საათამდე ეკლესიის ეზოში ვიჯექი. სანამ ჩემი შვილი გულზე არ დამაწვინეს, მანამდე არ მჯეროდა, რომ ჯანმრთელი იქნებოდა", — გვიყვება ნინო.

ფოტო: learningtoendabuse.ca

იხსენებს, რომ ყველაზე ხშირად სახეში ან თავში არტყამდა მუშტს, ყბებზე უჭერდა ხელს და ანჯღრევდა. იყო ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობაც. უცემია ქუჩაშიც.

ვფიქრობდი, იქნებ გამოსწორდეს, იქნებ შევძლოთ-მეთქი. ამ ცდაში და მოლოდინში სრულიად დავკარგე საკუთარი მე — ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი, კარგი მოსწავლე, დაფინანსებით ჩავაბარე, ცეკვა მიყვარდა. ყველაფერი გაქრა.

"სიტყვები: "არა", "მტკივა", "შეუძლოდ ვარ", "დავიძინოთ" ჩვენთან არ არსებობდა. ფიზიკურად წინააღმდეგობას არ ვუწევდი, ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამას. იმის გამოც დაურტყამს, რატომ არ გინდა სექსიო. მისთვის გაუგებარი იყო, რატომ შეიძლება არ გინდოდეს იმ ადამიანთან სექსი, რომელმაც დილით გცემა".

ამბობს, რომ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად უჭირდა და სულ ფიქრობდა, რატომ დაემართა ეს. თანაგრძნობას ვერავისგან გრძნობდა, რადგან მისთვის სრულიად უცხო წრეში იყო და როგორც ამბობს, ამ წრეში მისი ქმრის ქცევა ნორმად აღიქმებოდა.

"რჩები სრულიად მარტო, ეგ არის ყველაზე მტკივნეული. ვერავის ეუბნები ამას. მაშინ მეგონა, რომ საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, როცა ასეთი ადამიანის გვერდით ჩერდები. მეგონა, ძალიან უთავმოყვარეო ადამიანი ვიქნებოდი, თუ ამაზე სხვებთან ვილაპარაკებდი. ვცდილობდი, ჩვენი ურთიერთობა შემელამაზებინა სხვების თვალში".

ამბობს, რომ მშობლებისთვის მოყოლა არ უნდოდა, რადგან ისინი ისედაც ნერვიულობდნენ ოჯახის შექმნაზე ნინოს გადაწყვეტილების გამო — მათ სურდათ, სწავლა გაეგრძელებინა. ნინო ფიქრობდა, რომ თავის ნაბიჯზე ბოლომდე უნდა აეღო პასუხისმგებლობა.

სამსახური რომ დავიწყე, მერე ნელ-ნელა დავდექი ფეხზე, სულიერად დავიბადე თავიდან. ვისწავლე დამოუკიდებლობა, გულიანად ღიმილი, ვირწმუნე, რომ რაღაცა შემიძლია, გამოცდა ჩავაბარე მაღალ ქულებზე და სხვების დამოკიდებულება ვიგრძენი, რომ კარგი ვარ.

"დედა სულ ატყობდა, რომ არ ვიყავი კარგად. ერთხელ ჩამოვიდა და მითხრა, როცა ტელეფონში მელაპარაკები, სუნთქვის დროსაც ვხვდები, რომ რაღაც გიჭირს, დღესვე შეგიძლია ადგე და წამოხვიდეო. ჩემების მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ამ ნაბიჯს თუ გადავდგამდი. ეს იყო ძალა და იმედი, რის გამოც ავდექი და წამოვედი".

მოძალადე ქმრისგან წამოსვლის მიზეზი ისიც იყო, რომ არ სურდა, ძალადობა მათი შვილისთვისაც ნორმა ყოფილიყო.

ფოტო: Shutterstock

"ვერასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს, რომ ჩემს შვილს ფსიქიკა დაზიანებოდა და მამამისისნაირი გამხდარიყო, რადგან მამამისი არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური მოძალადე".

ძალადობის 4 წლის შემდეგ ნინო მშობლებთან, გურიაში დაბრუნდა. სტერეოტიპებიდან გამომდინარე, არც რეგიონში დაბრუნება იყო მარტივი, ყველაფერი აკომპლექსებდა, მაგრამ მშობლების მხარდაჭერამ გააძლიერა.

როგორ მარტოც არ უნდა იყოთ, იცოდეთ, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ დადგება ის მომენტი, ის დღე, როცა იგრძნობთ თავისუფლებას, დაიბრუნებთ იმ თვისებებს, რაც წაგართვეს.

ყოფილი ქმარი მის კონტროლს, შანტაჟს აგრძელებდა. მიდიოდა სამსახურშიც, ემუქრებოდა და ხელმძღვანელობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვდა. ერთხელ, როცა გურიაში ჩავიდა და ნინოს კვლავ დაარტყა, ქალი მშობლებთან მივიდა და უთხრა, რომ მასთან არასდროს დაბრუნდებოდა. მოძალადე ქმარი, საბოლოოდ, მამის მუქარის შემდეგ ჩამოშორდა. პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ფიქრობს, რომ ამას მაშინ შედეგი არ ექნებოდა.

ნინო ახლა 27 წლისაა და გურიაში, მშობლებთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქალებმა, რომლებიც ახლაც ძალადობის მსხვერპლები არიან, უნდა დაიჯერონ, რომ უკეთესი დღეები იქნება, თავისუფლების მოპოვებას შეძლებენ და დაიბრუნებენ იმ თვისებებს, რაც მოძალადეებმა წაართვეს.

"ბევრჯერ იმედი დამიკარგავს, მაგრამ არასდროს მინანია იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა"

მარიამი (სახელი შეცვლილია) 21 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა ბიჭთან, რომელსაც 13 წლიდან იცნობდა. ფიქრობდა, რომ ყველა გამოწვევისთვის მზად იყო, თუმცა პირველი, რასაც სიყვარულის სახელით შეეჩეხა, სექსუალური ძალადობა იყო.

"ზოგი გაუნათლებლობას მიაწერს, ზოგი უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, მაგრამ ჩემთვის ქმართან თანაცხოვრება მართლაც სისხლითა და ცრემლით დაიწყო. ეს ნორმალური მეგონა მაშინ და მხოლოდ წლების შემდეგ შევძელი რეალური სახელი მეწოდებინა. ერთ თვეში გავიგე რომ ორსულად ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მისი ოჯახისთვის პერსონა ნონ გრატა ვიყავი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, მუცელი მომეშალა", — გვიყვება მარიამი.

ფოტო: Getty Images

ამის შემდეგ დაშორება გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო — დედა "განათხოვარს" უკან ვერ მიიღებდა და "თავს ვერ შეირცხვენდა". ქმარი დარჩენას სთხოვდა და გამოსწორების პირობას იძლეოდა. მარიამი არ მუშაობდა, შემოსავალი არ ჰქონდა. დარჩენა გადაწყვიტა.

ვიცოდი, ყველაზე ძვირფასს, საკუთარ თავს ვკარგავდი, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა იმაზე ფიქრისთვისაც კი, თუ როგორ დამეღწია თავი ამ ჯოჯოხეთისთვის. მხოლოდ ოცნებები მქონდა: მინდოდა საკუთარი სახლი მქონოდა, რომ მე და ბავშვს ისე ხმამაღლა და გულიანად გვეთამაშა, როგორც მამამისის სახლში ვერ ვახერხებდით. ამ ოცნებებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი.

სტრესის გამო, მთელი მეორე ორსულობა ბავშვის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. პარალელურად, სახლს ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა და ცდილობდა, "კარგი ცოლი" ყოფილიყო.

"ამ პერიოდში ჩემმა ქმარმა სხვა ქალებთან დაიწყო სიარული. ისევ ვცადე წასვლა და ისევ არ გამომივიდა. მშვიდად ვესაუბრებოდი და ვცდილობდი გამეგებინებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ მას ნერვები მოეშალა და ჯერ დამარტყა, შემდეგ კი გამაუპატიურა. იმავე დღეს საკმაოდ რთული მშობიარობა მქონდა. ორი თვე ფეხზე წამოდგომა მიჭირდა".

გადაწყვიტა, რომ ეს იყო მისი ცხოვრება და უნდა შეგუებოდა ყვირილს, ლანძღვას, შეურაცხყოფას, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა.

"ჩემდა საბედნიეროდ, მას როგორც ქალი აღარ ვადარდებდი და ძალიან იშვიათად ვახსენდებოდი. ვგრძნობდი, საკუთარ თავს ვკარგავდი — ვხდებოდი ის, ვინც არასოდეს ვყოფილვარ, ხელებჩამოშვებული, მშიშარა, შერცხვენილი, მსხვერპლი ქალი, ვინც არავის სჭირდებოდა".

თუმცა მაშინ მიიჩნევდა, რომ მისი და ბავშვის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყო. ყოველ დღე ესმოდა, როგორი "არარაობა" იყო.

"სიტყვის შებრუნებას თუ გავბედავდი, ყელში მწვდებოდა და ისე მომისვრიდა, თითქოს საგანი ვყოფილიყავი, ის მე ადამიანად არ მთვლიდა. ასე გადიოდა წლები. მე რობოტად ვიქეცი. თითქოს ვეღარც ვგრძნობდი, ვეღარც მტკენდნენ, ვეღარც მაწამებდნენ".

სამი წლის შემდეგ მარიამმა მუშაობა და ფულის შეგროვება დაიწყო, ქირით ცალკე გადასვლა ჰქონდა განზრახული. მალე ქმარი საზღვარგარეთ წავიდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები ძალადობას აგრძელებდნენ. ცოტა ფული რომ შეაგროვა, მეგობართან და შვილთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ერთდროულად სამსახურის და ბავშვის მოვლა ძალიან უჭირდა, სამსახურში არ უჯერებდნენ, როცა ბავშვი ავად ხდებოდა და გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ახალ ურთიერთობებს ვერ იწყებდა, რადგან ყველა კაცის ეშინოდა.

ბევრჯერ იმედიც დამიკარგავს და სრულიად მარტოს ბალიშიც დამიღრღნია სიმწრისგან, მაგრამ არასდროს, არც ერთი წამით არ მინანია იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა.

მალე ყოფილი ქმარიც ჩამოვიდა უცხოეთიდან და დაემუქრა, თუ არ დაბრუნდები, მოგკლავო.

"მთელი არსებით ვცახცახებდი, თან მეშინოდა, თან ბრაზი მახრჩობდა. ისევ არ მქონდა სხვა გზა და ვცდილობდი არჩეული გზიდან არ გადამეხვია, ის კი მუქარას არ წყვეტდა, მისი ოჯახის წევრებიც ჩაერთვნენ და ბავშვის წართმევით მემუქრებოდნენ. მეორედ ისევ ძალადობრივი ურთიერთობა დავიწყე. როგორც ჩანს, ერთხელ თუ შეხვედი ამ დაწყევლილ წრეში, შეიძლება ფიზიკურად გამოხვიდე, მაგრამ ფსიქიკა იცვლება, ქცევა იცვლება. მივხვდი, დახმარება მჭირდებოდა და ფსიქოლოგთან მივედი. საკმაოდ რთული გზა გავიარე. ბევრჯერ არც საჭმელი გვქონია და არც თავშესაფარი მე და ჩემს შვილს, მაგრამ ვიცოდი, რომ ვეღარ მომწვდებოდნენ და თუ მომიახლოვდებოდნენ, თავს დავიცავდი, თუმცა ამის წარმოდგენაზეც კი მაცახცახებდა".

ფოტო: www.dailycal.org/

მომდევნო წლების მანძილზე ფსიქოლოგის და რამდენიმე მეგობრის მხარდაჭერით ფეხზე წამოდგა. ამბობს, რომ საკუთარი დაჩეხილი, დანაწევრებული თავის შეკოწიწება დაიწყო და დღეს სარკეში როცა იხედება, იცის, რომ არც მახინჯია, არც უჭკუო, არც სულელი და არც არარაობა. ახლა შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს.

"მე ქალი ვარ, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა და არც არავინ ჰყავდა გვერდით, რომ აეხსნა. დღეს ძალიან ამაყი ვარ საკუთარი თავით. ჩემი შვილი ხედავს დედას, რომელსაც შეიძლება ეშინოდეს, მაგრამ რაც საჭიროა, მაინც გააკეთებს. მე კი ვხედავ ქალს, რომლის თავზეც უამრავმა წისქვილის ქვამ იტრიალა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა. ახლა მხოლოდ ერთი რამ ვიცი ზუსტად: არასდროს არავის მივცემ უფლებას ჩემს შვილს ასე მოექცეს".

"ჩემი ეშინია და ეს უკვე არის შედეგი"

სოფიოზე მამა და დედა ძალადობდნენ. გვიყვება, რომ მამა, ძირითადად, დედაზე ძალადობდა, თუმცა პერიოდულად მასაც სცემდა, რადგან გაშველებას ცდილობდა. ყოფილა შემთხვევები, როცა დედასაც უცემია, მამის დავალებით. მოძალადე მამას შვილი არაერთხელ სახლიდანაც გაუგდია. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. პირველად პოლიციას რომ მიმართა, 18 წლის იყო. მამამ ისევ სცემა დედა, სოფიომ მისი შეჩერება სცადა და კაცმა დაარტყა. ასე აღმოჩნდა პირველად პოლიციაში, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ მამისთვის უნდა მოეთმინა და არ უნდა გაეწირა. კაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.

ფოტო: Facebook

ძალადობის მორიგი შემთხვევა დედამ პოლიციაში ისევ არ დაადასტურა, სამართალდამცავებს კი მისი დაცვისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

სოფიო სასწავლებლად და საცხოვრებლად თელავში გადავიდა, დამოუკიდებლად ცხოვრება სცადა.

"მინდოდა დედაჩემისთვის მეჩვენებინა, რომ დამოუკიდებლადაც შესაძლებელია ცხოვრება, მოძალადე მამაჩემის გარეშე და ის შიში, რომ ბავშვები მშივრები დარჩებიან, მხოლოდ მიზეზია".

მამის და დედის სახლში, ფაქტობრივად, აღარ მიდიოდა. ერთხელ უმცროსმა დამ დაურეკა, მამამ ისევ სცემა დედა და ცალ ყურში აღარ ესმისო. 112-ში არ დარეკა, შეეშინდა — პოლიცია რომ მისულიყო, მამა მიხვდებოდა, უმცროსმა დამ რომ დაურეკა და მასაც სცემდა. უკვე კარანტინი იყო და ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ამიტომ ჯერ პოლიციაში მივიდა, შემდეგ კი თელავიდან დედოფლისწყაროში ფეხით გაემართა. სახლში მისულს, პოლიცია ადგილზე დახვდა, მაგრამ სოფიო ამბობს, რომ რადგან დედამ ძალადობა ისევ უარყო, რეაგირება არ მოახდინეს.

დღემდე შიში მაქვს ადამიანების. მთელი ერთი წელი იმაზე ვმუშაობდი ფსიქოლოგთან ერთად, რომ ჩახუტება შემძლებოდა, იმდენად ტრავმულია ჩემთვის ის, რომ ვიღაც ახლოს მოდის და მით უმეტეს, მეხება.

მარიამმა გენინსპექციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და სახალხო დამცველთან დარეკა.

"ჯოჯოხეთური სამი დღე გავიარე. სამართალდამცავებმა ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს, რომ ორჯერ დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება — რაღაც არაადამიანური დამოკიდებულება იყო და მამაჩემის მიმართ სოლიდარობა. ზოგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული ჰქონდა, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის დარღვევას. მაგრამ იმის გამო, რომ წარსულში ორდერი არსებობდა, დამიდგინდა მსხვერპლის და დაზარალებულის სტატუსი".

მამა არ დაუკავებიათ, თუმცა სახელმწიფომ მსხვერპლად აღიარა სოფიოს დაც და დედაც.

"მეორე და სასამართლოში რომ გამოვიდა, მოსამართლეს ეკითხება: ქალბატონო მოსამართლევ, ყველა ოჯახში ასე არ ხდება? თქვენს ოჯახში ასე არ ხდებაო? იმის გააზრებაც არ შეუძლია, რომ სხვაგან ნორმალური ცხოვრება არსებობს".

მსხვერპლის სტატუსის გამო ფსიქოლოგთან უფასო კონსულტაციის საშუალება მიეცა, ასევე, იმედი აქვს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ქირით დაეხმარა. მაინც კმაყოფილია — ამბობს, რომ ამას დაუღალავი შრომით მიაღწია და მთავარია, მის დას იგივე გარემოში არ მოუწიოს ცხოვრება.

რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით შემხვდა გზაზე და უბრალოდ გამომხედა. საერთოდ არ შემშინებია, პირიქით, მის თვალებში დავინახე შიში — ჩემი ეშინია, მაგას ვგრძნობ და ვხვდები. ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის შედეგი.

სოფიო ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, სტიპენდიანტია. ფსიქოლოგის ჩარევის შედეგად, შიშები და პანიკური შეტევები გადალახა. ამბობს, რომ საკუთარი თავით კმაყოფილია, რადგან მაინც ბევრი რამ შეძლო. არ აპირებს გაჩერებას და არც განვლილ ძალადობაზე საუბრის რცხვენია.

"ადამიანების ნაწილი მოძალადეებს ამართლებს იმ მოტივით, რომ შეიძლება ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო. მაგრამ არის განსხვავება იმ ადამიანს შორის, რომელიც გააზრებულად იქცევა ასე და იმას შორის, რომელსაც სურს შეიცვალოს. მეც ვიყავი მთელი ბავშვობა ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არასწორია და მინდა, გამოვასწორო. დედაჩემმა რამდენჯერმე მიმატოვა, საერთოდ ინსტინქტებსაც კი არ ექვემდებარებოდა მისი საქციელები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლის, აღარ იქნება გულსატკენი, მაგრამ არ მინდა, რომ თუნდაც ჩემი დები და ძმა მაგ გარემოში იყვნენ".

მარიამი ამბობს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ბებო იყო და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთი მებრძოლია.

"მოძალადეები, საბოლოოდ, მშიშრები არიან"

ლია 20 წლის იყო, როცა ქმარმა პირველად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს ოჯახის შექმნიდან ერთი თვე იყო გასული და ქალი ორსულად იყო. მალე მდგომარეობა გაურთულდა და ორსულობა შეწყდა. ქმარი ყოფილი სპორტსმენი იყო. ლიას წამოსვლა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. თან იმ დროს საქართველოში არ ცხოვრობდნენ.

მალე ძალადობა სისტემატური გახდა და კიდევ უფრო გახშირდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამას კი მოჰყვებოდა მონანიება, ბოდიშის მოხდა და თხოვნა, რომ ლია არ წასულიყო. ძალადობას რამდენჯერმე შეესწრნენ ბავშვებიც. იყო შემთხვევა, როცა ქმრის დედამაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კაცი პოლიციაში წავიდა სამუშაოდ — ერთ-ერთი რაიონის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გახდა. ლიაც მუშაობდა, მეტიც, ძირითადად, ლიას ფინანსებით ინახავდნენ თავს.

მალე ქალის მდგომარეობა უფრო გართულდა, რადგან ქმარმა ახლა სამსახურის გამოყენებით დაიწყო ძალადობა, ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. მაგრამ მერე სხვა ადამიანთან გადაწყვიტა ცხოვრება და წყვილი დაშორდა. ლიას ეგონა, ამით ყველაფერი დასრულდა. თუმცა ყოფილი ქმარი თავს არ ანებებდა, იყენებდა თავის თანამდებობას, აკონტროლებდა მის ცხოვრებას, უსმენდა ტელეფონზე და ემუქრებოდა.

ვერ წარმომედგინა, რომ ოჯახი შეიძლება დანგრეულიყო. ვთვლიდი, რომ სანამ ჩემი მეუღლე ერქვა ამ ადამიანს, ამაზე ხმამაღლა არ უნდა მესაუბრა. თან სულ პრობლემებში იყო გახვეული და მეგონა, ძალიან ცუდი ადამიანი ვიქნებოდი, თუ მივატოვებდი.

"იყო მუდმივი მუქარები, რომ მე თუ გადავწყვეტდი, რომ პირადი ცხოვრება მქონოდა, ამ შემთხვევაში ნაწლავებს დამაჭერინებდა ხელში, ვინც შენს გვერდით იქნება, შენც და იმასაც გადაგყრით მტკვრიდანო. პერიოდულად მოდიოდა და თავს მოვიკლავ, ცუდად ვარ, არაფერს შენ ზედმეტს არ გაბედავ, თუ გაბედავ, პირველი მე უნდა მითხრაო", — გვიყვება ლია.

ცდილობდა ამისთვის ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ახლა ამბობს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალები და საჭირო იყო ამაზე ყურადღების უფრო მეტად გამახვილება.

"ამ მუდმივი კონტროლის და ადევნების გამო სულ შიშის ქვეშ ვიყავი. სად მივდიოდი, რას ვაკეთებდი, ვის ვესაუბრებოდი, ყველაფერი იცოდა. აღარაფრის უფლება აღარ მქონდა, აღარც ვარჯიშზე სიარულის".

ამას ემატებოდა ისიც, რომ ლიას უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მეტწილად, წარსულში ქმრისთვის დახმარების გამო. სამი წლის დაშორებულები იყვნენ, როცა ბავშვების უზრუნველყოფაში ყოფილ ქმარს დახმარება სთხოვა. ამან კაცის გაღიზიანება გამოიწვია, მივიდა ლიას სამსახურში, ძალით ჩასვა მანქანაში და გაიტაცა.

"მამა მყავდა 3 თვის გარდაცვლილი და მის საფლავზე ამიყვანა. იქვე ბაბუის საფლავიც იყო და მითხრა, აარჩიე, სად გინდა მოგკლა, მამის თუ ბაბუის საფლავთანო. ფეხებში მესროლა იარაღი, მაგრამ როცა დაინახა, რომ ვერ გამტეხა და ვერ შემაშინა, დაიწყო პანიკები, მე ვაპირებ თავის მოკვლასო. მე გამოვიჩინე სისუსტე, შევეწინააღმდეგე, არ მინდოდა, გაესროლა".

ლია გვიყვება, რომ იმ ღამის შემდეგ პოლიციაში წავიდა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. ორდერი ჯერ კიდევ არ იყო გამოწერილი, როცა მისმა ყოფილმა ქმარმა ამის შესახებ გაიგო და ისევ ლიას სახლში მივიდა, სადაც შვილები, ასევე, ქალის დედა და დეიდა დახვდნენ. ლია ამ დროს ისევ პოლიციაში იყო, მეორედაც მოუწია მისვლა. მისი სახლიდან 112-ში ზარი რომ შევიდა, იქ გაიგო.

"რაციაში შემოვიდა ხმა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახებულია პატრულიო და თქვეს ჩემი მისამართი. მივარდა სახლში და ყვიროდა, როგორ გავბედე და დავწერე შემაკავებელი ორდერი. მას შემდეგ, რაც ადგილზე გაირკვა, რომ პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, წაგვიყვანეს პროკურატურაში. აღიძრა საქმე და 6 თვის შემდეგ დააკავეს".

ლიას თქმით, კაცის გარშემომყოფები ურჩევდნენ, რომ სამართალდამცავებისთვის არ მიემართა. შესაბამისად, ლიას ჩვენებით იარაღის ფაქტი, ასევე, უკანონო მოსმენა არ დადასტურდა. საბოლოოდ, ყოფილი ქმარი მხოლოდ 6 თვის შემდეგ დააკავეს და მინიმალური სასჯელი, 1 წელი მისცეს.

მეგონა ძალადობის ფაქტები ხდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც ქალებს სხვა გამოსავალი არ აქვთ და ფინანსურად ან რაღაცნაირად მეუღლეზე დამოკიდებულები არიან; ისეთ ადგილებში, სადაც ოჯახის, მშობლების იმედი არ აქვთ; ან ქალს სამსახური არ აქვს და ა.შ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვითარება აბსოლუტურად განსხვავებული იყო და სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ამოვხსენი, რატომ გავხდი ძალადობის მისხვერპლი.

"სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ჩემი მიზანი არ იყო მისი ციხეში ჩასმა, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო ჩემი და ჩემი შვილების უსაფრთხოება და დღემდე ეგრეა — მინდა ვიყო უსაფრთხოდ. თავიდანვე დროული რეაგირება რომ მქონოდა, აქამდე არ მივიდოდა ეს ყველაფერი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი, 16 წელი ამაში დავხარჯე".

ფოტო: iStock

ლია ახლა შვილებთან ერთად ცხოვრობს. სასამართლოში კიდევ ერთი დავა აქვს, ამჯერად, ქონებრივი, მაგრამ თავს უკეთ გრძნობს და როგორც ამბობს, იწყებს ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას. ქალებს კი ურჩევს, რომ როცა ძალადობის პირველი ფაქტი მოხდება, დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ადამიანი არ "გამოსწორდება" და მიმართონ პოლიციას.

"თუ ხედავენ ძალადობის ნიშნებს, მიმართონ პოლიციას აუცილებლად, მინიმუმ შემაკავებელი ორდერი უნდა გააკეთონ, იმიტომ, რომ მოძალადეების მშიშრები არიან საბოლოოდ და სხვანაირად ვერ ჩერდებიან, ადამიანური დიპლომატიური საუბრები მაგათთან არ ჭრის".


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.

ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახური ძალადობაა და კანონით აკრძალულია.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.