ავტორი: ნინო მირზიკაშვილი

საერთაშორისო მიმოხილვა

ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა ინფექციურმა დაავადებამ (COVID 19) მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, და მათ შორის საქართველოც, უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. პანდემიამ, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, მრავალი პრობლემა შექმნა და COVID 19-თან გამკლავება თითოეული სახელმწიფოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა. ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, თუმცა, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, სწრაფად გავრცელდა. კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია ვრცელდება დაავადებული ადამიანის ხველების, ცემინების, ლაპარაკის და მასთან ახლო კონტაქტის გზით. 13 იანვარს, პირველად ჩინეთის საზღვრებს გარეთ, COVID 19 დაფიქსირდა ტაილანდში. 21 თებერვლის მონაცემებით, ევროპის 9 ქვეყანაში დადასტურდა COVID 19-ის 47 შემთხვევა. შესწავლილი 38 შემთხვევიდან 21 დაუკავშირდა ორ კლასტერს გერმანიასა და საფრანგეთში, 14 ადამიანი დაინფიცირდა ჩინეთში. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2020 წლის 30 იანვარს ვითარება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ COVID 19-ს ახასიათებს გადაცემის მაღალი სიხშირე, გამოვლენილ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია — უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე.

მნიშვნელოვანია, რომ ადრინდელი კორონავირუსის აფეთქებები ნაკლებად მასობრივი და მარტივი იყო. SARS კორონავირუსის (SARS-CoV) პირველი შემთხვევაც ჩინეთში დაფიქსირდა 2002 წლის ნოემბერში, ხოლო 2003 წლის რამდენიმე თვეში SARS-ის ეპიდემია სხვა ქვეყნებში და კონტინენტებზე გავრცელდა — მოიცვა 29 ქვეყანა (ძირითადად აზიის ქვეყნები, თუმცა კანადამდეც მიაღწია), დაინფიცირდა 8 ათასზე მეტი ადამიანი და მათგან 774 გარდაიცვალა. რაც შეეხება შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS ), იგი 2012 წლის შემოდგომაზე საუდის არაბეთში დაფიქსირდა და ნელ-ნელა მოედო სხვა ქვეყნების მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოს 2494 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, სულ გარდაიცვალა 858 ადამიანი, მათგან 780 — საუდის არაბეთში.

სპეციალისტთა შეფასებებით, წინა ეპიდაფეთქებების შეჩერება მოხერხდა მკაცრი კარანტინის უზრუნველყოფითა და სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთის ცხოველთა ბაზრებში ცხოველების განადგურებით. ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გადადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ძალიან სწრაფად ვრცელდება. სწორედ ამიტომ იფეთქა პანდემიამ ასე ადვილად მთელ მსოფლიოში და მისი მასშტაბები უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წინა კორონავირუსების დროს. ჯანმო-ს 22 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, გლობალურად 41 104 946 COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 1 128 325 ადამიანი. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია, თუმცა COVID 19 უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისი. ვირუსის გავრცელების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, მას შეუძლია ღრმა კვალი დატოვოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების სახით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მაჩვენებელს (-1,73%). მსოფლიო ბანკის 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, წელს მოსალოდნელია გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5,2%-ით შემცირება და ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 150 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად შემცირდება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები და საგრძნობლად გაიზრდება სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა. გაეროს ერთ-ერთი გათვლით, 130 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება.

ცხადია, ქვეყნები დაავადების გავრცელების შენელებისთვის სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან, ისეთებით, როგორიცაა: პაციენტთა ტესტირება და მკურნალობა, დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა, მოგზაურობის შეზღუდვა, მოქალაქეთა იზოლაცია და მასშტაბური შეკრებების, სპორტული ღონისძიებების თუ კონცერტების გაუქმება, სკოლებში სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ასეთი ძალისხმევა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი და ვირუსი აქტიურად ვრცელდება მთელ დედამიწაზე, განურჩევლად იმისა, როგორია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და მდგომარეობა. ჯერჯერობით არც ვაქცინა არსებობს და არც ეტიოტროპული პრეპარატი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. მიუხედავად სამედიცინო მეცნიერების მიღწევებისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ან მედიკამენტის შექმნა. არსებობს ვარაუდი, რომ "კორონავირუსი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო მკვლელი, ვიდრე ეს არის შიდსი, მალარია, ტუბერკულოზი და ჰეპატიტი". ეფექტიანი ეტიოტროპული პრეპარატის ან ვაქცინის დამტკიცებამდე, დაცვის საშუალებებს შორის უმთავრესია პირბადის ტარება, ხელის ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაქცინაციასაც საკმაო დრო დასჭირდება, სანამ აცრა მსოფლიო მოსახლეობის 70-80 პროცენტს ჩაუტარდება და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდება. "ჯოგური იმუნიტეტი მიიღწევა ხალხის ვირუსისგან დაცვით და არა მასზე ზემოქმედებით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამოყენებულიყო როგორც ეპიდაფეთქებაზე რეაგირების სტრატეგია. ეს მეცნიერულად და ეთიკურად პრობლემურია", — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა 2020 წლის 12 ოქტომბერს.

პანდემიის გამოცხადების ფონზე, მრავალ სახელმწიფოს მოუწია საზოგადოებრივი ცხოვრების კრიზისულ მართვაზე გადაყვანა და პრიორიტეტების განსაზღვრა: საყოველთაო ჯანდაცვა, თავისუფალი გადაადგილება, პირადი ინფორმაციის დაცვა, საკუთრების უფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში პრევენციული ზომების მიღება ძალზე დაგვიანებული აღმოჩნდა. მაგალითად, ესპანეთში უკვე ასობით ინფიცირებული აღირიცხებოდა, მაგრამ შეუზღუდავად იმართებოდა სპორტული ღონისძიებები, ხალხმრავალი შეკრებები და დემონსტრაციები. ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ქვეყნებმა ვირუსთან ბრძოლის სხვადასხვა გზა აირჩიეს: ზოგმა ადრევე ჩაკეტა საზღვრები და/ან გამოიყენა ფართო ტესტირება და მიკვლევა. ასეთი ქვეყნებია: დანია, ფინეთი, ნორვეგია, სამხრეთი კორეა, იაპონია, ტაივანი, ვიეტნამი და ახალი ზელანდია; ზოგან საზღვრები გვიან ან ნაწილობრივ ჩაკეტეს და ადრევე გახსნეს, კარანტინზეც უარი თქვეს. მათ შორისაა: ბრაზილია, მექსიკა, ნიდერლანდები, პერუ, ესპანეთი, შვედეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი. თუმცა COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შვედეთის მიდგომა განსაკუთრებულია არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. როდესაც საფრანგეთმა და იტალიამ მარტში მკაცრი რეგულაციები დააწესეს ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების გამო, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები, მაღაზიები, სპორტული დარბაზები თუ რესტორნები ღია იყო და მოსახლეობა ჩვეული რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას. ჯერ ძალიან ადრეა პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიების შედარება და შეფასება, თუმცა, თუ გადავხედავთ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის კუმულაციურ მაჩვენებელს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDP) მონაცემები ასეთია: შვედეთი მიჰყვება აშშ-ს. სკანდინავიის ეს სახელმწიფო მსოფლიოში მეთოთხმეტე ადგილზეა 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მიხედვით (ანდორას და სან-მარინოს გამოკლებით). ევროპული ქვეყნები - იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბელგია - მასზე ზემოთ არიან ამ ჩამონათვალში.

სრულიად კონტრასტულად განვითარდა მოვლენები ჩინეთში, სადაც ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღო რადიკალური ზომები - საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი ჰუბეის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა. ხელისუფლებამ 60 მილიონ მოქალაქეს აღუკვეთა სახლიდან გასვლის თავისუფლება სოლიდური ჯარიმების მუქარით; ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად შეზღუდა ეკონომიკური აქტივობა, შეაჩერა საწარმოების, ქარხნების, მაღაზიების, ბანკებისა და სხვა დაწესებულებების მუშაობა. სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის პროდუქტიულობა 2008 წლის კრიზისის ნიშნულს ქვემოთ დაეცა.

პანდემიასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდმა და ღონისძიებამ მართალია გაამართლა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა - თანამედროვე მსოფლიოსთვის COVID 19 ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგოდ ვაქცინების გამოგონება მსოფლიო მედიცინის უდიდეს მიღწევადაა აღიარებული და გარკვეულ ეტაპზე გაჩნდა იმედი, რომ მსოფლიო თავს აარიდებდა გლობალურ პანდემიებს. ბოლო ათწლეულებმა დაადასტურა, რომ ვირუსული დაავადებების ერა დასრულებული არ არის და ახლად წარმოშობილი დაავადებები (COVID 19, ებოლა, ზიკა და სხვა) 21-ე საუკუნეშიც დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია გლობალური ძალისხმევის კოორდინაცია, მხარდაჭერა და ზეგავლენის გაძლიერება ასეთი დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ განვითარებად ან ღარიბ ქვეყნებს და მათ მოსახლეობას როდი აზიანებს. გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ, და კერძოდ COVID 19-თან, მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

რასაკვირველია, პანდემიაზე წარსულ დროში საუბარი ნაადრევია, მაგრამ მან უკვე სერიოზული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ყველა ქვეყანას COVID 19-ის თავისი ისტორია აქვს. პანდემიამ აშკარად დაგვანახვა მოქმედი ჯანდაცვის სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელება და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა 2020 წლის 27 თებერვალს დაფიქსირდა. ეპიდემიის მზარდი გავრცელების საპასუხოდ, ყველა სფეროში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მასშტაბების გაზრდის მიზნით და COVID 19-ის შიდა გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში დაიჭირა თადარიგი. 2020 წლის 28 იანვარს გამოიცა საქართველოს მთავრობის პირველი განკარგულება (N164) „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“. შეიქმნა ეროვნული მრავალდარგობრივი კომიტეტი. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის“ მიხედვით, მკაფიოდ განისაზღვრა თითოეული დარგობრივი სამინისტროს და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების როლი და პასუხისმგებლობა COVID 19-ზე რეაგირების თითოეული ეტაპისთვის. კორონავირუსის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, რომლებიც ითვალისწინებდა (მაგრამ არ შემოიფარგლებოდა) თანდათანობით: ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მათ შორის სპორტული დარბაზების, მუზეუმებისა და თეატრების, სავაჭრო ცენტრების, არასასურსათო მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების დახურვას. მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტზე, შეჩერდა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა ასევე საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან სამი კვირის თავზე ვირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური სურათი აშკარად მიუთითებდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება იღებდა დროულ და პროგრესულ გადაწყვეტილებებს: ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულთა სკრინინგს, ტესტირებას, ინფიცირებულის გამოვლენისას კონტაქტების მოძიებას, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების შემოღებას, საერთაშორისო ფრენების შეჩერებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას, დასაქმებულთათვის ონლაინ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის მოწოდებას, მასობრივად თავშეყრის შეზღუდვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილობრივ შეზღუდვას, ეპიდზედამხედველობის, მათ შორის ახალი პროტოკოლების შემუშავება-დამტკიცებას, საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და ა.შ. სხვადასხვა დროს, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და ეტაპობრივად ჩაიკეტა შემდეგი მუნიციპალიტეტები: მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური, რუსთავი, თეთრიწყარო, მოგვიანებით (აგვისტოში) — მესტია.

COVID 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ღონისძიებების ანგარიშის თანახმად, პირველი ეტაპი იყო ვირუსის გავრცელების შეკავება, მეორე ეტაპი — ვირუსის გავრცელების შენელება, მესამე ეტაპი - მართვა და თანდათანობითი შემსუბუქება და გახსნა. ეს ეტაპები ქვეყანამ გაზაფხულზე გაიარა, მაისის პირველი ნახევრიდან ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი ერთს ქვემოთ ჩამოვიდა და დინამიკაში უკვე აღინიშნებოდა დასტაბილურების ტენდენცია. შედეგად, საქართველოს მთავრობას მიეცა შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმებისა და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე საერთაშორისო პრაქტიკაც — ამავე პერიოდში ბევრმა ქვეყანამ დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება (საფრანგეთი, ალბანეთი, გერმანია, ავსტრია, ნორვეგია, დანია, ჩეხეთი, იტალია, ესპანეთი, ფინეთი, ხორვატია). 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმებისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმა. მთავრობამ წარმოადგინა აგრეთვე ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე თანხების რაციონალურ გადანაწილებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებდა მოწყვლადი ჯგუფებისა და იმ სექტორებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ეკონომიკისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად 2 მილიარდ 110 მილიონი ლარის გამოყოფა დაანონსდა, რომელიც უნდა მოხმარდეს მოქმედი კერძო სექტორის დახმარებას, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებას.

ზაფხულის განმავლობაში ვირუსის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო, რის გამოც ბევრი შეზღუდვა გაუქმდა. მოქალაქეები აქტიურად გადაადგილდებოდნენ, ისვენებდნენ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე. ხელისუფლებამ ხალხს შიდა ტურიზმისკენ მოუწოდა.

ვირუსის გავრცელების ახალი აქტიური ეტაპი დაიწყო სექტემბრის თვიდან. 22 ოქტომბრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სულ 22 803 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 178 პაციენტი. 22 ოქტომბერს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეში დაახლოებით 8 000 ტესტი კეთდება, რაც მილიონ მოსახლეზე გათვლით დაახლოებით 2 200-ია. გაზაფხულზე 200-300 ტესტი კეთდებოდა დღიურად. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობა ჩვენთან რჩება <1%, ასევე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამად საქართველოში აქტიური შემთხვევების გამოვლენის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპაში ადრეული გაზაფხულის პიკის დროს იყო. თუმცა, როგორც სპეციალისტებიც პროგნოზირებენ, შემთხვევების მკვეთრი მატება გარდაუვალია, საქართველო ახლა იწყებს კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას და ამ გაზრდილი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის სისტემის მუშაობაც ადეკვატური უნდა იყოს.

პრობლემების ანალიზი მუნიციპალურ დონეზე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება ქვეყნის ხელისუფლების ვალდებულებაა, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციასა და ძირითად საკანონმდებლო აქტებში. ადგილებზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებათა უზრუნველყოფა და ხელშეწყობა უპირატესად ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა. არსებითია, შექმნილი სიტუაცია გაანალიზდეს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა აჭარაში, კერძოდ — ბათუმში. მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო. ისევ ამოქმედდა აუცილებელი შეზღუდვები (სოციალური ღონისძიებები, 200-ზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა და სხვა), თუმცა არ ჩაიკეტა აჭარა და ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომელიც ეპიდემიის გავრცელების წითელი ზონაა კვლავ. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აქ არ გატარებულა მკაცრი საკარანტინე რეჟიმით გათვალისწინებული ღონისძიებები. ცალკეულ რეგიონებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეკომენდებულია დაწესდეს ლოკალური კონტროლი და/ან შეზღუდვები, რაც აჭარის შემთხვევაში არ განხორციელებულა.

ზოგადად, ეპიდემიის ლოკალური მართვისას დიდი როლი აკისრია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ სამსახურებს. მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებები, მაგრამ არანაკლებ არსებითია ადგილობრივი თვითმმართველობის რეაგირება ეპიდემიის ეფექტიანად მართვის პროცესში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაამკვიდროს ცხოვრების ჯანსაღი წესი და შექმნას ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები ფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუმცა მათი მართვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეროგატივაა.

პროგრამულად მათ ცენტრალური ხელისუფლებაც აფინანსებს. უმთავრესი გამოწვევა, რაც კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახვა მუნიციპალიტეტების დონეზე, ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. ადგილობრივად ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების მუშაობა დიდწილად განაპირობებს კიდეც ეპიდემიის სწორ მართვას; მიუხედავად ფართომასშტაბიანი გავრცელებისა, კახეთში დღემდე ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, რაშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების როლი მეტად დიდია.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ვირუსის შეკავების ეტაპზე, და ამ პროცესში განუზომელია ადგილობრივი სამსახურების როლი. აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული დინამიკის შესახებ თითოეული მოქალაქის დროული ინფორმირება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა: მოსახლეობასთან კომუნიკაცია, კარდაკარ სიარული, განმარტებების გამოქვეყნება და პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მოწოდება, ეპიდსიტუაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული რჩევები (ხელის დაბანა, პირბადის სწორად მოხმარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა). ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მკაფიოდ უნდა განუმარტოს და დააკვალიანოს აგრეთვე, როგორ მოიქცნენ, თუ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაუჩნდებათ. მოსახლეობაში ქცევითი ჩვევების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, რაშიც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება კოორდინირებულად და თანმიმდევრულად უნდა მოქმედებდნენ.

თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე კორონავირუსის შესახებ მარტივი ინფორმაცია არ არის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს პანდემია და როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ვირუსისაგან. თუ გვინდა, რომ კონკრეტული შეზღუდვები სათანადოდ სრულდებოდეს, ინფორმაცია ასეთ ღონისძიებებზე უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ყველასთვის გასაგები. გასათვალისწინებელია უცხო ქვეყნების პრაქტიკა. მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც არიზონის შტატის კანონით სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, ხოლო დამრღვევები ფინანსურად ჯარიმდებიან, ვირუსის გავრცელება შემცირდა 75%-ით. ადგილობრივ დონეზე გატარებული ღონისძიება მეტად ეფექტური აღმოჩნდა არიზონის მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, სწორი, ეფექტური და კოორდინირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების გატარება მეტად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ეპიდემიის მართვის ეტაპს, ამ შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მობილიზება, ინფიცირებულთა სწორი კოორდინაცია და მენეჯმენტი ადგილობრივ დონეზე, ასევე დროული რეფერალური მომსახურება. ვირუსის შეკავება ეპიდემიოლოგებისა და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ ჯანდაცვის სექტორს დამატებით დროს აძლევს ტესტებითა და სასუნთქი მოწყობილობებით საავადმყოფოების მოსამარაგებლად. ვირუსის შეკავებაში კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი განუზომელია.

რეკომენდაციები

  • მუნიციპალური, რეგიონული და ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების როლის გაძლიერება, ფუნქციების გაზრდა, რაც თავისთავად გააძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრებში დასაქმებული კადრების გადამზადება და ზოგადად შტატების დამატება, რაც დადგინდება მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. მაღალკვალიფიციური პერსონალი, კერძოდ ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, პარაზიტოლოგები, ენტომოლოგები, სტატისტიკოსები უაღრესად მნიშვნელოვანია ძლიერი ადგილობრივი სამსახურის ფორმირების დროს;
  • ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების ადგილობრივ თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სპეციალური ტრენინგი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რეაგირებაზე მზადყოფნა, შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, ინფექციებზე კონტროლი, მონაცემების ანალიზი და სხვა;
  • კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ინფორმაციის დროული გაცვლა და სიტუაციაზე მყისიერი რეაგირება ადგილობრივ დონეზე. მულტისექტორული ქმედებები, რაც მოითხოვს სექტორებს შორის დროულ და სწორ კოორდინაციას, ისევ და ისევ ადგილობრივ დონეზე;
  • საზოგადოების ინფორმირების/კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივ დონზე. ქვეყნის მომზადება კორონავირუსის შემთხვევებისთვის დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტიანობაზე.

ვირუსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა ერთი რამ ცხადია — ეპიდემია გლობალურად უნდა დამარცხდეს. ყველა ქვეყანას თავისი კორონაისტორია აქვს და თავისი როლი აკისრია ახლანდელი პანდემიის დამარცხების პროცესში — იგი განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა. პანდემიასთან ბრძოლის დროს, ეპიდემიის სწორად მართვის პროცესში, მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი. დღესდღეობით მთელ მსოფლიოს ერთი და იგივე მიზანი აქვს — COVID 19-ის პანდემიის დამარცხება.


პუბლიკაცია მომზადდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის — "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" — ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. იგი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ცოდნის, უნარებისა და ორგანიზების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მიაღწიონ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უკეთ უპასუხებენ მათ რეალურ საჭიროებებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში.

პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ტექსტის ავტორი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.