ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერა — ვინ არის ჯო ბაიდენი
განახლება: ჯო ბაიდენი უკვე აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია.
77 წლის ჯო ბაიდენი ერთ-ერთი გამოცდილი საპრეზიდენტო კანდიდატია. საარჩევნო კამპანია მისთვის უცხო არ არის, რადგან 35 წლის განმავლობაში კონგრესში დელავერის შტატის სენატორი იყო და ჯამში სამჯერ შევიდა საპრეზიდენტო მარათონში.
დემოკრატიული პარტიიდან ბაიდენი კამპანიაში ერთ-ერთი ბოლო ჩაერთო. სწორედ ამის გამო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას Sleepy Joe ანუ მძინარე ჯო შეარქვა.
1987 და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვებით, ახლა ბაიდენი კამპანიაში შევიდა როგორც უპირობო ლიდერი, რომლის კანდიდატად დაყენებას ამომრჩეველიც ითხოვდა.
ბაიდენის პოპულარობას ზრდის ისიც, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიელი სენატორი ქალი, კამალა ჰარისი დაასახელა. თუ ისინი გაიმარჯვებენ, აშშ-ს ისტორიაში ბაიდენი ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, ხოლო ჰარისი პირველი ქალი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.
ბევრისთვის, ბაიდენს უფრო თავშეკავებული და პანდემიის გამო "ამომრჩეველზე მზრუნველი" საარჩევნო კამპანია აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბაიდენს აშშ-ს ისტორიაში საუკეთესი ვიცე-პრეზიდენტი უწოდა, მისმა თითქმის 50-წლიანმა პოლიტიკურმა საქმიანობამ არაერთი კრიტიკა დაიმსახურა.
მოკლე ბიოგრაფია
ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი უმცროსი 1942 წელს პენსილვანიაში, სკრენტონში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ინგლისიდან და ირლანდიიდან არიან.
სკოლა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში დაამთავრა. 1965 წელს დელავერის უნივერსიტეტში ისტორიისა და პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. სამ წელში ნიუ-იორკის შტატში სირაკუზის უნივერსიტეტში იურიდიული სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
ცნობილია, რომ ბავშვობაში ბაიდენს მეტყველების პრობლემა ჰქონდა, ენა ებმოდა, რასაც დიდი ხანი ებრძოდა. როგორც ბაიდენი ამბობს, ამის გამოსასწორებლად სარკის წინ პოეზიას კითხულობდა.
1972 წელს მისი პირველი ცოლი ნეილია და შვილი ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. კიდევ ორმა შვილმა, ბო და ჰანტერმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. 2015 წელს 46 წლის ასაკში ბაიდენის ვაჟი, ბო თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
დემოკრატი ჯო ბაიდენი დელავერის შტატის სენატორად 1972 წელს 30 წლის ასაკში აირჩიეს და 2009 წლამდე სენატში მუდამ ამ შტატს წარმოადგენდა. 2007-2009 წლებში საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
2008 წელს ბარაკ ობამასთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და შემდეგი რვა წელი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო.
გამოცდილი კანდიდატი წინდაუხედავი განცხადებებით
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა მალევე უკან დაიხია და სენატის არჩევნებზე გადაერთო. აგვისტოში კი ობამამ ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
თეთრ სახლში ყოფნის დროს იგი ხშირად ჩნდებოდა ბარაკ ობამასთან ერთად და აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე რეფორმის მიღებაში. მათ შორისაა აქტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ და ეკონომიკური კრიზისის დროს სტიმულირებისთვის გატარებული რეფორმები.
აფროამერიკელებში მისი მაღალი რეიტინგი ბევრი სხვა ფაქტორის გარდა, ობამასთან ახლო ურთიერთობითაა გამოწვეული. ამავე დროს, ის გეი ქორწინების მომხრეა და ბოლო წლებში აქტიურად გამოდის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით. დონალდ ტრამპთან შედარებით, უფრო ლიბერალ და მემარცხენე პოლიტიკოსად მიიჩნევა.
თუმცა მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მისი განცხადებები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საფუძველი.
1987 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მიტინგზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინაპრები პენსილვანიის ჩრდილოეთით ნახშირის მაღაროებში მუშაობდნენ. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ბაიდენს მაღაროელი წინაპრები არ ჰყავს და მან გამოსვლისას, ფაქტობრივად, გაიმეორა ბრიტანელი ლეიბორისტი პოლიტიკოსის, ნილ კინოკის სიტყვები, რომელიც მართლა მუშათა კლასიდან იყო.
ამჟამინდელი კამპანიის დროს რადიოეთერის დროს მან თქვა: "თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, დაუჭიროთ მხარი ტრამპს თუ მე, ეს ნიშნავს, რომ შავკანიანი არ ხართ!"
ამერიკაში #MeToo მოძრაობის გაძლიერების ფონზე, ბაიდენის გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. წინა წელს, დაახლოებით, რვა ქალმა განაცხადა, რომ ბაიდენი მათთან მიმართებით შეუსაბამოდ იქცეოდა. ტელევიზიით აჩვენეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ ქალებთან მისალმებისას ბაიდენი ძალიან ახლოს მიდიოდა და თითქოს მათ თმებს ყნოსავდა.
სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან შედარებით, მას ვაშინგტონში მუშაობის ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, ამასთან, ის მუდამ პოლიტიკური ელიტის სათავეში იდგა.
ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მინუსი ისაა, რომ მან არაერთ თემაზე მოასწრო აზრის დაფიქსირება. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ყველა განცხადება მომგებიანი არ არის. მაგალითად, 70-იანებში ბაიდენმა ღიად დაუჭირა მხარი სამხრეთ შტატებში სეგრეგაციის მომხრეებს, რომლებიც "შავკანიანი რაიონების" სკოლებიდან "თეთრ რაიონებში" ბავშვების გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ.
უკრაინის სკანდალი
ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ კომპანია Burisma Holdings-ში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.
2019 წლის სექტემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმეზე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამას დაემთხვა უკრაინისთვის დაგვიანებით გაცემული ფინანსური დახმარებაც. დემოკრატიულ პარტიაში მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის ტრამპი ზეწოლას ახდენდა უკრაინის პრეზიდენტზე.
ზეწოლას ტრამპი და მისი გუნდის წარმომადგენლები უარყოფენ. თუმცა ზელენსკისთან ეს ზარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო.
ჯო ბაიდენი და საქართველო
ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯო ბაიდენი მსოფლიოს არაერთ ლიდერს შეხვდა. როცა ჯერ კიდევ "გამოუცდელი" ბარაკ ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, ბევრი მიიჩნევდა, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტს ბაიდენის საერთაშორისო გამოცდილება დიდ დახმარებას გაუწევდა.
ბაიდენი წლების განმავლობაში სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტში მუშაობდა და მისი თავმჯდომარეც იყო. მან მოიპოვა რეპუტაცია ლიდერისა, რომელსაც ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის ფონზე შეეძლო დიალოგის დაწყება. ასევე მიიჩნევა, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ზომიერია.
საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მათი ცალკეული განცხადებები თუ მოქმედებები რუსეთთან ურთიერთობაში თავის გავლენას ახდენს.
რუსეთის მიმართ ბაიდენს საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს და მას აღიქვამს, როგორც აგრესორ ქვეყანას. ის ხშირად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ არასათანადო პოზიციის გამო. სხვადასხვა წელს ბაიდენი არაერთხელ შეხვედრია საქართველოს ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადებიდან თითქმის ორი თვის თავზე ბაიდენმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია დაგმო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯო ბაიდენი 2009 წლის ივლისში საქართველოს ეწვია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისში ჩამოვიდა "მარტივი, პირდაპირი გზავნილით — ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენ გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და, ისევ და ისევ, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე".
ამავე წლის თებერვალში, ბაიდენმა მაშინდელ ხელისუფლებას "ვარდების რევოლუციის დაპირების" შესრულებისკენ მოუწოდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ბაიდენმა კვირიკაშვილს მოუწოდა, ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა რეფორმების გაგრძელებისთვის გამოეყენებინა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართა და საარჩევნო უბნებიც დახურულია, თუმცა ამ დრომდე შეუძლებელია იმის თქმა, ვინ გახდება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტი.
კომენტარები