რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო ქალების მარშმა მოიცვა. ქალებმა ერთად გააპროტესტეს სექსიზმი, არატოლერანტულობა და სიძულვილი მსოფლიოს 370-მდე ქალაქში.

მარშს ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ბლანშეტი, ჯულია რობერტსი, ემი შუმერი, ემა უოტსონი და მრავალი სხვა.

მედია აქტიურად აშუქებდა ქალების საპროტესტო მსვლელობას, თუმცა გამოითქვა ის აზრიც, რომ ვარსკვლავების მიმართ პრესის გადაჭარბებულმა ყურადღებამ ქალთა უფლებების დასაცავად გამართული აქცია ცნობილი მსახიობების მარშად გადააქცია.

მეორე მხრივ, ვარსკვლავებმა საკუთარ სამოქალაქო ვალად ჩათვალეს პოზიციის დაფიქსირება. ისინი ხომ ხშირად საუბრობენ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე. ცნობილი მსახიობები, წამყვანები თუ მომღერლები საკუთარ მნიშვნელობას აცნობიერებენ და ხშირად გვევლინებიან ხოლმე დისკუსიის ინიციატორებად, როგორც ეს მერილ სტრიპის ოქროს გლობუსის სიტყვის დროს მოხდა.

სკეპტიკურად განწყობილმა დამკვირვებლებმა ემა უoტსონისა თუ ქეით ბლანშეტს მარშზე გამოჩენა "პოზად" ჩაუთვალეს, თუმცა გაუგებარია, რაში უნდა დასჭირვებოდათ სკარლეტ იოჰანსონს ან ჰელენ მირენს ამ "პოზის" დაჭერა, როცა ისინი უკვე წლებია, ქალთა უფლებებზე საუბრობენ და აქტიურად არიან ჩართული სექსიზმის მექად წოდებული ჰოლივუდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიახ, ჰოლივუდში სექსიზმი ჯერ კიდევ არსებობს. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ფილმია გადაღებული ქალი მსახიობების მონაწილეობით და კიდევ უფრო ცოტა - ქალი რეჟისორების მიერ.

კვლევითი ინსტიტუტები ყოველ წელს აქვეყნებენ ამ თემაზე ანგარიშებს და მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებამდე მიდიან. ჰოლივუდში გენდერული უთანასწორობა მართლაც არსებობს და ამ თემას ტაბუ უკვე აღარ ადევს.

მერლინ მონროდან დაწყებული მერილ სტრიპით დამთავრებული, ჰოლივუდს საკუთარი საკულტო მსახიობი ქალები ჰყავს. ინდუსტრია გასცემს ჯილდოებსა და წამახალისებელ თაყვანისცემას, მაგრამ როდესაც საქმე ხელფასზე მიდგება, გაღმერთებული ქალი მსახიობებიც აღმოჩნდებიან ხოლმე "უბრალოდ ქალები".

გენდერულად განსხვავებული ხელფასები ყველა ინდუსტრიაში არსებობს, უბრალოდ ვარსკვლავებმა, რომელთაც მეტი ასპარეზი აქვთ ამ საკითხის წამოსაწევად, ხმამაღლა დაიწყეს უთანასწორობაზე საუბარი.

ბოლო პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილმა ქალებმა ჰოლივუდს სექსიზმში დასდეს ბრალი. სია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავლისმომცველი ხდება. როგორც ჩანს, ჰოლივუდმა თამაშის წესებს უნდა გადახედოს, რადგან ქალი მსახიობები ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ.

პატრიცია არკეტი

ფოტო: Getty images

სექსიზმის მხილების წელიწადი პატრიცია არკეტმა ოსკარის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს "გახსნა". მსახიობმა მარტოხელა შრომისმოყვარე დედის როლი შეასრულა რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმში Boyhood, რომლის გადაღებაც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ხელფასების თანასწორობის დროა", - თქვა მან, აუდიტორიაში კი მის სიტყვებს მერილ სტრიპი და ჯენიფერ ლოპესი ტაშით შეხვდნენ. სექტემბერში პატრიციამ საკუთარი გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა The Hollywood Reporter-თან. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ქალი მსახიობები და წამყვანები.

ჯენიფერ ლოურენსი

ფოტო: Getty images

Sony-ს სერვერის გატეხვამ ბევრი რამ გამოააშკარავა. მათ შორის ისიც, რომ ლოურენსის კომპენსაცია American Hustle-ში ბევრად ჩამოუვარდებოდა მისი მამაკაცი კოლეგების ანაზღაურებას. ლოურენსმა უკმაყოფილება გამოთქვა და ჰოლივუდის გენდერულ სახელფასო განსხვავებაზე ხმამაღლა ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ არ სურდა, მომთხოვნი ან ზედმეტად გათამამებული მსახიობის სახელი ჰქონოდა რეჟისორებთან. ამ იარლიყებს ხშირად არტყამენ ხოლმე ქალებს, რომლებიც საკუთარი აზრის გამოთქმას არ უშინდებიან.

ლოურენსმა წარმატება მოიპოვა ფილმებით The Hunger Games და Silver Linings Playbook. Wikileaks-მა გამოამჟღავნა, რომ მან და American Hustle-ში მისმა პარტნიორმა ემი ადამსმა ფილმის მოგების 7% მიიღეს, რაც მამაკაცი კოლეგების, ბრედლი კუპერის, კრისტიან ბეილისა და ჯერემი რენერის ანაზღაურებაზე 2%-ით ნაკლები იყო.

ლოურენსი, რომლის ანგარიშზეც უამრავი მნიშვნელოვანი როლია, ამბობს, რომ მილიონები მას არ სჭირდება. მას უფრო ის ფაქტი ადარდებს, რომ ქალებს სრულიად უმიზეზოდ უხდიან მამაკაცებზე ბევრად ნაკლებს. 2014 წელს ჯენიფერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი გახდა და 12 თვეში $52 მილიონი გამოიმუშავა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია მანამ, სანამ რობერტ დაუნი უმცროსის, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობის მიერ ამავე პერიოდში დაგროვებულ $80 მილიონს არ შევადარებთ. ჯენიფერის აზრით, ეს შეცდომაა, რომელიც ჰოლივუდმა აუცილებლად უნდა გამოასწოროს.

მერილ სტრიპი

ფოტო: AP

ლეგენდარული მსახიობი, რომელმაც ოქროს გლობუსზე მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა, უკვე დიდი ხანია ებრძვის გენდერულ უთანასწორობას. მაგალითად, 2015 წლის გაზაფხულზე სტრიპმა სცენარისტთა ახალი ლაბორატორია დააფინანსა 40 წელს გადაცილებული ქალი მწერლებისთვის. მსახიობი მუდმივად საუბრობს ქალ კრიტიკოსთა და ქალ პერსონაჟთა ნაკლებობის შესახებ. მსახიობი ამბობს, რომ ჰოლივუდი სექსიზმის მექაა და ის მთელ ძალისხმევას დახარჯავს იმაში, რომ ამერიკული კინოინდუსტრია ამ სახელისგან გაათავისუფლოს.

ჯინა დევისი

ფოტო: Cultural Weekly

ჯინა დევისი მედიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების მომხრეა. მან 2006 წელს გენდერის შემსწავლელი ინსტიტუტი დააარსა, რომელიც ცდილობს, ტელეეკრანებზე გენდერული ბალანსი გააუმჯობესოს. 2015 წელს დევისი Bentonville Film Festival-ის თანადამფუძნებელი გახდა და ჰოლივუდში გენდერულ უთანასწორობაზე საუბარი გააგრძელა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე მცირე პროგრესი ნამდვილად შეინიშნება, თუმცა მისი და სიუზან სარანდონის საკულტო ფილმის, Thelma and Louise-ს გამოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

ემა ტომპსონი

ფოტო: The Independent

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ემა ტომპსონის თქმით, ჰოლივუდი სექსიზმის მხრივ ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. რეალურად, გაუარესდა კიდეც.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი მსოფლიო სწორ გზაზე იდგა. მას შემდეგ ცხოვრება მხოლოდ გართულდა ქალებისთვის. ეს ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა", - ამბობს ტომპსონი.

შონდა რაიმსი

ფოტო: makers

ABC-ის სერიალების, გრეის ანატომია, სკანდალი და როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისთვის შემქმნელი შონდა რაიმსი ამბობს, რომ მსოფლიო კინოინდუსტრიას ამნეზია აქვს.

"როდესაც ქალებისათვის და ქალების შესახებ გადაღებული ფილმი წარმატებას აღწევს, ამას ყველა მხოლოდ და მხოლოდ იღბალს მიაწერს. როცა შრომის საპასუხოდ ასეთ მკვახე რეაქციას იღებ, განცდა გიჩნდება, რომ ყველაფერი უმნიშვნელოა, მაგრამ ასე არ არის. მე სერიალებს ვქმნი და ჩემი ქალი პერსონაჟები იბრძვიან თანასწორობისთვის, უფლებებისთვის. მეც ასე ვარ, სანამ ვარსებობ, ვიბრძოლებ, რომ სექსიზმი დასრულდეს", - ამბობს რაიმსი.

ჯესიკა ჩესტეინი

ფოტო: Speakers' Corner

ჯესიკა ჩესტეინმა ღიად დაუჭირა მხარი ლოურესის განცხადებას სახელფასო განსხვავების შესახებ და თქვა, რომ უთანასწორო ანაზღაურებას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩესტეინი ხშირად საუბრობს გამორჩეული ქალი პერსონაჟების აუცილებლობაზეც.

"თუ ქალი პერსონაჟი კაცი პერსონაჟივით საინტერესო არ არის, მე უარს ვამბობ ასეთ როლზე. ხალხი მეკითხება, ბონდის გოგონას ხომ არ ვითამაშებდი, მე კი ვპასუსობ, რომ არ მინდა აქსესუარი ვიყო, მინდა ბოროტმოქმედი ვიყო. არ არის საჭირო ქალ გმირებს მჭიდროდ მომდგარი კოსტუმები ეცვათ და ასე მიიზიდონ მაყურებელი. მთავარი გმირის ხასიათია", - ამბობს ჩესტეინი.

ენ ჰეთევეი

ფოტო: Desimartini

ენ ჰეთევეი მსახიობი მეგი ჯილენჰოლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მეგი აღნიშნავდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად შემოთავაზებულმა როლებმა იკლო.

"ერთ-ერთ კასტინგზე მითხრეს, რომ ზედმეტად ბებერი ვარ იმისთვის, რომ 55 წლის მამაკაცის საყვარელი ვითამაშო", - ამბობდა მეგი. ეიჯიზმის თემას ოსკარის მფლობელი ენ ჰეთეუეიც გამოეხმაურა და გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ თვითონაც მსგავს სიტუაციაშია, მაგრამ დადებით მხარესაც ხედავს.

"ძალიან ცუდია, როცა იმის გამო არ გამტკიცებენ, რომ ვიღაცას შენი ასაკი არ მოსწონს, არადა ზუსტად შეეფერები როლს. მაგრამ ამას პლიუსებიც აქვს. როცა მირეკავენ, ვიცი, რომ მართლა საინტერესო სცენარი აქვთ ჩემთვის", - ამბობს ენი.

ემა უოტსონი

ფოტო: Getty images

ქალთა უფლებები იყო ემა უოტსონისა და პერსეპოლისის ავტორის, მარჯან სატრაპის ინტერვიუს მთავარი თემა. ჰარი პოტერის ვარსკვლავი გაეროში გამოსვლის შემდეგ სახელგანთქმულ ფემინისტთა შორის ნამდვილი ლიდერი გახდა და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კინოინდუსტრიის ფარგლებს გარეთაც გააგრძელა. ემა აქტიურად არის ჩართული HeForShe კამპანიაში, რომელიც კაცებისა და ქალების ბრძოლას ახალისებს გენდერული თანასწორობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თავს არიდებს საკუთარ თავს ფემინისტი უწოდოს, უოტსონი ამბობს - "თუ თქვენ თანასწორობას უჭერთ მხარს, მაშინ ფემინისტი ხართ. ბოდიში, მაგრამ ასეა".

ემილი ბლანტი

ფოტო: Speakers' Corner

ემილი ბლანტის ბრძოლა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის როლის მოსაპოვებლად ნამდვილად დასაფასებელია. თრილერ Sicario-ში ეს როლი მამაკაცი მსახიობისათვის დაიწერა, თუმცა ემილიმ მოახერხა და დაითანხმა პროდიუსერები, როლი მისთვის მიეცათ.

"აუცილებელია, რომ ქალებმა კინოში ძლიერი პერსონაჟები განასახიერონ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი: იარაღის სროლა, ნარკობარონებთან ბრძოლა, დამნაშავეების დაჭერა, ან თუნდაც დამნაშავეების განსახიერება. სწორედ ეს დაგვიმტკიცა როსამუნდ პაიკმა გაუჩინარებულ გოგონაში შექმნილი როლით", - ამბობს ემილი.

სანდრა ბულოკი

ფოტო: Los Angeles Times

როდესაც ხალხმა ბულოკი 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა, ოსკაროსანმა მსახიობმა თქვა, რომ ამ ტიტულს მიესალმება, რადგან შეუძლია ქალთა უფლებებზე მეტი ისაუბროს, განსაკუთრებულად კი იმაზე გაამახვილოს ყურადღება, თუ როგორ ექცევიან ქალებს მედიაში.

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნადირობის სეზონია ქალებზე გამოცხადებული. მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორი ადამიანები ვართ, არამედ როგორ გამოვიყურებით და რამდენი წლის ვართ", - ამბობს ბულოკი.

ჰელენ მირენი

ფოტო: Al Bawaba

ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ სამიტზე მირენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჰილარი კლინტონს და თქვა, რომ გოგონებისათვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ძლიერ პოზიციებზე ქალების დანახვა. მსახიობმა აგრეთვე განიხილა სახელფასო განსხვავება ჰოლივუდში.

"ხალხი ხშირად ამბობს: რა საშინელებაა, რომ ქალებს მნიშვნელოვანი როლები არ აქვთ ფილმებში, მე კი ვამბობ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქალების როლი ცხოვრებაში თუ შეიცვლება, კინოშიც შეიცვლება", - ამბობს მირენი.

ჯულია რობერტსი

ფოტო: Vanity Fair

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ჯულია რობერტსი წლებია ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვის. ის რამდენიმე წლის წინ ჯენიფერ ლოურენსის განცხადებასაც გამოეხმაურა:

"აღფრთოვანებული ვარ ჯენიფერ ლოურენსით, ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ქალს, რომელსაც არ შეეშინდა ხმამაღლა ეთქვა ის, რაზეც კულისებში ვსაუბრობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალებს ორჯერ და სამჯერ ნაკლებს უხდიან, ვიდრე იმავე რანგის კაცებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფილმს სწორედ ჩვენ "ვყიდით" და არა ისინი. აუცილებელია მეტი მრავალფეროვანი როლი ქალებისთვის კინოში, სერიალში თუ მედიაში. ჩვენ ვიბრძვით არა უპირატესობებისთვის და პრივილეგიებისთვის, არამედ თანასწორობისთვის, ქალთა, ბავშვთა, ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია. წლები დაგვჭირდა გარკვეული გამარჯვების მისაღწევად, ახლა კი წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების დროა და ჰოლივუდი აუცილებლად ჩამოირეცხავს იმ სამარცხვინო შავ ლაქას, რომელსაც სექსიზმი ჰქვია", - ამბობს რობერტსი.

ქეით ბლანშეტი

ფოტო: Hollywood Reporter

ბლანშეტმა რამდენჯერმე ისაუბრა ჰოლივუდში გენდერულ დისბალანსზე, მოდაზე ორიენტირებულ წითელი ხალიჩასა და Spirit Awards-ზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობებისა და საუკეთესო ქალი მსახიობების ნომინაციების უთანასწორო რიცხვზე. The New York Times-თან ინტერვიუში ბლანშეტმა ჰოლივუდში არსებულ სექსიზმს გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამ თემაზე დებატების მიმართ ინტერესი დაკარგა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ინდუსტრია ერთსა და იმავეზე საუბრობს ყოველ წელს და რეალურად არაფერი იცვლება. დიახ, ჩვენ ისევ აქ ვიქნებით მომავალ წელს და სამწუხაროდ იგივე სიმპოზიუმი გვექნება", - თქვა ბლანშეტმა.

ქალთა უფლებებზე მხოლოდ ქალები არ ღელავენ. არსებობენ მამაკაცი მსახიობებიც, რომლებიც კოლეგებს აქტიურად უჭერენ მხარს. მათ შორისაა მარკ რუფალოც, რომელიც ქალების მარშზეც იმყოფებოდა.

Yip. Well said. Borrowed sign from @dorisfullgrabe design by @dirtybandits #womensmarch Nyc

A photo posted by Mark Ruffalo (@markruffalo) on

ბრედლი კუპერი, რომელიც ჯენიფერ ლოურენსის პარტნიორი იყო, სახელფასო განსხვავებას არ უარყოფს:

"სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები მართლაც არსებობს და კარგია, რომ შეგვიძლია ხმის ამოღება და ამაზე საუბარი", - ამბობს მსახიობი.

ჰოლივუდის სექსისტური კლიშეების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა რეჟისორმა დევიდ ო რასელმაც, რომელმაც თქვა - "მე მხარს ვუჭერ ყველა ქალს". ჯოშ ჰატჩერსონმა კი ღიად დააფიქსირა: "მე ნამდვილად ვამაყობ ჩვენი, ჰოლივუდის ქალებით".

ტომ ჰარდიმ და ჯორჯ კლუნიმაც აღნიშნეს, რომ პრობლემა არ აქვთ, თუ სიუჟეტის ცენტრში მათ ნაცვლად ქალი პერსონაჟები მოექცევიან. მაგალითისთვის, ფილმში Our Brand is Crisis თავდაპირველად კლუნის უნდა ეთამაშა მთავარი როლი, მოგვიანებით კი შემოქმედებითმა ჯგუფმა სცენარი გადაწერა და საბოლოოდ სანდრა ბულოკი დაამტკიცეს როლზე. "იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც ხშირად მოხდება ასე", - ამბობდა კლუნი.

აწ გარდაცვლილი ალან რიკმანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სიტყვა ფემინისტთან პრეტენზია არ აქვს. "ვცხოვრობთ თუ არა სამყაროში, და რა საკვირველია ბიზნესში, რომელიც წარმოუდგენლად უსამართლოა ქალების მიმართ? დიახ, ვცხოვრობთ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფემინისტობა უბრალოდ საღი აზრის ქონას ნიშნავს", - ამბობდა მსახიობი.

სექსიზმის და უთანასწორო ანაზღაურების ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება: ფილმისთვის Something’s Gotta Give დაიან კიტონს დამატებითი ანაზღაურება არ მიუღია, როცა ჯეკ ნიკოლსონს გარკვეული თანხა გადაუხადეს. მერილ სტრიპი, რომელსაც სამი ოსკარი აქვს, აცხადებს, რომ მამაკაც პარტნიორებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდა. გვინეტ პელტროუ კი აღნიშნავს, რომ მის და Iron Man-ის თანავარსკვლავ დაუნის ჰონორარებს შორის უსამართლო განსხვავებაა. ამანდა სეიფრიდი იხსენებს, რომ ერთსა და იმავე ფილმზე მუშაობისას მას მამაკაც პარტნიორებზე 10-ჯერ ნაკლებს უხდიდნენ.

პრობლემა მხოლოდ ჩეკზე მითითებული თანხა არ არის. ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი დიდ ეკრანებზე, შესაბამისად ნაკლებ წარმატებას აღწევენ. ეს არის თემა, რომელზეც რიზ უიზერსპუნმა American Cinematheque Awards-ზე ისაუბრა: "ქალები მოსახლეობის 50%-ს შეადგენენ და ჩვენ როლების 50%-ს უნდა ვთამაშობდეთ ეკრანზე", - ამბობდა მსახიობი.

პრობლემა რომ მწვავედ დგას, ამას Annenberg-ის საგანმანათლებლო ცენტრიც ადასტურებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2014 წლის 100 ყველაზე წარმატებული ფილმის პერსონაჟების მხოლოდ 28,1% იყო ქალი და მათგან მხოლოდ 21%-ს ჰქონდა მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი როლი.

რა ხდება კამერებს მიღმა?

უთანასწორობა კამერების მიღმა კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. ქალები რეჟისორების მხოლოდ 1.9%-ს, სცენარისტების 18.9%-ს და პროდიუსერების 18.9%-ს წარმოადგენენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ ფილმს ქალები ქმნიან, ნამუშევრებში მეტი ქალი პერსონაჟი ხვდება, რაც აუცილებელია ჰოლივუდში სექსიზმის დასამარცხებლად.

ჯერ კიდევ არსებობს აზრი, რომ ფილმებს, სადაც თანაბრად არიან ქალები წარმოდგენილნი, კომერციული წარმატება არ მოაქვთ. დისნეის მაგალითზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით. გავიხსენოთ წარმატებული ანიმაციური ფილმები: Frozen, Inside Out და მხატვრული ნამუშევრები: Malificent, Tomorrowland, Cinderella, რომელშიც ქეით ბლანშეტი თამაშობს და Beauty and the Beast, რომელშიც მთავარ როლს ემა უოტსონი ასრულებს.

"მაყურებელმა დაადასტურა, რომ მას მოსწონს ქალებზე ორიენტირებული ისტორიები. ჩვენ, როგორც ინდუსტრია, ვალდებულნი ვართ, შევქმნათ ეს როლები ქალებისათვის და შესაბამისი ანაზღაურებაც მივცეთ", - ამბობს ალან ჰორნი, Walt Disney Studios-ს თავმჯდომარე.

უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობა, როცა სექსიზმს რასიზმიც ემატება.თუ თეთრკანიანი ქალები თავიანთი მამაკაცი კოლეგების ანაზღაურების 78%-ს გამოიმუშავებენ, აფროამერიკელი ქალები თეთრკანიანი მამაკაცის მიერ გამომუშავებულ თითოეულ დოლარზე 56 ცენტრს შოულობენ. ლათინოამერიკელების შემთხვევაში ეს მონაცემი 58 ცენტია.

How to get away with murder-ის მსახიობმა, ვაიოლა დევისმა ემის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში ფერადკანიანი ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა: "ერთადერთი რამ, რაც ფერადკანიან ქალებს სხვა დანარჩენებისგან გამოყოფს, შესაძლებლობაა. შენ ვერ მოიგებ ემის იმ როლისათვის, რომელიც უბრალოდ არ არსებობს", - ამბობდა ვაიოლა.

რა თქმა უნდა, ჰოლივუდი გამონაკლისი არაა და დასაქმებული ქალების უფლებები სხვა სფეროებშიც ირღვევა. თუმცა, საინტერესოა, რომ ინდუსტრია, რომელშიც ექვსი, შვიდი თუ რვანიშნა ხელფასები ჩვეულებრივი ამბავია, სექსიზმისგან დაცული არაა. მეორე მხრივ, მსახიობები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ ამ თემაზე, იმედს აძლევენ ჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა საკუთარი თავისა და ოჯახების გამოსაკვებად.

ჰოლივუდს შეუძლია სხვა ინდუსტრიებს მაგალითი მისცეს. მსახიობებმა, მწერლებმა და რეჟისორებმა უნდა განაგრძონ თანასწორობისთვის ბრძოლა. თუ ფილმის შემქმნელები თანაბრად მნიშვნელოვანი როლებისთვის ქალებსა და კაცებს თანაბრად გადაუხდიან, შეიძლება ჰოლივუდი ბევრად საინტერესო გახდეს.