არჩევნები და საგარეო პოლიტიკა — რა უნდა ვიცოდეთ? — საარჩევნო კომპასი - საქართველო
არჩევნებში ხმის მიცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია მოქალაქისთვის პოლიტიკურ პროცესებზე ირიბად გავლენის მოსახდენად. თუმცა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმა. არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში არჩევანის გაკეთება რთულია. კიდევ უფრო რთულია იმის გარკვევა, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი რას ჰპირდება ამომრჩეველს. სწორედ ასეთ დროს იზრდება ისეთი აპლიკაციების მნიშვნელობა, რომლებიც ამომრჩეველს ეხმარება პოლიტიკური პარტიების პოზიციების გარკვევაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების გარშემო. მაგალითად, პროექტი "საარჩევნო კომპასი - საქართველო" (https://kompasi.partiebi.ge) სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მოუწოდებს ამომრჩეველს შეისწავლოს თავისი და პარტიების პოზიციები.
არჩევნებში ხმის მიცემისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საგარეო პოლიტიკაა. აგვისტოში გამოკითხულთა 15%-ისთვის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია ხმის მიცემისას და უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა ან განათლება.
ერთი შეხედვით, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პარტიების პოზიციები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, რადგან ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. თუმცა 2016 წლის არჩევნებში ამ მხრივ ცვლილებები მოხდა, როდესაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა სხვა პარტიებთან შედარებით პრორუსული პოზიციები დააფიქსირა საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში. მიმდინარე არჩევნებში პარტიების პოზიციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
"საარჩევნო კომპასის" (https://kompasi.partiebi.ge) მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია, მეტი გავიგოთ ათი ძირითადი პარტიის პოზიციების შესახებ. ეს პარტიებია: ქართული ოცნება (ქო), გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია (ენმ), ევროპული საქართველო (ეს), სტრატეგია აღმაშენებელი (სა), ლეიბორისტული პარტია (ლპ), პატრიოტთა ალიანსი, გირჩი, ერთიანი საქართველო, ლელო, მოქალაქეები. ამ პარტიების შეხედულებები "საარჩევნო კომპასის" (https://kompasi.partiebi.ge) ფარგლებში სამ ჯგუფად შეგვიძლია, დავყოთ.
პირველ და ყველაზე დიდ ჯგუფში თავსდება ხუთი პოლიტიკური პარტია: გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, გირჩი, მოქალაქეები და სტრატეგია აღმაშენებელი. ამ პარტიებს მიაჩნიათ, რომ (1) ევროინტეგრაცია ქართულ თვითმყოფადობას საფრთხეს არ უქმნის; (2) საქართველომ პროდასავლური კურსი უნდა შეინარჩუნოს მაშინაც, კი თუ ეს რუსეთთან ურთიერთობებს გააუარესებს; (3) საქართველომ არ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი; (4) თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან არ უნდა გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება; (5) საქართველო უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.
პარტიების მეორე ჯგუფი მოიცავს სამ პარტიას: ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო. ეს ჯგუფი წინა ჯგუფის პოზიციებს იზიარებს პირველ ოთხ საკითხში, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. სწორედ ეს ერთი საკითხია, რაც პარტიების ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან განასხვავებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში "საარჩევნო კომპასის" (https://kompasi.partiebi.ge) მიხედვით.
ბოლოს, არის ორი პარტია, ერთიანი საქართველო და პატრიოტთა ალიანსი, რადგან მათი პოზიციები სრულად არ ემთხვევა არცერთი სხვა პარტიის პოზიციებს. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი არცერთ საკითხში არ ეთანხმება პირველი ჯგუფის პარტიებს და მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შენარჩუნების მხრივ ემთხვევა მისი პოზიცია მეორე ჯგუფის პარტიების პოზიციას (ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო). შედეგად, პატრიოტთა ალიანსს ყველაზე მეტი საერთო აქვს ერთიან საქართველოსთან (ნინო ბურჯანაძის პარტია), რომელის პოზიციებსაც ორ საკითხში ეთანხმება პროდასავლური კურსის პოტენციური გადახედვისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ერთიან საქართველოს (ნინო ბურჯანაძის პარტია), ის ორ საკითხში იზიარებს მეორე ჯგუფის პარტიებს (ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო) და მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაცია საფრთხეს არ შეიცავს და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება სოხუმთან და ცხინვალთან არ უნდა გაფორმდეს. ამასთან, ბურჯანაძის პარტია, როგორც პირველი ჯგუფის პარტიები, მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, პატრიოტთა ალიანსი და ერთიანი საქართველო იმ ორ პარტიას წარმოადგენს, რომლებიც თავიანთი პოზიციებით დანარჩენი პარტიებისგან ყველაზე მეტად გამოირჩევიან
საბოლოო ჯამში, "საარჩევნო კომპასი - საქართველოს" (https://kompasi.partiebi.ge) მეშვეობით, შესაძლებელია პარტიების პოზიციებისა და ასევე საკუთარი პოზიციების უკეთესად გარკვევა. თუმცა პარტიები მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დაპირებებით არ შემოიფარგლებიან და სხვა ისეთ სფეროებშიც განსხვავდება მათი პოზიციები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, მართლმსაჯულება და სხვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს საარჩევნო ყუთთან და იცოდეს, რა მოლოდინი ჰქონდეს მის მიერ არჩეული ახალი მთავრობისგან, რათა უკეთესად მოხდეს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
სტატია მომზადდა პროექტის "საარჩევნო კომპასი საქართველოს" (https://kompasi.partiebi.ge) ფარგლებში, რომელიც არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან.
პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). ). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის თავისუფალი (ვრიეს) უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია "Kieskompas", რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.
კომენტარები