ახალი ტექნოლოგია პლასტმასის ნარჩენებს გამოსადეგ ზეთად აქცევს
თანამედროვე შეფასებით, მდინარეებიდან მსოფლიო ოკეანეში ყოველწლიურად 1.15-დან 2.41 მილიონ ტონამდე პლასტმასა ხვდება. ეს ნარჩენები დიდ მოტივტივე მასებად ყალიბდებიან, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი წყნარი ოკეანის დიდი პლასტმასის კუნძულია.
ეს კუნძული საქართველოს ფართობზე თითქმის 10-ჯერ დიდ ტერიტორიას ფარავს და იგი შემაშფოთებელი ტემპით განაგრძობს ზრდას. პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად კომპანიები აქტიურად ეძებენ ახალ საშუალებებს. ერთ-ერთი მათგანი ქიმიური ნივთიერებებისა და საჰაერო ხომალდების ნაწილების მწარმოებელი Honeywell International-ია. გასულ კვირას მათ განაცხადეს, რომ ახალ გზას მიაგნეს დაბალი ხარისხის პლასტმასის ნარჩენების ზეთად გადასაქცევად, რომელიც საკმარისად მაღალი ხარისხის იქნება იმისთვის, რომ გადასამუშავებელ ქარხანაში გამოიყენონ.
კომპანია, რომელიც ავტომატიზაციის აღჭურვილობასა და საჰაერო ხომალდის ნაწილებსაც აწარმოებს, ესპანურ ინფრასტრუქტურულ კომპანია Sacyr SA-ისთან თანამშრომლობის ფარგლებში გეგმავს პირველი ქარხნის აშენებას, რომელშიც პლასტმასის გადამუშავების ზემოხსენებულ ტექნოლოგიას, სახელწოდებით Upcycle Process Technology-ის გამოიყენებენ. მათი შეფასებით, ქარხანამ ყოველწლიურად 30 000 ტონა შერეული, დაბალი ხარისხის პლასტმასის ნარჩენი სამრეწველო ნედლეულად უნდა გარდაქმნას. პლასტმასისგან ზეთის წარმოების დაწყება 2023 წელს იგეგმება.
ეს კომპლექსური პროცესი ათწლეულების მანძილზე იხვეწებოდა იმისთვის, რომ უკეთესად გაეფილტრათ ნახშირწყალბადში არსებული მინარევები, სანამ მას საწვავად და პლასტმასად გარდაქმნიდნენ. ასევე არსებობს ჯერ კიდევ შემუშავების ფაზაში მყოფი მეთოდები, რომლებიც პლასტმასის ნარჩენების დიფერენცირებას ისახავს მიზნად.
ჩვენს დამოკიდებულებას პლასტმასის პროდუქციაზე უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ვერაფერს ვუშველით. "პლასტმასა ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს — მისი საშუალებით შესაძლებელია საკვების უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა, შედარებით მსუბუქი ავტომობილების წარმოება, რაც მათ გამონაბოლქვსაც ამცირებს", — განაცხადა რელიზში ვიმალ კაპურმა, Honeywell-ის მთავარი აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა — "სამწუხაროდ, დღეს არსებული პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ მცირე ნაწილი გადამუშავდება".
"გადამუშავებადი პლასტმასის ტიპების რაოდენობის გაზრდით, UpCycle კრიტიკულ როლს ითამაშებს მრავალი პროდუქტის მდგრადობის გაზრდის საქმეში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ", — ამბობს ვიმალ კაპური.
პლასტმასის დიზელად გადაქცევის შესახებ კიდევ ერთი კვლევა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.
კომენტარები