სტეფენ ჯ. გულდი — მეცნიერი, რომელმაც ევოლუციის თეორია შეცვალა და რასიზმს დაუპირისპირდა
ჩარლზ დარვინის შემუშავებულმა ევოლუციის თეორიამ მეცნიერებაზე, განსაკუთრებით კი ბიოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ბუნებრივი სამყარო ჩვენთვის შედარებით უფრო გასაგები გახდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციის თეორია საყოველთაოდ აღიარებულია, მისი დეტალები ხშირად კამათის საგანია.
ცხოველებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მათი ფიზიოლოგია და ანატომია ხშირად ევოლუციურად არის განპირობებული. გარემოსთან შემგუებლობა სახეობის გადარჩენაში დიდ როლს თამაშობს. ცუდად ადაპტირებული ცხოველები კვდებიან, ხოლო კარგად ადაპტირებულები გადარჩებიან. ეს დარვინიზმის ერთ-ერთი ცენტრალური იდეაა.
იმის გამო, რომ ბუნებრივი გადარჩევის ცნება ასეთი პოტენტურია და იმიტომ, რომ ცხოველებში უამრავი ნიშან-თვისება ბუნებრივი გადარჩევით ჩამოყალიბდა, მეცნიერებისთვის აშკარა გახდა, რომ ცხოველთა ქცევის მრავალფეროვნებაც ევოლუციის შედეგია.
ევოლუცია, სხვა ცხოველების მსგავსად, ჩვენც შეგვეხო. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ზოგი ჩვენი ქცევა სწორედ ევოლუციის და ბუნებრივი გადარჩევის შედეგია. ამ მოსაზრებას ეყრდნობა თანამედროვე სოციობიოლოგია, რომელიც სოციალური ქცევის ევოლუციურ კონტექსტში ახსნას ცდილობს. თუმცა, ხშირად ბუნებრივი გადარჩევა, ისევე როგორც ევოლუციური განვითარება, არასწორადაა აღქმული.
სოციალური დარვინიზმის მიმდევრები დარვინიზმის ცენტრალურ იდეებს ერთ ფრაზამდე ამარტივებენ - "ყველაზე ძლიერი გადარჩება" და ამ იდეით სოციალური საკითხების განხილვისას ხელმძღვანელობენ. ეს მოძღვრება ევგენიკოსებს შორის პოპულარული იყო. მათ მიაჩნდათ, რომ "წარჩინებული" ადამიანების გამრავლებით და "ჩამორჩენილი" ადამიანების გამრავლების შეზღუდვით, უფრო ჭკვიან და უფრო დახვეწილ საზოგადოებას მივიღებდით.
ნაცისტურ გერმანიაში "არიანული რასის" მოძღვრება თითქოს ევოლუციის თეორიით მყარდებოდა, თუმცა, რეალურად, ეს ევოლუციური თეორიის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალური დარვინიზმი და ევგენიკა ნაკლებად პოპულარული იყო, ამ სოფლმხედველობას შთამომავლები ჰყავს და მის მემკვიდრეებს შორისაა "რასობრივი რეალიზმი".
სტეფენ ჯეი გულდი ამერიკელი პალეონტოლოგი და ევოლუციური მეცნიერი იყო, რომელიც ევოლუციის არასწორ ინტერპრეტაციებს, ისევე როგორც ევოლუციურ მეცნიერებაში გაბატონებულ პოპულარულ თეორიებს დაუპირისპირდა. წარმატებულ აკადემიურ კარიერასთან ერთად, გულდი პოპულარულ ენაზეც წერდა იმ იმედით, რომ ადამიანები ნაკლებად მოტყუვდებოდნენ იდეოლოგიზირებული ცრუ მეცნიერებით.
ამ სტატიაში ჩვენ ამ ლეგენდარული ამერიკელი მეცნიერის იდეებს და ნააზრევს განვიხილავთ.
გულდი vs ნეო-დარვინიზმი
იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ უყურებდა გულდი ევოლუციას, პირველ რიგში, სჯობს ევოლუციის თეორიის ყველაზე პოპულარული მოძღვრება, ნეო-დარვინიზმი განვიხილოთ.
ნეო-დარვინიზმის საზოგადოებაში პოპულარიზაცია მეტწილად, ბრიტანელ ბიოლოგს, რიჩარდ დოკინსს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა 1976 წელს Selfish Gene გამოსცა, სადაც ის ნეო-დარვინიზმის თეორიას ავრცობს და მის მნიშვნელობაზე წერს. ნეო-დარვინიზმის ესენცია კი შეგვიძლია გონებრივი ექსპერიმენტით ავხსნათ.
დავუშვათ, აკვირდებით ზღვის ლომებს, სადაც მამრები "ალფობისთვის" ეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებული ალფა მამრი კი მდედრების უმეტესობას ანაყოფიერებს და შთამომავლობის დიდი ნაწილი სწორედ ალფა მამრის დატოვებულია.
იმის გამო, რომ ეს ცხოველები დიდი ხანია არსებობენ და საკმაოდ ცვალებად პირობებში უწევთ ცხოვრება, ბუნებრივია ივარაუდოთ, რომ მსგავსი სექსუალური ქცევა ბუნებრივი გადარჩევით დამკვიდრდა. ანუ გამრავლების სხვა ფორმები არაეფექტიანი იყო. ზღვის ლომების სოციუმში გამრავლების ამ ფორმამ გაიმარჯვა.
ეს მიდგომა ყველაფერზე შეგვიძლია გავავრცოთ. მაგალითად, ადრეულ პრიმატებს შორის, ადამიანებს გადარჩენაში, შესაძლოა, ბიპედალიზმი (ორ ფეხზე სიარული) დაეხმარა, ამან ტვინის ზომის მატება გახადა შესაძლებელი, ხელები ტვირთის საზიდად გამოთავისუფლდა, რადგან ოთხზე გადაადგილება აღარ გვიწევდა, ორ ფეხზე მოსიარულეებს უფრო შორ მანძილებზე შეეძლოთ გადაადგილება და ა.შ.
თუმცა, გულდისთვის ნეო-დარვინიზმი ევოლუციას არასრულფასოვნად ხსნის, რადგან ევოლუციაში ბუნებრივი გადარჩევის გარდა სხვა "ძალებიც" მოქმედებენ.
იმის გამო, რომ ბუნებრივი გადარჩევა მუდმივად მიმდინარეობს, მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ვარაუდობდნენ, რომ ცოცხალი ორგანიზმები ისტორიის მანძილზე თანდათანობით იცვლებოდნენ. მაგალითად, ვეშაპების წინაპარი ოთხ ფეხზე მოსიარულე ციყვის მსგავსი არსება იყო. ამ ტრანსფორმაციას მილიონობით წელი დასჭირდებოდა.
თუმცა, გულდის და ნილს ელდრიჯის დაკვირვებით, განამარხებულ ცხოველებში მორფოლოგიური ცვლილებები თითქოს მყისიერად ხდებოდა, რასაც შემდგომ "სტაბილურობის ფაზა" მოჰყვებოდა. ამ ფენომენს "წყვეტილი წონასწორობა" (punctuated equilibrium) შეგვიძლია დავარქვათ.
ფოტოზე თქვენ "ფილოგენურ გრადუალიზმს" (თანდათანობით ცვალებადობას) და "წყვეტილ წონასწორობას" შორის არსებულ განსხვავებას ხედავთ. აღსანიშნავია, რომ ეს ორი თეორია ურთიერთგამომრიცხავი არ არის, რადგან ზოგან ცვლილება თანდათანობით ხდება, ზოგან —არა.
გულდისთვის წყვეტილი წონასწორობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ევოლუციურ ბიოლოგიაში ბუნებრივი გადარჩევის გარდა, სხვა ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და მეცნიერები ბუნებრივ სამყაროს ხშირად ანთროპოცენტრული გადმოსახედიდან უყურებენ.
ცხოველების ნიშანთვისებების განხილვისას, ხშირად ვსაუბრობთ ამა თუ იმ ორგანოს ან ქცევის დანიშნულებაზე. მაგალითად, ადამიანის ჩონჩხზე ხშირად ამბობენ, რომ მისი მთავარი ფუნქცია "სტრუქტურის შენარჩუნება" და გადაადგილების გამარტივებაა. ცხადია, ჩონჩხი ამ როლს ასრულებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისი მთავარი დანიშნულებაა?
ჩონჩხში მარაგდება კალციუმი, ბევრი ძვალი სისხლმბადია და ა.შ. ამ ფუნქციების გარეშე ჩვენი სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მაშინ რატომ კეთდება აქცენტი მის სტრუქტურულ მნიშვნელობაზე?
გულდი vs ევგენიკა და სოციობიოლოგია
1975 წელს ე.ო ვილსონმა "სოციობიოლოგია: ახალი სინთეზი" გამოაქვეყნდა, სადაც ის ეცადა ეჩვენებინა, რომ ცხოველების მსგავსად ადამიანების ქცევაც, დიდწილად, ბიოლოგიით არის განპირობებული. აქ ის სხვადასხვა ქცევის ახსნას ევოლუციური პერსპექტივით ცდილობს. მაგალითად, ვილსონი წერს, რომ ადამიანთა ინდოქტრინაცია საკმაოდ მარტივია, შესაბამისად შესაძლოა, რომ არსებობს გენები, რომლებიც ამას შესაძლებელს ხდის.
რატომაა კრიმინალის დონე მაღალი ზოგ რეგიონში, მაგალითად სამხრეთ ამერიკაში? იქნებ ამას ბიოლოგიური ახსნა ჰქონდეს. პოპულაციური გენეტიკა რეალური რამაა და ძალიან აშკარაა, რომ სხვადასხვა პოპულაციებს განსხვავებული გენები აქვთ.
გულდის მტკიცებით, ვილსონის მცდელობა, რომ სოციალური ქცევა ბიოლოგიური გადმოსახედიდან წარმოეჩინა, ძალიან რედუქტიული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვილსონი არც ევგენიკოსია და ერების უპირატესობის რასისტულ მანტრას არ იზიარებდა, მისი მიდგომა იგივენაირად მცდარია, როგორც ევგენიკოსების და რასობრივი რეალისტების.
ვილსონი და სხვა მეცნიერები ადამიანების ქცევას ხშირად სხვა ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით ხსნიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკურ კონტექსტშია.
1902 წელს ნატურალისტმა და ანარქისტ ფილოსოფოსმა პეტრე კროპოტკინმა გამოსცა წიგნი სახელად Mutual Aid: A Factor of Evolution. სადაც კროპოტკინი ამტკიცებს, რომ სახეობათა გადარჩენისთვის მთავარი არა კონკურენცია, არამედ კოოპერაციაა. ის ამტკიცებს, რომ იგივე ალტრუიზმი ადაპტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კროპოტკინის წიგნი თავის დროზე, ევგენიკას და სოციალურ დარვინიზმს უპირისპირდებოდა, სადაც აქცენტი "ძლიერის გადარჩენაზე" კეთდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ევოლუციის ორივე აღქმა ფუნდამენტურად არასწორია.
ძალიან მოსახერხებელია, რომ რაღაც ქცევას უბრალოდ ევოლუციური ახსნა მოვუძებნოთ. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკაში უფრო დიდი ცხვირები იმიტომ აქვთ, რომ იქ ყნოსვა უფრო დიდ როლს თამაშობდა და შემდგომ ეს ლოგიკურად გავამართლო. თუმცა, დებულება რომელიც ლოგიკურად გამართულია, არ ნიშნავს რომ ის ჭეშმარიტია.
სოციობიოლოგიის კრიტიკისას გულდი სწორედ ამას უსვამს ხაზს. გარკვეული ქცევების და ნიშან-თვისებების ევოლუციური ახსნები, ხშირად უბრალოდ ზღაპრებია, რომლებსაც რეალური სამეცნიერო საფუძველი არ აქვთ.
მსგავს ზღაპრებს ეფუძნება სხვადასხვა სტერეოტიპები. მაგალითად, ბევრი ევოლუციურად ხსნის კაცების და ქალების განსხვავებულ სპეციალიზაციას და იმ ფაქტს, რომ მაგალითად ქალები STEM სფეროში ნაკლებად საქმდებიან. უთანასწორობა თითქოს ბიოლოგიით აიხსნება: ქალები ბავშვებს აჩენენ, რომლის მოვლაც უწევთ, ამიტომ ისინი უფრო ემპათიურები არიან და მაშასადამე ნაკლებად შეუძლიათ რისკების გაღებდა და ა.შ.
სოციალური გარემოებების უგულებელყოფით, გვრჩება გაუმყარებელი ბიოლოგიური დეტერმინიზმი, რომელიც განუზრახველად თუ განგებ დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს ამყარებს. მაგალითად, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი მეცნიერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მონობა შავკანიანებისთვის გენეტიკური იყო.
მეცნიერება არ არის აპოლიტიკური, არც გულდი
არ მინდა, რომ ევოლუციურ ბიოლოგიაში არსებული დებატები ცალმხრივად წარმოვაჩინო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სტატია სტეფენ ჯეი გულდს ეხება. სინამდვილეში ევოლუციური თეორიის გარშემო არსებულ დებატებში გულდი უმცირესობაში იყო და ნეო-დარვინიზმი ევოლუციურ ბიოლოგიაში ყველაზე პოპულარულ მოძღვრებად რჩება.
კამათის მიუხედავად, გულდი და ბევრი ნეო-დარვინისტი, მაგალითად, რიჩარდ დოკინსი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ. კოლეგიალური სოლიდარობა და პატივისცემა სამეცნიერო წრეში ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, იმის გამო, რომ გულდს თავისი პოლიტიკური ხედვები ჰქონდა, მისი ნააზრევიც პოლიტიკური მიკერძოებით არის გაჯერებული. მაგალითად, გულდი კროპოტკინის Mutual Aid-ისადმი სიმპათიებით იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ დარვინიზმს აკრიტიკებდა. ამასთანავე, გულდის Mismeasure of Man, სადაც გულდი სიოციობიოლოგიას და ევოლუციურ ფსიქოლოგებს აკრიტიკებს, სამეცნიერო წრის მიერ გაკრიტიკებული იყო.
ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც გულდი ამ წიგნში აკრიტიკებს რასობრივი რეალიზმის საფუძველია. ამ იდეის მიხედვით, ზოგადი ინტელექტი (General Intelligence) მეტწილად გენეტიკურია და ის რასებს შორის განსხვავებულია. მაშ ფაქტი, რომ შავკანიანებს თეთრკანიანებთან შედარებით საშუალოდ უფრო დაბალი IQ უაქვთ, გენეტიკურად აიხსნება.
ამ საკითხზე მანამდეც დამიწერია და მის გასაქარწყლებლად უამრავი არგუმენტი არსებობს, თუმცა გულდის Mismeasure of Man, რასობრივი რეალიზმის კრიტიკოსების მიერაც იყო გაკრიტიკებული.
ბევრი ისეთ სურათს ხატავს, თითქოს მეცნიერები უცნაურ ლიმბოში არსებობენ, სადაც მათ კვლევაზე პოლიტიკური და სოციალური კლიმატი არ მოქმედებს. ეს არ არის სიმართლე. მეცნიერების უამრავი დარგი, განსაკუთრებით კი ის დისციპლინები, რომლებიც ქცევას და ევოლუციას სწავლობს, ყოველთვის პოლიტიზირებული იყო.
გულდმა სიცოცხლის დიდი ნაწილი სწორედ ამის ჩვენებას მიუძღვნა. ცუდი მეცნიერება ყველგანაა და პოლიტიკური მიკერძოებულობა გარდაუვალია. ამის მიუხედავად, მეცნიერების თანამშრომლობიდან და დაპირისპირებებიდან იბადება პროგრესი, რომელიც სამეცნიერო ცოდნის დაგროვებას ხელს უწყობს.
კომენტარები