ქართული ენისთვის დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მონიტორინგის პირველი ხელსაწყოები იქმნება
ნოემბრის პირველ კვირას, მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება. ამ კვირეულს წელს სამი ქართული სტარტაპ კომპანია — Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai შეუერთდნენ, რომლებიც საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლის პირველ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან. კვირეულის ფარგლებში კომპანიებმა ჟურნალისტებსა და დეზინფორმაციაზე მომუშავე მკვლევრებს ამ პროგრამების პირველადი ვერსიები გააცნეს.
Pulsar AI, Meta Mine and wavetech.ai ივნისში Zinc Network-ის, Startup Grind-ისა და USAID-ის პირველი ერთობლივი ინოვაციური კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსი მიზნად ისეთი სტარტაპების გამოვლენას ისახავდა, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს შეიმუშავებდნენ.
"სამ გამორჩეულ ხელსაწყოს გთავაზობთ, რომლებიც არასამთავრობო სექტორისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება, ტექ. სექტორისთვის კი — ძალიან საამაყო", — განაცხადა უილიამ დანბარმა, პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.
„გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა, გაგვეტესტა ის პროდუქტები, რომლებიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სამი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომლებსაც, ერთი მხრივ, დეზინფორმაციის შემცველი აუდიო და ვიდეო მასალები ტექსტად გადაჰყავს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს ავტომატურად ატყობინებს საეჭვო აქტორების მხრიდან საჯარო ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ", — განაცხადა Startup Grind თბილისის თავმჯდომარემ, გიორგი ტუხაშვილმა.
პროგრამა, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. იგი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე — ქართული ენის დამუშავების ფუნდამენტურ პლატფორმებსა და მოდელებზე დაშენდეს სხვა ბიზნეს ინიციატივები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"არ არსებობს ქართული ტექსტის ანალიზის ალტერნატიული ხელსაწყო, რომელიც გარკვეულ საეჭვო ინფორმაციაზე მიგითითებთ. პირველი პლატფორმით ვიდეო და აუდიო მასალების ტექსტად ქცევაა შესაძლებელი. მეორე პროგრამის საშუალებით საჯარო წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება ხდება. მესამე პროგრამის საშუალებით კი, შესაძლებელია ადამიანის პირადი ნომრის გამოყენებით იმის გაგება, თუ რომელ კომპანიებშია იგი დარეგისტრირებული, ვინ არიან მისი მეწილეები ამ კომპანიებში, როგორ იცვლებოდა მისი წილობრივი მონაწილეობა, რომელ წელს რომელი პოლიტიკური პარტიები ჰყავს დაფინანსებული და რა რაოდენობით, რა ტენდერებში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებშია გამარჯვებული და ა.შ.", — განმარტა გიორგი ტუხაშვილი. "როგორც აღვნიშნე, ქართული ენისთვის ამგვარი პროგრამები არ არსებობს, შესაბამისად, ამ გუნდების მიერ შექმნილი პროდუქტები უნიკალურია", — დასძინა მან.
wavetech.ai-ის ტექნიკური დირექტორის, ლუკა ჩხეტიანის თქმით, კომპანიის Speech to Text პლატფორმა მომხმარებელს ათასობით საათი დეზინფორმაციული ვიდეო/აუდიო სტრიმების ტრანსკრიფციაში დაეხმარება, დამატებითი მოდულები კი მიღებული ტექსტის ანალიზის შესაძლებლობასაც იძლევა. მაგალითად, პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ტექსტის მოსაუბრეებად დაყოფა და იმის გაშიფრვა, თუ ვინ როდის ისაუბრა. მოდული მოიცავს ასევე მოსაუბრეების მოძებნასაც.
"დეზინფორმაცია კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ჩვენ მოვიფიქრეთ, უნიკალურია ქართული ბაზრისთვის და ასევე შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი ადაპტირებით, იგივე ტიპის დეზინფორმაციულ პრობლემებს გაუმკლავდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს, ბუნებრივია, გულისხმობს დამატებით ინვესტიციას, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქვეყნისთვის", — ამბობს, Pulsar Al საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ბოსიკაშვილი.
მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ეს სამი ინოვაციური ტექნოლოგია უკვე გატესტეს მომხმარებლებმა, კერძოდ დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. მედიასაშუალება "აი, ფაქტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ პროგრამები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ჟურნალისტებმა მაქსიმალურად სწრაფად აღმოაჩინონ დეზინფორმაცია.
"საქართველოსა და მსოფლიოში დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას მედიაში, ვინაიდან ინფორმაციის გადამოწმებას დიდი დრო უნდა. ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი შრომა, როგორიცაა რეესტრში ქექვა, აუდიო-ვიზუალური მასალის გაშიფვრა და დეზინფორმაციის გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება", — ამბობს ნინო ბაქრაძე.
ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა ჯამში 42 500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა, სტარტაპ კომპანიებთან თანამშრომლობასაც მოიცავს.
"ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტ ისეთ ადამიანს მივწვდებით, რომლებსაც აქტიური შეხება აქვთ ამ სფეროსთან. ყურადღებით იყავით, როცა ინფორმაციას აზიარებთ, რადგან თუ დეზინფორმაციას და ტყუილს ავრცელებთ, მაშინ ტქვენც პრობლემის ნაწილი ხართ", — განაცხადა კოლინ მაიკლ დონოჰიუმ, Startup Grind თბილისის დირექტორმა.
კომენტარები