როგორ ქმნის ტვინი დროის სუბიექტურ შეგრძნებას
ალბათ, ყველას გექნებათ შემჩნეული, რომ დაუსრულებელ რიგებში ლოდინისას 5 წუთი შეიძლება მთელ საუკუნედ მოგვეჩვენოს, საინტერესო ფილმის ყურებისას კი ისე გადის დრო, თითქოს ჯერ არც კი დაგვიწყია. ეს ფენომენი მეცნიერებსაც თავგზას უბნევს.
რატომ მიფრინავს დრო, როცა ვერთობით?
ამ მიმართულებით ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო კვლევაში მეცნიერები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ პასუხს ამ კითხვაზე. მათ შეისწავლეს ტვინის აქტივობა ისეთი დავალებების შესრულებისას, რომლის დროსაც ადამიანები დროის მენეჯმენტს ცდილლობენ და მობილიზებულები არიან. აღმოჩნდა, რომ არსებობს ნეირონები, რომლებიც დროის მიმართ არიან მგრძნობიარენი და მხოლოდ გარკვეული ინტერვალების შემდეგ რეაგირებენ. ეს დროზე ორიენტირებული ნეირონები ტვინის სუპრამარგინალურ ღარში (SMG) არიან განლაგებულნი, ეს ღარი კი პარიეტალური კორტექსის ნაწილს წარმოადგენს და ასევე, მონაწილეობს სივრცისა და მოძრაობის აღქმაში.
განმეორებითი ზემოქმედებისას ტვინზე, რომელიც იმავე ხანს გაგრძელდა, დროის მიმართ მგრძნობიარე ნეირონები მოეშვნენ და მათ ნაცვლად სხვა ნეირონები ჩაერთვნენ პროცესში, რამაც გამოიწვია დისბალანსი და დროის აღქმის შეგრძნების შეფერხება.
ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ადამიანს 5 წამიან ვიდეოს განმეორებით აჩვენებენ 50-ჯერ, მან შეიძლება სხვა ვიდეოს აღქმის უნარი დაკარგოს და არ აქვს მნიშვნელობა ეს უკანასკნელი წინაზე ბევრად ხანგრძლივი იქნება, თუ პირიქით - ხანმოკლე.
ეს აღმოჩენა Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
მასამიჩი ჰაიაში, რომელიც აღნიშნული კვლევის თანაავტორია, თანამშრომლობს კალიფორნიისა და ოსაკას უნივერსიტეტებთან, ასევე ინფორმაციისა და ნეირონულ ქსელის ცენტრთან და ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეროვნულ ინსტიტუტთან.
ჰაიში დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა დროის აღქმის ნერვულ საფუძველს. იგი ფიქრობს, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ პირველი გადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ, დროის სუბიექტური აღქმის ნეირომექანიზმის სრულ გააზრებამდე მიგვიყვანს. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს, რომ ამ საკითხის შესწავლის პრაქტიკული ასპექტები კვლევას აფერხებს.
"ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია ისაა, რომ არ ენდოთ თქვენეულ დროის შეგრძნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუდმივად გაიმეორებთ ერთსა და იმავე ქმედებას დროის თანაბარი ინტერვალებით, რადგან ამან შეიძლება დროის მიმართ მგრძნობიარე ნეირონების მოდუნება გამოიწვიოს".
იმის გასაგებად, თუ როგორ ქმნის ტვინი დროის შეგრძნებას, ჰაიაშიმ და მისმა გუნდმა გამოიყენეს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და გაზომეს ტვინის აქტივობა 18 ჯანმრთელ მოზარდზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ტვინში მიმდინარე აქტივობისას, შესაძლებელია სისხლის დინებაში პატარა ცვლილებების დადგენაც კი.
"ადამიანებს გვაქვს მგრძნობიარე ორგანოები, რომელთა საშუალებითაც სინათლეს, ან ხმის ტონალობას შევიგრძნობთ, მაგრამ არ არსებობს რაიმე კონკრეტული ორგანო, რომელიც დროის აღქმაში დაგვეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დრო, როგორც ასეთი, ჩვენი ტვინის აქტივობის პროდუქტია", - განმარტავს ჰაიში.
18 ახალგაზრდას ექსპერიმენტში ცდისპირებს გარკვეული დროით აჩვენეს ნაცრისფერი წრე ეკრანზე და ეს პროცესი 30-ჯერ გაიმეორეს. ამ ნაწილს ადაპტაციის პერიოდი ეწოდება. შემდეგ მონაწილეებმა შეაფასეს, მთლიანობაში რამდენ ხანს გაგრძელდა ეს დავალება და ასევე "ადაპტორის", ანუ ერთი ცალკეული დავალების ხანგრძლივობაც მიუთითეს. შემდეგ მონაწილეებს ისევ მისცეს მსგავსი დავალება, სადაც წრის ნაცვლად მათ ან ნაცრისფერ ჯვარს აყურებინებდნენ ეკრანზე, ან მაღალსიხშირული ტალღების ნარევს ასმენინებდნენ, რის შემდეგაც მათ ისევ სთხოვეს დროის შეფასება.
ადაპტაციის პროცედურა დაეხმარა მკვლევრებს, შეესწავლათ ადამიანების მიერ აღქმული დროის ინტერვალები მაშინ, როდესაც ფიზიკურად ხანგრძლივობა უცვლელი იყო.
როგორ აღიქვამს ტვინი დროს?
პირველი დავალების (ადაპტორის) ხანგრძლივობის გაზრდის შემდეგ, მონაწილეებმა მეორე დავალების დრო იმაზე მოკლედ შეაფასეს, ვიდრე სინამდვილეში იყო. ხოლო ადაპტორის ხანგრძლივობის შემცირების შემდეგ კი პირიქით, მათ მეორე დავალება უფრო გრძლად მოეჩვენათ.
როდესაც ადაპტორის და მეორე დავალების ხანგრძლივობა ერთმანეთს გაუტოლეს, SMG-ში აქტივობამ დაიკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ნეირონები მოდუნდა და გაითიშა. ადამიანების მიერ დროის ინტერვალის არასათანადოდ შეფასება კორელაციაშია SMG-ში მიმდინარე პროცესების აქტივობასთან - რაც უფრო მოდუნებული იყო მონაწილეთა ნეირონები, მით უფრო არასწორად აფასებდნენ ისინი დროს.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დროის მიმართ მგრძნობიარე ნეირონები პარიეტალურ კორტექსში დუნდება ერთი და იმავე ხანგრძლივობის, განმეორებითი დავალებების შესრულების შემდეგ, რაც საბოლოოდ იწვევს დროის აღქმის დამახინჯებას", - ამბობს ჰაიაში.
SMG-ში მიმდინარე აქტივობა აღწერს ადამიანის მიერ დროის სუებიექტურ აღქმას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დროის მიმართ მგრძნობიარე ნეირონები იმ ნეირონების მსგავსად მოქმედებენ, რომლებიც ადამიანის მიერ სივრცის აღქმაზე არიან პასუხისმეგებლნი. "უკვე ვიცით, რომ ძირითად სივრცულ მახასიათებლებზე რეაგირებს ნეირონების ჯგუფი, რომელიც მგრძნობიარეა კონკრეტულ ორიენტაციასა და მოძრაობის მიმართულებაზე", - განაცხადა ჰაიაშიმ.
ერთხელაც, შესაძლოა, მეცნიერებმა შეძლონ დროის სუბიექტური აღქმით მანიპულირება, იქამდე კი, რამე გზა უნდა ვიპოვოთ უსასრულოდ გაწელილ ღონისძიებებსა და გრძელ რიგებში დროის გასაყვანად. ამასთან, ალბათ თავი უნდა ავარიდოთ გამეორებად გამოსახულებებსა თუ საქმეებს, რომელთაც, როგორც ჩანს, ჩვენი ნეირონების მოდუნება და შეცდომაში შეყვანა შეუძლიათ.
კომენტარები