მცურავი რობოტი? — რატომაც არა
კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერთა გუნდმა კალმარის მსგავსი რობოტი შექმნა, რომელსაც წყლის ქვეშ ცოცხალი ორგანიზმივით შეუძლია მოძრაობა.
"რეალურად, ჩვენ ყველა ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი შევქმენით, რომელსაც კალმარები სწრაფად ცურვისთვის იყენებენ. ეს არის პირველი რობოტი, რომელსაც სწრაფად გადაადგილება კალმარივით შეუძლია. კალმარები ამას სხეულის ფორმის შეცვლით ახერხებენ, რაც მათი ცურვის ეფექტიანობას ზრდის", — განაცხადა კვლევის ავტორმა მაიკლ ტოლიმ.
კალმარები წყლის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოცურავეები არიან. ისინი წყალს სპეციალური კუნთოვანი პარკების მეშვეობით ჯერ ისრუტავენ, შემდეგ კი გარეთ გამოდევნიან. ამგვარად ისინი წყლის ჭავლებს წარმოქმნიან.
რობოტს ელექტროენერგიის საკუთარი წყარო აქვს, იგი აკრილითა და რამდენიმე მყარი, 3D პრინტერით დაბეჭდილი მასალისგანაა დამზადებული. შესაძლებელია, რომ რობოტი სენსორებითა და კამერითაც აღიჭურვოს, რათა წყალქვეშა სამყაროს შესწავლა შევძლოთ.
ინჟინერთა გუნდმა რობოტი დიდ აკვარიუმშიც გამოსცადა, სადაც ცოცხალი თევზები და მარჯნები მდებარეობდნენ. გუნდის შემდეგ ნაბიჯს რობოტის ცხვირის ხელახალი დამუშავება წარმოადგენს (რომელიც წყალს გარეთ გამოდევნის), რათა მისი ეფექტიანობა გაიზარდოს.
გუნდის კვლევა ჟურნალ Bioinspiration and Biomimetics-ში 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.
კომენტარები