ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ გლობალური დათბობა ღამისა და დღის ტემპერატურის ცვლილებაზე განსხვავებულად მოქმედებს
მეცნიერები ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება პოლუსებისა თუ ოკეანეების ტემპერატურა გლობალურ დათბობასთან ერთად, თუმცა დიდი ყურადღება არ ექცევა იმას, თუ როგორ განსხვავდება ეს პროცესი დღისით და ღამით. ახალი კვლევის მიხედვით, ღამით დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა უფრო სწრაფი ტემპით იმატებს, რასაც ზოგიერთი სახეობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკანასკნელი 30 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, ეგზეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გლობალური დათბობის მაჩვენებლებში გარკვეული ასიმეტრია შეინიშნება, რომელიც ღერძის გარშემო პლანეტის ბრუნვასთანაა კავშირში.
ანალიზისთვის მეცნიერებმა 1983 წლიდან 2017 წლამდე ჩანაწერები გამოიყენეს, სადაც ყოველ ექვს საათში ტემპერატურის ცვლილებაა ასახული. ამ უზარმაზარი ბაზის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პუნქტში დღიური ტემპერატურა შესამჩნევად იზრდებოდა მაშინ, როდესაც ღამის ტემპერატურაში ცვლილებები თითქმის არ შეუმჩნევიათ. იყო შემთხვევებიც, როდესაც დღის ტემპერატურის ზრდის პარალელურად ღამით იწყებოდა აცივება.
თუმცა თუ ტემპერატურის ზრდის ტრენდს დავაკვირდებით, ხმელეთის ზედაპირის უდიდეს ნაწილზე ღამის წლიური ტემპერატურული ნამატი დღის მაჩვენებელზე 0.250C-ით მეტია.
შეიძლება გრადუსის მეოთხედით მომატება საგანგაშო არ გვეჩვენოს, თუმცა პატარ-პატარა ნამატის დაჯამებამ წლების შემდეგ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს იმ ორგანიზმებზე, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ღამით ეწევიან.
ამ საკითხის უკეთ შესასწავლად მეცნიერთა გუნდმა ასევე შეაგროვა 1983-2017 წლების მონაცემები ჰაერის ტენიანობასა და ატმოსფერულ ნალექების შესახებ. მათ ასევე შეადარეს რეგიონული განსხვავებები მცენარეთა ზრდის ტემპში.
შეგროვებულ მონაცემთა კომბინაციური შესწავლით დადგინდა, რომ დათბობის დღე-ღამური ასიმეტრიულობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღრუბლიანობასთან.
გლობალური დათბობა ზედმეტ ენერგიას დედამიწის ზედაპირთან უყრის თავს, რის გამოც ატმოსფეროში მეტი ტენი გროვდება, რომელიც ღრუბლებად გარდაიქმნება. ღრუბლები სინათლის გარკვეული სიგრძის ტალღებს ირეკლავენ. დღისით ეს მზის ზემოქმედების სრულად შეგრძნებისგან გვიცავს. ამ ეფექტის გარეშე კი ღამე პლანეტის ზედაპირი უფრო "დაუცველია"
ალბათ, ყველას გვიგრძვნია ზამთარში უღრუბლო ღამეების განსაკუთრებული სიცივე, ახლა კი ჩვენს შეგრძნებას მონაცემებიც უმყარებს ზურგს.
დღესა და ღამეს შორის ტემპერატურული ცვლილების სხვაობა გავლენას ახდენს ატმოსფერულ ნალექებზე, რაც განაპირობებს მცენარეთა ზრდის ტემპს. ღამით მომატებული სითბო წვიმების გახშირებას გამოიწვევს, გარდა ამისა, მოიმატებს ღრუბლიანი დღეებიც, რაც ფოტოსინთეზს ხელს შეუშლის.
ღრუბლებისა კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, ტემპერატურული ვარიაციების ეფექტს მეტი შესწავლა სჭირდება.
კომენტარები