მეცნიერები ირწმუნებიან, რომ იპოვეს ტვინის ის ნაწილი, სადაც ცუდი აზრები გვემალებიან
ხშირად ცუდი აზრი ისევე გვეკვიატება, როგორც მომაბეზრებელი მელოდია და მისი ჩახშობის მცდელობები უშედეგოდ სრულდება.
ახალი კვლევის თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ არასასურველი ფიქრები ტვინის სხვა ნაწილში ინახება, შესაბამისად, მათი "თავიდან მოშორება" ფუჭი სტრატეგიაა.
იმისთვის, რომ დაედგინათ, როგორ (ვერ) ვახერხებთ უსიამოვნო აზრების ჩახშობას, მეცნიერებმა 15 ადამიანს სთხოვეს, ჯერ წარმოედგინათ წითელი ვაშლი ან მწვანე ბროკოლი, მერე კი 12 წამის განმავლობაში ამ საგნებზე არ ეფიქრათ. პარალელურად, მონაწილეების ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
15-დან 8 ადამიანმა განაცხადა, რომ მათ წარმატებით ჩაახშეს ხილისა და ბოსტნეულის წარმოსახვითი სურათები, თუმცა მათ ტვინებზე დაკვირვებამ სულ სხვა შედეგი აჩვენა.
მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციის ტექნიკით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, "სად ჩნდებოდა ფიქრი". საკუთარი სურვილით ხილის ან ბოსტნეულის წარმოდგენისას ტვინის მარცხენა მხარე აქტიურდებოდა, ჩახშობის მცდელობისას კი — მარჯვენა.
"ამ ალგორითმის გამოყენებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადამიანები მაშინაც წარმოიდგენენ სურათებს, როცა ამის შესახებ თავად არ იციან", — განაცხადა კოგნიტურმა ნეირომეცნიერმა, როჯერ კოენინგ-რობერტმა მონაშის უნივერსიტეტიდან.
როცა მონაწილეებს ეგონათ, რომ წარმატებით მოიშორეს თავიდან ფიქრები ვაშლსა და ბროკოლიზე, ამ ფიქრების ვიზუალური გამოსახულება ტვინის სკანირების შედეგებში მაინც ჩანდა.
ვიზუალური კორტექსი ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია წარმოსახვაზე. ის ფიქრებს ცნობიერების მიღმაც წარმოქმნის. შედეგად, ჩვენს გონებაში ეს ფიქრები მაშინაც კი ჩნდება, როცა მათ შეჩერებას ვცდილობთ. ეს ყველაფერი კი უფრო დამაჯერებელს ხდის ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებას იმის შესახებ, რომ ცუდი აზრების შეჩერება ძალიან რთულია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ფიქრების ჩახშობა" მათ მოშორებას ნიშნავს და ამაში მათი ახალი აზრებით ჩანაცვლება ან ყურადღების გადატანა არ იგულისხმება. ამ შემთხვევაში კი მეცნიერები არ არიან დარწმუნებულები, რომ მათი 15 მონაწილე სხვა იდეებზე ყურადღების გადატანას არ ცდილობდა. საჭიროა მომდევნო კვლევები, რომელშიც მეტი ადამიანი იქნება ჩართული.
ამავე ჯგუფის მიერ 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიქრების ჩახშობასთან შედარებით, მათი ჩანაცვლება უკეთ მუშაობს.
რა თქმა უნდა, ვაშლსა და ბროკოლიზე ფიქრი მაშინ, როცა შენს ტვინს აკვირდებიან, ცოტა განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როცა არასასურველი აზრები ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიშლის ხელს, თუმცა ეს კვლევა ოდნავ უფრო გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ რა ხდება ადამიანის ტვინში.
კომენტარები