Cargon-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ ვანო ჩალაძესთან
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის და საქართვეოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეულ 5 ფინალისტს შორის მოხვდა სტარტაპი Cargon, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც, ვანო ჩალაძეს, ამ სტატიიდან უკეთ გავიცნობთ.
Cargon ინტელექტუალურ ალგორითმებზე მომუშავე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელს რამდენიმე წამში აძლევს საშუალებას, დაადგინოს გადაზიდვის ფასი და დაუყოვნებლივ მოიძიოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი. ჩვეულებრივ, ეს პროცესი 3-4 დღე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა კარგონის შემთხვევაში ის რამდენიმე წუთს და ღილაკზე თითის დაჭერას საჭიროებს.
გარდა იმისა, რომ კარგონმა 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში ხუთ ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი, სტარტაპმა ახლახან უცხოური ინვესტიციის სახით $355 000 მიიღო.
ვანო ჩალაძე კარგონის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი ყოველდღიური საქმიანობა ამჟამად გუნდის ჩამოყალიბების, პროდუქტის განვითარებისა და გაფართოების სტრატეგიის საკითხებით შემოიფარგლება, თუმცა საწყის ეტაპზე ეს ასე სულაც არ იყო: "დასაწყისში მეც და ჩემი თანადამფუძნებლებიც ვიყავით ლოგისტები, გამყიდველები, ფინანსისტები, მარკეტოლოგები და რაც მთავარია, Product დეველოპერები".
ვანომ ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა და ფინანსებსა და მენეჯმენტში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, რაც მას წარმატებული სტარტაპის შექმნაში დაეხმარა: "ფინანსების ეფექტიანი მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტარტაპის საწყის ეტაპზე და არა მხოლოდ". ვანო ასევე ხაზს უსვამს ადაპტაციის უნარის მნიშვნელობას, რადგან, მისი აზრით, დღევანდელ ცვალებად და კონკურენტულ გარემოში მის გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ცხადია, როგორც ნებისმიერი სხვა სტარტაპის შემთხვევაში, იდეის ბიზნესად ქცევის გზაზე კარგონსაც ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწია. ვანოს თქმით, ლოგისტიკაში ხშირია გაუთვალისწინებელი ან მოულოდნელი "სიურპრიზები", რა დროსაც წონასწორობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. კომპანიის თანადამფუძნებლის აზრით, სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია, მზად იყოს ასეთი მოულოდნელობებისთვის: მაგალითად, შესაძლოა სტარტაპის მიერ შეთავაზებული პროდუქტი სულაც არ იყოს საინტერესო იმ სეგმენტისთვის, ვისზეც თავდაპირველად გქონდა გათვლა. სწორედ ამიტომ "სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები, ტესტები და შემდეგ რეზულტატების ანალიზი. პირველადი გათვლები და მოლოდინები შეიძლება იშვიათად გამართლდეს".
სტარტაპზე მუშაობისას წარსულში დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას ვანო აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან მსგავს საკითხებზე საუბარი მარტივია, თუმცა, მისი აზრით, არასწორი გადაწყვეტილებები და მათი ანალიზი ქმნის წარმატებულ ბიზნესს: "აქედან გამომდინარე არასწორ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ შევცვლიდი, რადგან მათგან ბევრი რამ ვისწავლე".
რჩევა დამწყებ სტარტაპებს
ვანოს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავალი თუ დამწყები სტარტაპერებისთვის რჩევაც აქვს: "მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, რაც თქვენ სტარტაპის შექმნის პროცესში შეგხვდებათ, არ გაჩერდეთ და მიყევით თქვენს მიზანს. თითოეული სირთულე და წინაღობა განვითარების შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად საჭიროა, ამ შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება".
500 Startups-ში მონაწილეობის გამოცდილება
ვანოს შეფასებით, მისი პროექტისთვის 500 Startups-ში მიღებული გამოცდილება ძალიან ფასეულია. აქსელერატორში მიღებულმა გამოცდილებამ კარგონის პლატფორმა ფაქტობრივად ახლიდან შექმნა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კარგონმა შეცვალა საკუთარი UX/UI, მას დაემატა ახალი ფუნქციები და ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება კომპანიას მომხმარებლის ქცევის უკეთ შესწავლაში: "მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ გამოცდილებიდან მივიღე, არის ის, რომ ყოველდღე უნდა ატარო ექსპერიმენტები, გაანალიზო შედეგები და შედეგად მიიღო სწორი გადაწყვეტილებები პროდუქტის განვითრებისთვის".
500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
კომენტარები