ქვის ხანის კედლის მხატვრობას, დიდი ალბათობით, ქალებიც ქმნიდნენ
ნეოლითის ეპოქაში, ერთ მშვენიერ დღეს ორმა ადამიანმა თითები ჟანგმიწის პიგმენტში ჩააწო და ახლანდელი ესპანეთის სამხრეთით მდებარე გამოქვაბულის კედლების ანთროპომორფული და გეომეტრული ფიგურებით მოხატვა დაიწყო. ამ მომენტიდან 7 ათასი წლის შემდეგ კი მათ მიერ დატოვებული თითების ანაბეჭდები მკვლევრებმა შეისწავლეს და პრეისტორიულ პერიოდში მოღვაწე ხელოვანების სქესი და ასაკი დაადგინეს.
გრანადას გამოქვებულში შესრულებული ამ კედლის მხატვრობის კვლევისას გამოიკვეთა ვარაუდი, რომ ნახატები 36 წლის კაცს და მასზე ორჯერ უმცროს ქალს ეკუთვნით.
ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ესაა პირველი საბუთი იმისა, რომ კედლის მხატვრობას ქალებიც ქმნიდნენ და რომ ეს არა ინდივიდუალური, არამედ სოციალური აქტივობა იყო.
მართალია, მკვლევრებმა უკვე დიდი ხანია, იციან ამ ტერიტორიაზე არსებულ გამოქვაბულებში შესრულებული 32 ნეოლითური ნახატის შესახებ, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით 5500-2500 წლებით თარიღდება, თუმცა მათ ავტორებზე მრავალ საიდუმლოებას მხოლოდ ახლა ეხდება ფარდა.
"ჩვენ გავაანალიზეთ თითების ანაბეჭდების მოხაზულობა, მათი ურთიერთდაშორება და შედეგები თანამედროვე ადამიანის თითების ანაბეჭდებს შევადარეთ", — ამბობს კვლევის ავტორი, ფრანცისკო მარტინეს სევია, — "ეს მოხაზულობები ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავდებიან, შესაბამისად, იმის გარკვევაც შეიძლება, ქალს ეკუთვნოდა ის თუ კაცს და რა ასაკის იყო ინდივიდი".
სწორედ ამის საფუძველზე ვიცით, რომ გრანადას გამოქვაბულში შესრულებული ნახატების ნაწილი დაახლოებით 36 წლის კაცს ეკუთვნოდა. რაც შეეხება მეორე არტისტს, სევიას და მის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ის 20 წლამდე ქალი გახლდათ, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მხატვარი მამრობითი სქესის მოზარდი იყო.
"ჩვენ არ ვიცით, ისინი ერთი თემის წევრები იყვნენ თუ არა", — აღნიშნავს მკვლევარი, — "აქამდე მიჩნეული იყო, რომ ქვის ხანაში მხატვრობა ინდივიდუალური თავშესაქცევი გახლდათ. ახლა კი ირკვევა, რომ ერთი კედლის მოხატვაში ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ეს გვაფიქრებინებს, რომ კედლის მხატვრობა სოციალური აქტი იყო".
მარტინესი აღიარებს, რომ ის და მისი კოლეგები ვერასდროს გაარკვევენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან მხატვართა წყვილს ან რა დანიშნულება ჰქონდა მათ შემოქმედებას. ამის მიუხედავად, ის თვლის, რომ კედელზე შემორჩენილ ფიგურებს მაინც მრავალი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენთვის.
"ადგილი, სადაც ეს ნახატია განთავსებული და ის ფაქტი, რომ მათზე არავის არაფერი გადაუხატია, მიგვანიშნებს, რომ მას თემისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა", — ურთავს ის, — "ამ მოხაზულობების ხილვა ჩემში ემოციებს აღძრავს, რადგან მე ვხედავ ადამიანს, რომელიც მრავალი ათასი წლის წინ ხატავდა მისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოებს: ეს, შეიძლება, არტისტის შინაგანი გრძნობების გამოხატულება ყოფილიყო, ან ის რაიმე ინფორმაციას გადმოსცემდა, ან ტეროტორიას აღნიშნავდა, ან, სულაც, ეს სოციალური კომუნიკაციის ფორმა გახლდათ".
კომენტარები