რას გვეუბნება ნამარხებისა და დნმ-ის ანალიზი თანამედროვე ინტელექტის ევოლუციაზე
ზუსტად როდის გამოჩნდნენ ჩვენნაირი არსებები პლანეტაზე? ამ კითხვაზე შეთანხმებული პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ნამარხებისა და დნმ-ის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ჩვენსავით გამოიყურებოდნენ — ანატომიურად თანამედროვე ჰომო საპიენსები, დაახლოებით, 300 ათასი წლის წინ წარმოიშვნენ. აქრეოლოგების თქმით კი, კომპლექსურ ტექნოლოგიებსა და კულტურებს 50-65 ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსები სრულიად თანამედროვეები არ იყვნენ. სხვადასხვა მონაცემს სხვადასხვა მტკიცებულებასთან მივყავართ: თავის ქალა და დნმ ტვინზე გვაწვდის ინფორმაციას, არტეფაქტები კი კულტურულ გავითარებაზე. მათზე დაკვირვებით ირკვევა, ჩვენი ტვინი ჩვენს კულტურაზე ადრე გათანამედროვდა.
ჰომო საპიენსის პირველად გამოჩენიდან 200-300 ათასი წლის შემდეგ არსებული ხელსაწყოები და არტეფაქტები საკმაოდ მარტივი სტრუქტურის იყო. მართალია, ეს ტექნოლოგიები ნეანდერტალელებისაზე განვითარებული იყო, თუმცა თანამედროვე მონადირე-შემგროვებლების იარაღებთან შედარებით, ნამდვილად დაუხვეწავი გახლდათ. უფრო მეტად განვითარებული ტექნოლოგიები 65-50 ათასი წლის წინ გამოჩნდა — სწორედ ამ პერიოდიდან გვხვდება კომპლექსური სატყორცნი იარაღები და მშვილდ-ისარი, თევზსაჭერები, საკერავი ნემსები და სხვა მსგავსი ნივთი.
ამ პერიოდში ადამიანები უკვე სახვით ხელოვნებასაც მიმართავდნენ: გამოქვაბულებში სცენებს, ღმერთებს და ბევრ სხვა გამოსახულებას ხატავდნენ. 65 ათასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა ავსტრალიამდე მიაღწიეს და ზღვაოსნობასაც კარგად დაეუფლნენ. ამ პერიოდის მიღწევები და ტექნოლგოების განვითარება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და თითქოს ადამიანის ტვინის სრულ გათანამედროვებაზე მიგვითითებს, თუმცა ნამარხებისა და დნმ-ის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი ბევრად ადრე გათანამედროვდა.
აფრიკაში ნაპოვნი უძველესი პრიმიტიული ჰომო საპიენსის ძვლები 300 ათასი წლის წინანდელია და გვაჩვენებს, რომ მათი ტვინი ჩვენს ტვინზე დიდი ან მისი ტოლი იყო. მათ ანატომიურად თანამედროვე ჰომო საპიენსი მოსდევს, რომელიც 200 ათასი წლის წინ ჩნდება. ტვინის თანამედროვე ფორმას კი პირველად 100 ათასი წლის წინ ვხვდებით — ამ ადამიანებს ისეთივე ზომისა და ფორმის თავის ქალა ჰქონდათ, როგორიც ჩვენ გვაქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ მათი თავის ქალა, ისევე როგორც ტვინი, სრულად თანამედროვე იყო, ჩვენ აფრიკელ წინაპრებს, თეორიულად, ფარდობითობის აღმოჩენა, კოსმოსური ტელესკოპების აგება, ნოველებისა და სიმღერების წერა შეეძლოთ. მათი ძვლები გვეუბნება, რომ ისინი ანატომიურად ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ.
ნამარხები ხშირად საკმაოდ დაზიანებულია, ამიტომ ზუსტი თარიღების დადგენა რთულია, მაგრამ ადამიანის დნმ-ის ანალიზი თანამედროვეობის უფრო ადრეული დასაწყისისკენ მიგვითითებს. თანამედროვე ადამიანებსა და აფრიკელ წინაპრებს შორის არსებული გენეტიკური განსხვავების შედარებისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩვენი წინაპრები 260-300 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი ისეთ კონკრეტულ დამახასიათებელ ქცევებს იზიარებდნენ, რომლებიც სხვა ჰომინიდებში არ გვხვდება. მაგალითად, ადამიანთა ყველა კულტურაში ქალი და კაცი ბავშების მოვლისთვის ერთიანდება, ჩვენ ვმღერით და ვცეკვავთ, ვქმნით ხელოვნებას, ვაშენებთ თავშესაფრებს და ცეცხლის გამოყენება და კომპლექსური მოწყობილობების შექმნა ვისწავლეთ. ჩვენ დიდ სოციალურ ჯგუფებს ვქმნით და ერთმანეთის დასახმარებლად ვერთიანდებით.
ჩვენი ხელსაწყოების, ოჯახების, მორალისა და მითოლოგიის დეტალები ტომიდან ტომში, კულტურიდან კულტურაში განსხვავებულია, თუმცა ამ ქცევებს ყველა ადმაიანი ვიზიარებთ. ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქცევები თანდაყოლილია — ისინი ყველა ადამიანს აერთიანებს და საზიარო წინაპრებიდან მოდის.
ეს ქცევები ჩვენ სამხრეთ აფრიკაში 300 ათასი წლის წინ მცხოვრები ხალხისგან მივიღეთ. ხოლო, ის მოსაზრება, რომ 65 ათასი წლის წინ მცხოვრები ყველა ჩვენი წინაპარი ერთბაშად იქცა "სრულად ადამიანად", კი შესაძლებელია რომ სიმართლე იყოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
არქეოლოგია და ბიოლოგია ადამიანის ისტორიის სხვადასხვა ნაწილზე გვაწვდის ინფორმაციას. ძვლები და დნმ ჩვენი ტვინის ევოლუციას, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჩვენი კულტურის განვითარებას გვიჩვენებს. უძველეს ადამიანებს კოსმოსური ხომალდები და კომპიუტერები არ ჰქონდათ, თუმცა ისეთი ფილოსოფოსების წყალობით, როგორიც ბუდა და არისტოტელეა, ვიცით, რომ საუკუნეების წინაც კი ისინი ისეთივე ჭკვიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ვართ. უფრო მეტიც, ჩვენი ტვინი ათასწლეულებია, რაც არ შეცვლილა. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით კულტურაზე.
ეს ცოტა დამაბნეველი შეიძლება იყოს. თუკი პლეისტოცენის დროინდელი მონადირე-შემგროვებლები ისეთი ჭკვიანები იყვნენ, როგორც ჩვენ, რატომ დარჩა მათი კულტურა პრიმიტიული ასე დიდხანს? რატომ გახდა საჭირო ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ ისარი და გემები შეგვექმნა? რა შეიცვალა? ალბათ რამდენიმე რამ.
პირველ რიგში, ჩვენ აფრიკიდან წამოვედით და პლანეტის დიდი ნაწილი დავიკავეთ. შესაბამისად, უბრალოდ, მეტი ადამიანი გაჩნდა იმისთვის, რომ რაიმე გამოეგონებინათ, რამაც პრეისტორიული სტივ ჯობსისა და და ვინჩის არსებობის შანსები გაზარდა. ჩვენ ასევე შუა აღმოსავლეთში, არქტიკაში, ინდოეთში თუ ინდონეზიაში ახალი გარემო პირობების წინაშე აღმოვჩნდით, სადაც უნიკალური კლიმატი, საკვები და საფრთხეები იყო. შესაბამისად, გადარჩენის სურვილმა გამოგონებები აუცილებელი გახადა.
ახალი მიწების დიდი ნაწილი საცხოვრებლად კალაჰარის უდაბნოსა და კონგოზე ბევრად ვარგისი აღმოჩნდა, რადგან კლიმატი უფრო რბილი იყო. ჰომო საპიენსმა ასევე აფრიკული დაავადებები და პარაზიტებიც უკან მოიტოვა. ამან მათ საშუალება მისცა, ტომები გაეფართოვებინათ. უფრო დიდი ტომი კი უფრო მეტ ინოვაციას ნიშნავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოპულაციის ზრდამ გამოიწვია ინოვაცია.
ახალმა ტექნოლოგიებმა იარაღი, ტანსაცმელი და თავშესაფრის ფრომები გააუმჯობესა. ამან, თავის მხრივ, ადამიანების რიცხვის ზრდა განაპირობა და კვლავ, კულტურული ევოლუცია დააჩქარა. ეს მანამ გრძელდებოდა ასე, სანამ საბოლოოდ სოფლის მეურნეობამდე არ მივედით. ამან კი პოპულაციის მასობრივი ზრდა გამოწვია, რაც მილიონობით ადამიანისგან შემდგარი ცივილიზაციით დასრულდა.
არტეფაქტები კულტურას ირეკლავს, კულტურის კომპლექსურობა კი საკმაოდ მნიშნელოვანი რამაა. მხოლოდ ინდივიდების ინტელექტი კულტურას რთულს ვერ გახდის, თუმცა ინდივიდებისგან შექმნილ ჯგუფებს შორის ინტერაქციას ეს შეუძლია.
როგორც ირკვევა, ბოლო 300 ათასი წლის განმავლობაში ჩვენი კულტურა ძალიან სწრაფად განვითარდა, რასაც ჩვენს ტვინებზე ვერ ვიტყვით. ადამიანები მსოფლიოს გარშემო გავვრცელდით, თითქმის 8 მილიარდს მივაღწიეთ და ჩვენი პლანეტაც კი შევცვალეთ, თუმცა ეს ჩვენი ტვინის ადაპტირების მეშვეობით კი არა, კულტურის შეცვლით მოვახერხეთ.
კომენტარები