Phubber-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ ანანო დოლაბერიძესთან
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეულ 5 ფინალისტს შორის მოხვდა სტარტაპი Phubber, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც, ანანო დოლაბერიძეს, ამ სტატიიდან გავიცნობთ.
სტარტაპების კულტურა ქართული რეალობისთვის ჯერ კიდევ ახალი მოვლენაა. შესაბამისად, ამ სფეროში წარმატების თითოეული ისტორია ერთგვარ სამოქმედო გეგმადაც კი შეიძლება გამოდგეს ყველა იმ დამწყები ინოვატორისთვის, რომელსაც იდეათა პრაქტიკაში განხორციელების სურვილი აქვს.
ფაბერი სწორედ ასეთი გამორჩეული კომპანიაა, რომლის ციფრული პლატფორმაც გამოუყენებელი ტანსაცმლის გასაყიდად განთავსების საშუალებას იძლევა. ახალ ციფრულ მარკეტში სამოსის შეძენა უფრო იაფი ჯდება, ხოლო სასურველი ნივთის პოვნა და თანხის გამომუშავება — უფრო მარტივი. დღეისთვის კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი მომხმარებელი ჰყავს და მის პლატფორმაზე შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ამას გარდა, ახლახან ფაბერში ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა და მეწილემ ჩადო. სულ რამდენიმე დღის წინ კი კომპანია 500 Startups-ის ხუთ ფინალისტს შორის აღმოჩნდა და ის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს.
ჩვენ სწორედ ამ სტარტაპის აღმასრულებელ დირექტორს, ანანო დოლაბერიძეს დავუკავშირდით და დავინტერსდით მისი და სტარტაპის გარშემო შემოკრებილი გუნდის იმ წარმატებით, რომელმაც ფაბერი 500 Startups-ამდე მიიყვანა.
ანანო აღნიშნავს, რომ მისი წარმატების საიდუმლო პირადი და პროფესიული თვისებების ნაზავში უნდა ვეძიოთ: "სტარტაპისთვის საჭირო იდეის გაჩენასა და რეალიზებაში დამეხმარა მიზანდასახულობა, შრომისმოყავრეობა, საკუთარი საქმისადმი თავდადება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გამოცდილება, — ამბობს ის, — "მნიშვნელოვანია, გჯეროდეს შენი იდეის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ დააჯერო სხვებსაც. სტრატაპერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სულისკვეთება. აუცილებელია, არ დანებდე, იფიქრო ზრდაზე, დაიხარჯო მაქსიმალურად და იყო დიდ შედეგზე ორიენტირებული".
თუმცა ეს თვისებები თავისთავად სტარტაპის საბოლოო წარმატებისთის საკმარისი არ ყოფილა. ანანომ სტარტაპის განვითარების გზაზე არსებული სირთულეები და მოულოდნელი გამოწვევებიც გაიხსენა: "ზოგადად, აქამდე არ მქონდა კომპანიის შექმნის და მისი მართვის გამოცდილება. მით უმეტეს ტექნოლოგიური ინდუსტრია ჩემთვის სრულიად ახალი მიმართულება იყო".
როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, ფაბერის ძირითადი გამოწვევა უკავშირდებოდა პროცესების სწორად წარმართვის, ხარისხის კონტროლისა და აუთენტიკაციის სტანდარტიზაციის საკითხებს. გარკვეული სირთულეები საწყის ეტაპზე ასევე უკავშირდებოდა პლატფორმის დეველოპმენტისა და მარკეტინგის ბიუჯეტს, თუმცა, როგორც ანანო ამბობს, "ფაბერმა თავად შეძლო საკუთარი თავის დამკვიდრება საქართველოში და ეს მან მინიმალური დანახარჯებით მოახერხა".
ანანოს აზრით, სტარტაპის მსგავსი წარმატების ფორმულა ასე ჟღერს: "ჩვენ მაღალი სტანდარტის სერვისით შევძელით კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა მაქსიმუმამდე აგვეყვანა. მომხმარებლებთან მუდმივად კომუნიკაციით შევძელით ყველა პრობლემის დროულად აღმოფხვრა, მათი ინტერესების და მოთხოვნების დროულად გათვალისწინება და შედეგებზე ორიენტირება, კმაყოფილი მომხმარებლის შეფასება, უკუკავშირი და ამის გაზიარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კომპანიის ზრდა 100%-ით ორგანულია, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე".
შეცდომებზე საუბრისას ანანო საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს: "თუ ვფიქრობ, რომ სადღაც შესაძლოა, შეცდომა დავუშვით, ალბათ ესეც უნდა მომხდარიყო. შეცდომის გარეშე, გაკვეთილს ვერ მიიღებ, რის საფუძველზეც შეძლებ, ისწავლო და განვითარდე".
რჩევა დამწყებ სტარტაპერებს
ანანო, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავალ თუ დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს, სჯეროდეთ საკუთარი იდეის: "არასდროს არ დამიყენებია ეჭვქვეშ ფაბერის განვითარება. არა იმიტომ, რომ ამბიციური ვარ ან ზედმეტად თავდაჯერებული, არამედ იმიტომ, რომ მჯერა — რასაც დაიჯერებ, იმას აუცილებლად მიაღწევ".
"ჩემი აზრით, სტარტაპერობის პირველი წინაპირობა სწორედ შრომაა და შემდეგ ის სხვა თვისებები, რამაც უნდა შეგაძლებინოს, გახდე წარმატებული", — ურთავს ის, — "მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ბალანსი, მეტი საქმე, მეტი თავდადება, მეტი მიზანდასახულობა".
500 Startups-ში მონაწილეობის გამოცდილება
ანანოს ჩვენ 500 Startups-ში მონაწილეობის პროცესზეც ვესაუბრეთ. მისი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ოდესმე შეეძლო მიეღო სტარტაპს:
"ერთია, სტრატრაპერის მონდომება, სურვილები, მაგრამ მეორეა, გქონდეს შესაძლებლობა, დასვა კითხვა და მიიღო სწორი პასუხი. 500 startups-ის მენტორები არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ, სტარტაპი ძალიან მოკლე პერიოდში გლობალურ ბრენდად ჩამოაყალიბონ, ასწავლონ ყველა ის აუცილებელი მუშაობის პრინციპი, სქემა, რომელიც წარამტებულს გახდის კომპანიას. მარკეტინგიდან დაწყებული, გაყიდვებით, ინვესტიციის მოზიდვით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა თემის გარშემო სწავლობ და იღებ სწორ მიმართულებას. ეს კი ჰაერივით მნიშნველოვანია სტარტაპისთვის, რომ იმ მოკლე პერიოდში, რაც სტარტაპობიდან დიდ კომპანიამდეა, მაქსიმალურად დიდი იყოს ნახტომი".
კომენტარები