წლის ასტროფოტოგრაფი ყოველწლიური კონკურსია, რომელიც გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება 2009 წლიდან — ასტრონომიის საერთაშორისო წლიდან — იღებს სათავეს. მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მიღება ათამდე სურათით შეუძლიათ. შეჯიბრებაში გამოყოფილია კატეგორიები, მათ შორის — გალაქტიკების, მთვარის, პლანეტების და სხვა. გამარჯვებული კი ჯილდოდ 10 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს.

2020 წლის ასტროფოტოგრაფად ნიკოლა ლეფოდუ დასახელდა, რომელმაც კონკურსში ანდრომედას გალაქტიკის სურათი წარადგინა.

ფოტო საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონშია გადაღებული.

ფოტო: NICOLAS LEFAUDEUX

"უმეტესობა ჩვენგანისთვის, ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ანდრომედას გალაქტიკა მეტად შორეულად ჩანს. ამის გათვალისწინებით, ნამდვილი საოცრებაა, მისი ისეთი ფოტო შექმნა, რომელიც გაგრძნობინებს, თითქოს ეს გალაქტიკა ერთი ხელის გაწვდენაზეა. ეს ნამუშევარი, ერთგვარად, არსებულ რეალობასთან შესაფერისიცაა, როცა ფიზიკური დისტანცირების წესებთან შეგუება გვიწევს", — აცხადებს კონკურსის ჟიურის წევრი ედ რობინსონი.

ეგრეთ წოდებული Tilt-Shift ეფექტისთვის ფრანგმა ფოტოგრაფმა 3D პრინტერით შექმნა მოწყობილობა, რომელიც ტელესკოპთან შესაბამისი კუთხით იჭერდა კამერას.

ფოტოს კიდეებზე გაბუნდოვანებული გამოსახულება სიახლოვის ილუზიას ქმნის, თუმცა, რეალურად, გალაქტიკა ჩვენგან 2 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

ქვემოთ შეგიძლიათ, კონკურსის სხვა გამარჯვებულების ნამუშევრები იხილოთ კატეგორიების მიხედვით.

კატეგორია "აურორა" — მწვანე ქალბატონი, ნიკოლას როემელტი, გერმანია

ფოტო: NICHOLAS ROEMMELT

ნორვეგიაში მოგზაურობისას, როემელტს გზად "მწვანე ქალბატონი" მოულოდნელად გამოეცხადა, რომელმაც ცა მწვანედ, ლურჯად და ვარდისფრად შეფერა.

კატეგორია "საუკეთესო ახალბედა" — ტალღები, ბენცე ტოტი, უნგრეთი

ფოტო: BENCE TOTH

სურათზე კალიფორნიის ნებულას ცენტრალური ნაწილია გამოსახული.

კატეგორია "ჩვენი მთვარე" — ტიხოს კრატერის რეგიონი ფერებით, ალენ პეილუ, საფრანგეთი

ფოტო: ALAIN PAILLOU

ტიხოს კრატერი მთვარის კრატერებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, სურათზე კი ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გასაოცარი სილამაზე და რთული აღნაგობაა ასახული. ლურჯი ფერი ტიტანის ოქსიდის, წითელი კი — რკინის ოქსიდის მაღალ კონცენტრაციებზე მიანიშნებს.

კატეგორია "ჩვენი მზე" — თხევადი მზის სინათლე, ალექსანდრა ჰარტი, გაერთიანებული სამეფო

ფოტო: ALEXANDRA HART

ზედაპირი, დაახლოებით, 100 კილომეტრი სისქისაა, მუდმივმდუღარე მასაში ამ უჯრედების კონვექცია კი 15-დან 20 წუთამდე გრძელდება. რეალურად, ეს უჯრედები ზომით 1 000 კილომეტრს აღემატება, თუმცა შორი ხედიდან ისინი ულამაზეს მოზაიკურ სურათს ქმნიან.

კატეგორია "ხალხი და კოსმოსი" — ტექნოლოგიის სატუსაღო, რაფაელ შმალი, უნგრეთი

ფოტო: RAFAEL SCHMALL

სურათის ცენტრში ალბირეოს ორმაგი ვარსკვლავია გამოსახული, რომელიც ხელოვნური თანამგზავრების კვალით შექმნილ გალიაში გამომწყვდეულა.

კატეგორია "პლანეტები, კომეტები და ასტეროიდები" — სივრცე ჩვენ შორის, ლუკაშ სუიკა, პოლონეთი

ფოტო: LUKASZ SUJKA

სურათზე გამოსახულია იუპიტერის და მთვარის ურთიერთმდებარეობა 2019 წლის 31 ოქტომბერს.

კატეგორია "ცის ხედი" — ცის ხატვა, თომას კასტი, გერმანია

ფოტო: THOMAS KAST

კასტი ლაპლანდიაში მოწმენდილ ცას ეძებდა, რათა პოლარული ღამის მშვენიერება აღებეჭდა. ბონუსად კი მან სტრატოსფეროს ტილოზე გადღაბნილი კამარაც გადაიღო.

კატეგორია "ვარსკვლავები და ნებულა" — კოსმიური ინფერნო, პიტერ უორდი, ავსტრალია

ფოტო: PETER WARD

NGC 3576 სამხრეთის ცისთვის ნაცნობი ნებულაა, თუმცა, ამ სურათზე, იგი ვარსკვლავების გარეშეა წარმოდგენილი. კომპიუტერული პროგრამით შესაძლებელი გახდა, ფოტოზე მხოლოდ ნებულა და მისი ციური ცეცხლოვანება ასახულიყო.

კატეგორია "ახალგაზრდა" — ოთხი პლანეტა და მთვარე, ალის ფოკ ანგი, საფრანგეთი

ფოტო: ALICE FOCK HANG

ფოკ ანგის ფოტოზე ასახულია ინდოეთის ოკეანის თავზე გამწკრივებული პლანეტები: ვენერა, მერკური, ვარსკვლავი ანტარესი, იუპიტერი და სატურნი.

ენი მონდერის პრიზი ინოვაციისთვის — ბნელი მდინარე, ჯული ფ. ჰილი, გაერთიანებული სამეფო

ფოტო: JULIE F HILL

ბნელი მდინარე ერთგვარი სკუპლტურაა, რომელზეც ირმის ნახტომის მშვენიერება მისი ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი უდიდესი სურათითაა გადმოცემული. ფოტოზე 84 მილიონი ვარსკვლავია ასახული.

სურათი ჩილეში, ESO's Paranal-ის ობსერვატორიაშია გადაღებული და 9 მილიარდზე მეტი პიქსელისგან შედგება.


2020 წლის ასტროფოტოგრაფის ჯილდოს გამარჯვებულების ნამუშევრები ლონდონში, ეროვნულ საზღვაო მუზეუმში, იქნება გამოფენილი 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 აგვისტომდე.