COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა შეიძლება წლის ბოლომდე დაიწყოს
ფარმაკოლოგიური კომპანიები GlaxoSmithKline (GSK) და Sanofi ცილის ფუძეზე დამზადებული COVID-19-ის ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ. პრეკლინიკურ ეტაპზე მიღებული დადებითი შედეგების შემდეგ მათ იმედი აქვთ, რომ ვაქცინა კვლევაში ჩართულ ადამიანებზეც წარმატებით იმუშავებს.
GSK მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილი, ბრიტანული მწარმოებელი გახლავთ, ხოლო Sanofi ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანიაა. აპრილში მათ ძალები გააერთიანეს და გამანადგურებელი პანდემიის შესაჩერებლად ვაქცინაზე მუშაობას საერთო ძალებით შეუდგნენ.
ექსპერიმენტული ვაქცინა Sanofi-ს გრიპის ვაქცინის ტექნოლოგიისა და GSK-ს მიერ დამზადებული ადიუვანტის გამოყენებით შეიქმნა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ უკანასკნელს მძლავრი იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია.
კვლევის პირველ ფაზაში 440 ჯანმრთელი ამერიკელია ჩართული. ამ ეტაპზე ვაქცინის უსაფრთხოების, ამტანობის და იმუნური პასუხის სიძლიერის გარკვევა ხდება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ პირველადი შედეგები 2020 წლის დეკემბრისთვის ექნებათ.
გეგმის მიხედვით, მესამე ფაზის კვლევა წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს და მასში ათასობით ადამიანი უნდა ჩაერთოს. თუ საბოლოო შედეგები იმედისმომცემი იქნება, მაშინ GSK და Sanofi ვაქცინის მასიური წარმოებისთვის ნებართვას 2021 წლის პირველ ნახევარში მიიღებენ.
ამ კოლაბორაციით ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი სამრეწველო რესურსი შექმნა, რაც მათ საშუალებას მისცემს 2021 წლისთვის მზა ვაქცინის 1 მილიარდი ერთეული აწარმოონ.
COVID-19-ის დასამარცხებლად პოტენციური ვაქცინის კლინიკური კვლევის დაწყება "მნიშვნელოვანი ნაბიჯია", როგორც ეს Sanofi Pasteur-ის დირექტორმა, თომას ტიომფემ აღნიშნა
მის სიტყვებს ეთანხმება GSK-ს პრეზიდენტი, როჯერ კონორი."ვაქცინის პოტენციური კანდიდატის კლინიკური კვლევის ეტაპზე გადასვლა, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია და იგი მთავრობების მიერ გამოხატულ ნდობას ეფუძნება", — აღნიშნავს იგი
აშშ-ს მთავრობამ ივლისში GSK / Sanofi გუნდს ვაქცინის შექმნის პროცესის ასაჩქარებლად $2,1 მლრდ დაფინანსება გამოუყო. ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიებთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, აშშ ეფექტიანი ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს. ფარმაკოლოგიურმა ტანდემმა 60 მილიონი ვაქცინის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა დიდ ბრიტანეთთანაც
კომენტარები