ცხოველთა დამცველები მასკს მოუწოდებენ, Neuralink-ის მოწყობილობა ღორების ნაცვლად საკუთარ თავზე გამოსცადოს
ახლახან ილონ მასკმა Neuralink-ის შესახებ კონფერენცია გამართა, სადაც კომპანიის მიერ შექმნილი ის ინტერფეისი განიხილა, რომელიც ღორებზე გამოიცადა.
ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია PETA-ს (ხალხი ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობის სადარაჯოზე) ამ მოვლენასთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა.
"PETA ილონ მასკს იწვევს, რომ იგი პიონერი გახდეს და Neuralink-ის ჩიპი საკუთარ ტვინში მოათავსოს", — განაცახდა PETA-ს პრეზიდენტმა ინგრიდ ნიუკირკმა. მან ასევე მასკი ჭკვიანი, მგრძნობიარე ღორების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, რომლებსაც ოპერაციის სურვილი არ გამოუთქვამთ.
Tesla-სა და SpaceX-ისგან განსხვავებით, Neuralink ცხოველებზე ტესტირებების ჩატარებისთვის ნამდვილ კულტურულ ომშია გახვეული. რაკეტებისა და ელექტრომობილების ტესტირება მოხალისეების გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა ტვინის ოპერაციას, რომლის დროსაც თავის ქალის ნაწილს შეუმოწმებელი მოწყობილობით შეგიცვლიან, ნამდვილად არავინ დათანხმდება.
ღონისძიების დროს მასკმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტისთვის ღორები ძალიან კარგ სუბიექტებს წარმოადგენენ, რადგან მათ, პატარა ძუძუმწოვრებთან შედარებით, ტვინის ფუნქციონირება უფრო განვითარებული აქვთ.
"ღორები რეალურად ძალიან ჰგვანან ადამიანებს. თუკი გვინდა, რომ გავიგოთ, როგორ იმუშავებს ესა თუ ის მოწყობილობა ადამიანზე, თავდაპირველად მისი ღორებზე გამოცდა კარგი არჩევანია. თუკი ღორებზე მოწყობილობა დიდხანს და წარმატებით ფუნქციონირებს — ისე, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში მოხდა — ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა ადამიანებისთვის ზიანის მომტანი არ არის", — განაცხადა მასკმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მასკმა კიდევ ერთი ღორი წარმოადგინა, რომელსაც მოწყობილობა ჰქონდა, თუმცა იგი შემდეგ ამოუღეს. ღორი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, თუმცა ნიუკირკისთვის ეს საკმარისი ნამდვილად არ აღმოჩნდა.
"რატომ ვერ ხვდება მასკი, თუ ვინ არიან ცხოველები, რატომ არ გამოხატავს მათ მიმართ პატივისცემას და რატომ არ ცდის ჩიპს საკუთარ თავზე? მან იცოდა, რომ ღორების გამოყენებას ცუდი რეაქციები მოჰყვებოდა, თუმცა მაინც გამოვიდა და ღონისძიებაზე საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ იმ ცხოველებზე, რომლებსაც იყენებენ", — განაცხადა ნიუკირკმა.
კომენტარები