LSD-ის მცირე დოზებმა, შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებლის როლი შეასრულოს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, LSD-ის მცირე დოზა, შესაძლოა, ეფექტიანი ტკივილგამაყუჩებელი აღმოჩნდეს — თანაც იმდენად ძლიერი, რამდენადაც მორფინი.
"ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ LSD-ის მცირე დოზირება ფსიქოდელიური ეფექტის გარეშე ანალგეზირებად საშუალებად გამოდგება. მისი ეფექტი შეგვიძლია ოპიოიდების, მათ შორის მორფინის ეფექტსაც კი შევადაროთ", — განაცხადა მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა ჯან რამაკერსმა.
რამაკერსმა და მისმა კოლეგებმა 24 მოხალისეს პლაცებო ან LSD-ის მიკროდოზა მისცეს, რომლის რაოდენობაც 5-დან 20 მიკროგრამს შეადგენდა. შემდეგ კი ტესტირების ჩატარება დაიწყეს, სადაც ინდივიდს ხელის ჩაყოფა წყლით სავსე ჯამში თხოვეს, რომელიც თითქმის გაყინვამდე იყო გაციებული.
შედეგები საკმაოდ გამაოგნებელი აღმოჩნდა. LSD-ის მიკროდოზას მონაწილის ტკივილის აღქმაზე დიდად გავლენა არ ჰქონია, თუმცა 20 მიკროგრამიანმა დოზამ მონაწილეების ტკივილის შეგრძნება დაახლოებით 20%-ით შეამცირა.
"მოცემული მონაცემები გვთავაზობს, რომ LSD-ის მცირე დოზებმა, შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებლების როლი მოირგოს, რომელიც არა მხოლოდ ეფექტიანი იქნება, არამედ ამჟამად გამოყენებად მედიკამენტებთან, მათ შორის ოპიოიდებთან, დაკავშირებულ პრობლემებსაც მოაგვარებს. ამჟამად მსოფლიოში ოპიოიდების მოხმარებასთან დაკავშირებით 16 მილიონ ადამიანს აქვს პრობლემა", — განაცხადა ერთ-ერთმა პროფესორმა ამანდა ფელიდინგმა.
კვლევა ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და დამატებითი ტესტირებებია საჭირო. აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში მეცნიერმა ერიკ კასტმა მსგავსი კვლევა წამოიწყო, თუმცა აშშ-ის მთავრობამ LSD-სთან დაკავშირებული კვლევები აკრძალა. ახლა კი, როდესაც მაშინ დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება, მეცნიერები LSD-ზე კვლევების ჩატარებას კვლავ იწყებენ.
კვლევა 25 აგვისტოს Journal of Psychopharmacology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები