გუგლმა ნასას არტეფაქტები და პრეისტორიული კიბოსნაირები AR-ში გადაიტანა
გუგლმა რამდენიმე პრეისტორიული არსების და ისტორიული არტეფაქტის AR მოდელები საკუთარ Arts and Culture აპლიკაციაში დაამატა. თუ გსურთ, უფრო ახლოდან, თქვენსავე ოთახში დაინახოთ უძველესი კიბოსნაირთა წარმომადგენელი, კამბროპაქიკოპი ისე, რომ არ დაგჭირდეთ ამისთვის დარვინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმში მისვლა, მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა. გარდა ამისა, რას იტყვით აპოლო 11-ის კონტროლის მოდულის ან ნილ არმსტრონგის სკაფანდრის შეთვალიერებაზე?
აღნიშნული სიახლე დაემთხვა პერიოდს, როცა პანდემიის დროს დახურული მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები ისევ იხსნება. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაინც შეიკავებს თავს მსგავსი ადგილების სტუმრობისგან. ასეთ დროს AR მშვენიერი ალტერნატივაა, თუმცა, შესაძლოა, ამან ისეთივე აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, როგორსაც განიცდიდით, თუ ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის ჭერზე ჩამოკიდულ 25,2-მეტრიანი ვეშაპის ჩონჩხს შეხედავდით.
AR ექსპონატების კოლექციაში თქვენ ასევე იხილავთ არსებას, სახელწოდებით Aegirocassis და ინკებამდელი პერიოდის ქანდაკებას, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლით თარიღდება. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისეთი ნახატები, როგორებიცაა ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი და გუსტავ კლიმტის "კოცნა". როცა ნახატს თქვენი ოთახის კედელზე განათავსებთ, თქვენ საშუალება გექნებათ, მათთან ერთად სურათებიც გადაიღოთ.
ექსპონატები Google Arts and Culture აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი. აღნიშნულ აპლიკაციას წლების განმავლობაში რამდენიმე AI ფუნქცია დაემატა — მაგალითად, 2018 წელს მასში შესაძლებელი იყო საკუთარ სელფის და ცნობილ პორტრეტებს შორის მსგავსების აღმოჩენა. მოგვიანებით აპლიკაციას დაემატა ფილტრები, რომლებიც ცნობილი მხატვრების სტილს იმეორებდნენ.
სამუზეუმო ექსპონატების გარდა გუგლმა აპლიკაციაში ცოცხალი არსებების AR მოდელებიც დაურთო. 2019 წელს ღონისძიება I/O-ს ფარგლებში კომპანიამ ცხოველების 3D მოდელების დათვალიერების შესაძლებლობა დააანონსა და მოგვიანებით ამ კოლექციას დინოზავრები და მწერებიც შეემატა.
გუგლის ოფიციალურ ბლოგზე არაფერია ნათქვამი ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომლებიც საჭიროა ამ ექსპონატების სანახავად, თუმცა მის წინა AR აპლიკაციაში აუცილებელი იყო, რომ ანდროიდზე მომუშავე სმარტფონს ARCore-ის მხარდაჭერა ჰქონოდა, ხოლო iPhone და iPad iOS 11-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე უნდა ემუშავა.
Arts and Culture-ის აპლიკაციაში ახალი ექსპონატების დათვალიერება შესაძლებელია საძიებო ველში AR-ის ჩაწერით. ძიების შედეგების დამატებით რეალობაში სანახავად კი დააწექით ღილაკს View in Augmented Reality.
კომენტარები