როდესაც პალეონტოლოგებმა ჩინეთში 5-მეტრიანი წყლის რეპტილია, სახელად იქთიოზავრი იპოვეს, მათ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვეს, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ.

წყლის უზარმაზარი მტაცებელი სხვა მცურავ რეპტილია thalattosaur-თან ერთად მოკვდა — იგი მის ნაწლავში იმყოფებოდა. ამ აღმოჩენის შემდეგ მკვლევრები მიხვდნენ, რომ იქთიოზავრის კვების რაციონის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდნენ.

მისი კბილები ძალიან ბასრი არ ყოფილა, ამიტომ პალეონტოლოგებს ეგონათ, რომ იგი შედარებით რბილი საკვებით იკვებებოდა.

"ახლა იმის მტკიცებულება გვაქვს, რომ ამ კბილებით იქთიოზავრი ბევრად დიდ არსებებს ჭამდა. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი კბილების მქონე სახეობები არასწორად შეიძლება იყვნენ შეფასებულნი", — განაცხადა კვლევის ავტორმა რიუსოკე მოტანიმ.

თანამედროვე მტაცებლები კბილებს მსხვერპლის გასაგლეჯად იყენებენ, იქთიოზავრები კი მსხვერპლს ნიანგების მსგავსად ანაწევრებდნენ და ისე ჭამდნენ. ამ უცნაური ცხოველის ნამარხი პირველად 2010 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში აღმოაჩინეს. იქთიოზავრები დიდი დელფინებივით გამოიყურებოდნენ, რომლებსაც გრძელი თხელი ყბები ჰქონდათ.

რაც შეეხება thalattosaur-ს, იგი გიგანტურ მცურავ ხვლიკს ჰგავდა და მას ნიჩბის მსგავსი კიდურები ჰქონდა.

მკვლევრები დარწმუნებული არ არიან, thalattosaur ნამდვილად იქთიოზავრმა მოკლა თუ ის უკვე მკვდარი იპოვა. "თუკი thalattosaur სხვა მტაცებელმა მოკლა, მაშინ უცნაურია, თუ რატომ დატოვა მისი ნოყიერი ხორთუმი და კიდურები ხელშეუხებელი", — აცხადებენ ისინი.

შოტლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნიკ ფრასერი მიიჩნევს, რომ ახალი კვლევა დამაჯერებელია.

"ჩემი აზრით, ჩვენ იქთიოზავრისთვის ერთობ უჩვეულო, მისი შესაძლებლობებისთვის აღმატებული ქმედების მომსწრენი ვართ. საოცარია, რომ ამ გზით ჩვენ 230 მილიონი წლის წინ გათამაშებული სცენისთვის თვალის შევლება შეგვიძლია", — განაცხადა ნიკ ფრასერმა.

კვლევა ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.