რატომ არის ლურჯი ყველაზე მისტიკური ფერი
ლურჯი ფერი ბევრ საიდუმლოებასთან ასოცირდება. ბევრს სჯერა, რომ ლურჯი, რომელსაც დღეს ვხედავთ, ადამიანური აღქმისთვის შედარებით ახალი მოვლენაა და რომ ჩვენი შორეული წინაპრებისთვის ამ ფერის კონცეფცია საერთოდ არ არსებობდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლები ლურჯს დღესაც კი დასავლური კულტურის წარმომადგენლებისგან განსხვავებულად ხედავენ.
ეს, შესაძლოა, წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა სიმართლეა. თქვენ კი დანამდვილებით შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ ცა და ზღვა ლურჯია, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამას თქვენი გამოცდილებები გკარნახობდნენ. კი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლურჯი რეალობაა, მაგრამ მატრიცას გმირ, მორფეუსს რომ დავესესხოთ, "რეალობა, უბრალოდ, ჩვენი ტვინების მიერ ინტერპრეტირებული ელექტროსიგნალებია".
საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინები იდეალურად მომუშავე ლოგიკურ მექანიზმებს სულაც არ წარმოადგენენ. სანაცვლოდ, მათ მრავალი სახის მიკერძოება ახასიათებთ და ადვილადაც ტყუვდებიან. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მაგალითი ცნობილი კაბის ფოტოა, რომელიც ზოგისთვის თეთრი და ოქროსფერი, ზოგისთვის კი შავი და ლურჯია.
ლურჯი ფერის გარშემო დისკუსია ხშირად უილიამ გლადსტონის დაკვირვებებით იწყება. მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილ Studies on Homer and the Homeric Age-ში იგი ჰომეროსის ნამუშევრებში ფერის გამოყენებას განიხილავდა, განსაკუთრებით კი ფერთა ვარიეციების ნაკლებობას უსვამდა ხაზს. მაგალითად, ძველბერძენი პოეტის შემოქმედებაში ლურჯი ნახსენები საერთოდ არ არის. ამ უცნაურობის ასახსნელად და ლურჯი ფერის ძველბერძნული შესატყვისის საპოვნელად გლადსტონმა მსგავს ხერხს მიმართა: მან პოემებში იმ საგნების აღწერების ძებნა დაიწყო, რომლებიც ვიცით, რომ ლურჯია.
გლადსტონის მიხედვით, ჰომეროსი ცის აღსაწერად სიტყვა "რკინას" და "სპილენძს" იყენებს. ხოლო სიტყვა, რომელიც ილიადაში ზღვას აღწერს, უფრო მეტად დამაბნეველია — οἶνοψ πόντος, სიტყვასიტყვით "ღვინისსახიანი ზღვა" — რაც გლადსტონის ინტერპრეტაციით, მუქ ღვინისფერ ზღვას ნიშნავს. თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება ჭურჭელში ღვინის მოძრაობას მიემართებოდეს და ფერთან კავშირში საერთოდ არ იყოს.
მართალია, ამ მეტაფორის ზუსტი მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ უძველეს სამყაროში ფერის აღწერა ლიმიტირებული იყო. ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ლურჯი ძალიან იშვიათი ფერია. ლურჯი პიგმენტები და ლურჯი ძვირფასი ქვები ანტიკურ სამყაროშიც იშვიათობას წარმოადგენდა. ლურჯი არ გხვდება არც ჩინურ ამბებში, არც ისლანდიურ საგებში და არც ბიბლიაში. აი, ეგვიპტელებს კი ლურჯის შესატყვისი ნამდვილად ჰქონდათ — ისინი ერთადერთ უძველეს კულტურას წარმოადგენენ, სადაც ლურჯი საღებავი შექმნეს და ლურჯი სამკაულების ხმარება დაიწყეს.
ლინგვისტიკურად, დასავლურ ენებში ლურჯი გვიან გამოჩნდა. რამდენიმე ენაში, მათ შორის იაპონურში და კორეულში, ლურჯი იმ ტონების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც მწვანეს შეიცავენ. ხოლო უელსურ ენაში სიტყვა "ლურჯი" მწვანის აღმნიშვნელი სიტყვიდან მოდის.
ზოგიერთ თანამედროვე მონადირე-შემგროვებლურ კულტურაში მწვანისა და ლურჯის ტონების აღსაწერად ერთი სიტყვა აქვთ. განსაკუთრებით სიანტერესო მაგალითს კი ჰიმბას ხალხი წარმოადგენს. მათ ლურჯის მწვანისგან განმაცალკევებელი სიტყვები არ აქვთ და როდესაც მათ ორი ფერის გარჩევა თხოვეს — ეს ის დავალებაა, რომელიც დასავლური კულტურის წამომადგენლებისთვის ფრიად მარტივი შესასრულებელი იქნებოდა — მათ ეს ტესტი არც ისე წარმატებით გაიარეს.
ამასთან, ჰიმბას წარმომადგენლებისთვის ფერის იმ ტონებს, რომლებსაც ჩვენ მწვანედ აღვწერდით, განსხვავებული სახელები აქვს და მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ისეთი შეფერილობა, რომელიც დასავლელებისთვის ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მათთვის მნშვნელოვნად განსხვავებულია.
ამასთან, ლურჯს მხოლოდ მწვანეს არ უკავშირებენ ხოლმე. ზოგ ინდოევროპულ ენაში ლურჯი ფერის აღმწერ სიტყვებს ფესვები იმ სიტყვასთან აქვს, რომელიც ყავისფერს, ნაცრისფერს და ყვითელს აღწერს. ამ კავშირის ნათელი მაგალითია სლავური ენები, სადაც სიტყვა ლურჯი ქერა თმის აღსაწერადაც გამოიყენება.
კომენტარები