ვარსკვლავების აფეთქებას, შესაძლოა, დედამიწაზე მასიური გადაშენებები გამოეწვია
მკვლევრების თქმით, უახლოესი სუპერნოვადან წამოსული კოსმოსური სხივები, შესაძლოა, მინიმუმ ერთ მასიურ გადაშენებაზე იყოს პასუხისმგებელი. დედამიწის კლდეებში კონკრეტული რადიოაქტიური იზოტოპების პოვნას კი ამის დამტკიცება შეეძლება.
ახალი კვლევის მიხედვით, ასტრონომიული მოვლენები, შესაძლოა, 359 მილიონი წლის წინ, დევონურ და კარბონულ პერიოდებს შორის მომხდარ გადაშენებაზე იყოს პასუხისმგებელი.
გუნდმა ეს პერიოდი იმიტომ შეარჩია, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ქვები მცენარის სპორების ათასობით თაობას შეიცავენ, რომლებსაც, როგორც ჩანს, ულტრაიისფერი სინათლისგან მიღებული დამწვრობები აქვთ.
"ისეთმა კატასტროფებმა, როგორიც ვულკანის ამოფრქვევა და გლობალური დათბობაა, შეიძლება, ოზონის ფენა გაანადგუროს, თუმცა ამის დამტკიცება რთულია. სანაცვლოდ, ჩვენი აზრით, ოზონის განადგურება ერთმა ან მეტმა სუპერნოვამ გამოიწვია", — განაცხადეს მკვლევრებმა.
გუნდმა ოზონის განადგურების სხვა შესაძლო ასტროფიზიკურ მიზეზებად მეტეორიტები და მზის ამოფრქვევებიც განიხილა. თუმცა ეს მოვლენები მალე დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დევონური პერიოდის ოზონზე გავლენა მოეხდინა.
მკვლევრების თქმით, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს გადაშენება ნამდვილად სუპერნოვამ გამოიწვია, საჭიროა რადიოაქტიური იზოტოპების, პლუტონიუმ 244-ისა და სამარიუმ 146-ის იმდროინელ ქვებსა და ნამარხებში ძებნა. ეს მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ აღნიშნული ნაწილაკები დედამიწაზე ბუნებრივად არ წარმოიქმნებიან და ერთადერთი ადგილი, საიდანაც ისინი აქ მოხვდებოდნენ, კოსმოსია.
"ეს იზოტოპები დროთა განმავლობაში იშლება, შესაბამისად, თუკი მათ დედამიწაზე დღეს ვიპოვით, გვეცოდინება, რომ ისინი ჩვენი პლანეტიდან არ არიან", — ნათქვამია კვლევაში.
თუმცა სანამ რაიმეს მტკიცება გახდებოდეს შესაძლებელი, ჯერ მკვლევრებმა პლუტონიუმ 244 და სამარიუმ 146 დევონური და კარბონული პერიოდის ქვებში უნდა ეძებონ. გუნდის მიხედვით, მათ გეოლოგიურ წყაროებში იმის დამამტკიცებელი საბუთების პოვნა აქვთ მიზნად დასახული, რომლებიც სუპერნოვას აფეთქების კვალს დაადასტურებენ.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები