პლაცებოს სტრესის შემცირება მაშინაც შეუძლია, როცა ვიცით, რომ პლაცებოს ვიღებთ
პლაცებო, ძირითდად, ისეთ პრეპარატს ეწოდება, რომელსაც პირდაპირი თერაპიული ღირებულება არ აქვს. ამის მიუხედავად, ის მკურნალობაში და კლინიკურ კვლევებში ხშირად გამოიყენება.
როგორც წესი, რამე წამლის ტესტირებისას ან მკურნალობისას მოხალისეებს და/ან პაციენტებს არ ეუბნებიან, რომ ისინი რეალური წამლის ნაცვლად პლაცებოს იღებენ.
პლაცებო ყველაზე ხშირად ფიზიკური ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება. როცა ადამიანს ჰგონია, რომ ის რეალურ წამალს იღებს, რომელიც გარკვეულ ტკივილს მოუხსნის, მისი სხეული პრობლემასთან ბუნებრივად გასამკლავებლად უფრო "მოტივირებულია" ხოლმე. ამას პლაცებოს ეფექტს უწოდებენ.
ახალი კვლევის მიხედვით, პლაცებოს ეფექტი მაშინაც მოქმედებს, როცა ადამიანებმა იციან, რომ პლაცებოს იღებენ. ეს კვლევა ეყრდნობა ექსპერიმენტს, რომელშიც ადამიანების ორი ჯგუფი მონაწილეობდა:
ერთ ჯგუფს მისცეს პლაცებო და მათ ამის შესახებ მომენტალურად შეატყობინეს. მოხალისეებს ისიც უთხრეს, რომ პლაცებოს მიღების მიუხედავად, მათი ნეგატიური ემოციური პასუხი შემცირდებოდა. მკვლევრებმა მეორე ჯგუფსაც პლაცებო მისცეს, ოღონდ მოხალისეებს ამის შესახებ არ უთხრეს. ჯგუფების წევრებს, ამასთან, ტვინის აქტივობა EEG-ით გაუზომეს.
ორივე ჯგუფს ფოტოები ანახეს, რომლებიც ადამიანებში უარყოფით ემოციებს და სტრესს იწვევს. მოხალისეების ტვინის მონიტორინგით აღმოჩნდა, რომ სტრესის ბიოლოგიური მარკერები მათ შორისაც შემცირდა, ვისაც პლაცებოს შესახებ შეატყობინეს.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მომავალში მსგავსი პლაცებოს გამოყენება რუტინულად იქნება შესაძლებელი. პლაცებო, რომელიც პაციენტის მოტყუებას არ ემყარება, მეტად ეთიკური პრაქტიკაც არის.
კომენტარები