არქეოლოგებმა პორტუგალიაში სტოუნჰეჯის მსგავსი სტრუქტურა იპოვეს
არქეოლოგებმა სამხრეთ პორტუგალიაში სტოუნჰეჯის მსგავსი მონუმენტის ნანგრევები იპოვეს, რომელიც 4 500 წლისაა და იგი არა ქვებისგან, არამედ ხისგანაა შექმნილი. ამჟამად მისგან მხოლოდ 20 მეტრი სიგანის საძირკველიღაა შემორჩენილი. მასზე ხვრელებია განთავსებული, სადაც ოდესღაც ხის ძელები იდგა. არქეოლოგ ანტონიო ვალერას თქმით, პორტუგალიური სტრუქტურა სტოუნჰეჯზე რამდენიმე ასეული წლით ძველია.
პრეისტორიული მონუმენტი ბევრად დიდი არქეოლოგიური ლანდშაფტის ნაწილია, რომელსაც პერდიგესის კომპლექსი ეწოდება. იგი პირველად 1996 წელს აღმოაჩინეს. 16 ჰექტარზე გადაჭიმული არქეოლოგიური გათხრების ადგილი ევორას რეგიონშია განთავსებული. გათხრებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონში მოგზაურობდნენ, მონუმენტთან ცერემონიებისთვის, ფესტივალებისთვის და დაკრძალვებისთვის ძველი წელთაღრიცხვით 3500-2000 წლებში იკრიბებოდნენ.
მკვლევრებმა ხის წრეების საძირკველის მესამედი უკვე გამოამჟღავნეს და ასევე ცხოველების ძვლები და თიხის ნამტვრევებიც იპოვეს.
"სტრუქტურის ინტერიერში შესაძლო შესასვლელი ზაფხულის ნაბუნიობისკენაა ორიენტირებული, რაც მის კოსმოლოგიურ ხასიათს ამტკიცებს. ევროპის მასშტაბით არსებული მსგავსი ნაგებობები იმავე თვისებებით გამოირჩევიან. ეს ამ სტრუქტურებსა და სამყაროს ნეოლოთურ ხედვებს შრის არსებულ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს", — განაცახადა ვალერამ.
ცენტრალურ ევროპასა და ბრიტანეთის კუნძულებზე არსებულ ხის წრეებსა და ამ ხის სტრუქტურებს შორის მსგავსება მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ქვის ხანის ადამიანები, შესაძლოა, ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებდნენ.
"ეს აღმოჩენა ევროპული ნეოლითური კვლევებისთვის პერდიგესის კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს", — აღნიშნა ვალერამ ინტერვიუში.
კომენტარები