კანადის ელსმირის კულნძულის ჩრდილოეთით მდებარე 4 ათასი წლის მილნის შელფურ მყინვარს 30-31 ივლისს 80 კვადრატული კილომეტრის ფართობის ყინული გამოეყო და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში გატივტივდა. სამი დღის მერე გამოყოფილი ნაწილი, თავის მხრივ, ორად გაიპო, რის შედეგადაც თითქმის მანჰეტენის ხელა აისბერგი წარმოიშვა.

კომპანია Planet Labs-მა, რომლის მიზანსაც ორბიტიდან დედამიწაზე დაკვირვება წარმოადგენს, დანაწევრებული მილნის შელფური მყინვარის ფოტოები გაასაჯაროა.

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ ფოტოები თავისი Dove თანამგზავრებიდან გადაიღო. კადრების ნაწილი 26 ივლისაა გადაღებული და მათზე მყინვარი ჯერ კიდევ ხელუხლებელ მდგომარეობაშია.

26 ივლისს გადაღებულ სურათზე მილნი მთელია. მილნი ერთ დროს დიდი არქტიკული მყინვარული სტრუქტურისგან მორჩენილი ნაწილია.

ფოტო: Planet Labs Inc

31 ივლისს გადაღებულ სურათებზე კი მილნს ნაწილი უკვე მოწყვეტილი აქვს.

თანამგზავრ Sentinel-1-ის მიერ 6 აგვისტოს გადაღებულ ამ რადარულ ფოტოზე მილნისგან გამოყოფილი ყინულის ნაჭერია აღბეჭდილი.

ფოტო: Copernicus Data / ESA Sentinel Hub

ცალკე შეშფოთებას იწვევს შელფური მყინვარის ზედაპირზე არსებული არაერთი ტბორი, რომელიც ყინულის დნობისგანაა წარმოქმნილი. თხევადი წყლის ყინულოვან სტრუქტურაზე არსებობა მომდევნო დანაწევრების წინაპირობა შეიძლება იყოს.

თუ წყალი შელფური მყინვარის ნაპრალებს ამოავსებს, ის ამ ბზარების გააფართოებას გამოიწვევს. შედეგად, წყალი ყინულის ტეხილებს დააწვება და მათ შელფური მყინვარის ფუძისკენ გადააადგილებს. ამ პროცესს ჰიდრავლიკური გახლეჩა ეწოდება და მას ყინულის შესუსტება შეუძლია.

ყოველ ზაფხულს დამდნარი ყინულისგან წარმოშობილი ტბები მილნის შელფური მყინვარის ზედაპირზე ღრმულებს წარმოქმნის.

ფოტო: JÉRÉMIE BONNEAU