100-წლიანი კვლევით, ქალისა და კაცის ტვინს შორის ინტელექტის მხრივ სხვაობა არ დასტურდება
მკვლევრები სქესის მიხედვით ადამიანის ტვინებს შორის განსხვავებებს მინიმუმ მე-19 საუკუნიდან ეძებენ. გუსტავ ლე ბონმა დაადგინა, რომ კაცის ტვინის ზომა, საშუალოდ, ქალის ტვინის ზომაზე დიდია, რამაც ადამიანები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ეს ფაქტი კაცებს უფრო ჭკვიანებს ხდიდა. თუმცა ამაზე ჯონ სტუარტ მილმა ერთობ მახვილგონივრულად აღნიშნა, რომ ამ კრიტერიუმით სპილოები და ვეშაპები ადამიანებზე ჭკვიანები გამოდიოდნენ.
ამ მარტივი ფაქტის გააზრების შემდეგ ივარაუდეს, რომ ტვინის კონკრეტული რეგიონების ზომას ჰქონდა მნიშვნელობა. ფრენოლოგისტების მიხედვით, შუბლის წილი ინტელექტის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ის კაცებს უფრო დიდი ჰქონდათ. მოგვიანებით ნეიროანატოსმისტებმა დაასკვნეს, რომ ინტელექტისთვის თხემის წილი უფრო მნიშვნელოვანი იუო და ის ასევე კაცებს ჰქონდათ უფრო დიდი.
ტვინის ანატომიური განსხვავებები
სქესის მიხედვით ტვინებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ჰიპოთალამუსშია, პატარა სტრუქტურაში, რომელიც რეპროდუქციულ ფიზიოლოგიასა და ქცევას არეგულირებს. მამრ თაგვებში მინიმუმ ერთი ჰიპოთალამური დანაყოფი მდედრებისაზე უფრო დიდია. იგივე ითქმის ადამიანებზეც. თუმცა მკვლევრებს არა რეპროდუქციული ფიზიოლოგიის განსხვავება, არამედ იმის გაგება სურდათ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ფიქრში განსხვავებებზე პასუხისმგებელი. ამიტომ ისინი ტვინის ყველაზე დიდ და წინა ნაწილზე კონცენტრირდნენ, რაც ინტელექტზეა პასუხისმგებელი.
ქალებსა და კაცებში ტვინის ამ რეგიონის არცერთი ნაწილი არ განსხვავდება ერთმანეთისგან ისე, როგორც კორძიანი სხეული, ნერვული ბოჭკოების სქელი კონა, რომელიც ორ ნახევარსფეროს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მე-20 და 21-ე საუკუნეებში ჩატარებულმა კვლევებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. ზოგის მიხედვით, ქალებში საშუალოდ მთლიანი კორძიანი სხეული უფრო დიდია, ხოლო სხვა კვლევების თანახმად, მხოლოდ გარკვეული ნაწილებია უფრო დიდი. ამის გამო ივარაუდეს, რომ ეს ორ სქესს შორის კოგნიტური განსხვავების მიზეზი იყო.
თუმცა აღსანიშნავია, რომ შედარებით პატარა ტვინებს პროპორციულად უფრო დიდი კორძიანი სხეული აქვთ, მიუხედავად სქესისა. შესაბამისად, ამ გასხვავების კვლევა არათანმიმდევრული ხდება. იგივე პრობლემა იჩენს თავს სხვა ცერებრალურ ზომებთანაც, რის გამოც სქესის მიხედვით ტვინის ანატომიური განსხვავებების კვლევამ მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო.
პრენატალური ჰორმონები
როდის აღმოცენდება ორი სქესის ტვინებს შორის განსხვავებები? რა იწვევს მათ?
1959 წელს ჩატარებული კვლევის დროს ორსულ მღრღნელს ტესტოსტერონის ინექცია გაუკეთეს, მისმა მდედრმა შთამომავალმა კი ზრდასრულობაში მამრისთვის დამახასიათებელი სექსუალური ქცევები დაიწყო.
ავტორების დასკვნით, პრენატალური ტესტოსტერონი დროთა განმავლობაში ტვინის "ორგანიზებას" ახდენს. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დასკვნა გარკვეულწილად სწორია. მკვლევრებს ეთიკურად არ აქვთ უფლება, პრენატალური ჰორმონების დონე ადამიანში ხელოვნურად შეცვალონ, ამიტომ ისინი შემთხვევითობებზე არიან დამოკიდებულნი: მაგალითად, იკვლევენ ინტერსქესის შემთხვევებს.
ზოგიერთ განსხვავებას გენები იწვევს
როგორც ვიცით, პრენატალური ჰორმონები გარკვეულწილად ტვინის სქესობრივ განსხვავებას იწვევს, თუმცა ხანდახან გენეტიკაა ამის პირდაპირი მიზეზი.
გენეტიკის როლის დემონსტრირებისთვის ზოლიანი სკვინჩას მაგალითი გამოდგება. მას ძალიან უცნაური ანომალია ახასიათებდა — მარჯვენა მხარეს მამრი, მარცხენა მხარეს კი მდედრი იყო. სიმღერასთან დაკავშირებული ტვინის სტრუქტურა (რაც მამრებისთვისაა დამახასიათებელი) მხოლოდ მარჯვნივ იყო გაფართოებული, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნახევარსფერო ჰორმონალურად ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებოდა. შესაბამისად, ეს ასიმეტრია არა ჰორმონების, არამედ გენების ბრალი გახლდათ. ამის შემდეგ მსგავსი განსხვავებები მკვლევრებმა თაგვებშიც იპოვეს.
ტვინში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა
მიიჩნევენ, რომ ადამიანის ტვინი სქესის მიხედვით დაბადებიდან განსხვავებულია, რაც, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ადამიანები ბავშვობაში უფრო სწრაფად სწავლობენ, ვიდრე ზრდასრულობაში. ფაქტების დამახსოვრებიდან მუსიკალური ან ათლეტური უნარების გაუმჯობესებამდე, სწავლის პროცესი სინაფსებს შორის კავშირებს ცვლის — ეს ცვლილებები კი უამრავია და ძალიან ხშირიც.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სწავლა ზრდასრული ადამიანის ტვინს მნიშვნელოვნად ცვლის. მაგალითად, ლონდონში ტაქსის მძღოლებს გზების დამახსოვრება უწევთ, მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ ამის დასწავლა მძღოლების ჰიპოკამპუსს ფიზიკურად ცვლიდა.
შესაბამისად, იმის თქმა, რომ ადამიანის ტვინის სქესის მიხედვით არსებული ყველა განსხვავება თანდაყოლილია, არასწორია, რადგან იგი, შესაძლოა, ზრდასრულობაში სწავლის პროცესისგანაც იცვლებოდეს.
ყველაზე მართებულია დავასკვნათ, რომ სქესობრივი ნიშნით ტვინის ნებისმიერი სახის სტრუქტურული განსხვავება გენეტიკის, ჰორმონებისა და სწავლის რთული და ურთიერთდამოკიდებული კომბინაციების შედეგია.
კომენტარები