NASA კოსმოსური ობიექტების არაპოლიტკორექტული სახელების გადააზრებას გეგმავს
კოსმოსურ ობიექტებს, გალაქტიკებს, პლანეტებს და ნისლეულებს სამეცნიერო საზოგადოება ხშრად არაოფიციალური მეტსახელებით მოიხსენიებს. NASA-ში მიიჩნევენ, რომ ეს არაოფიციალური სახელწოდებები ხშირად არაპოლიტკორექტულია. კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ის თანასწორობის და მრავალფეროვნების მხარდაჭერის მიზნით ციური სხეულებისთვის სახელების შეცვლას გეგმავს.
მაგალითისთვის, პლანეტარულ ნისლეულ NGC 2392-ს ბევრი უბრალოდ "ესკიმოს ნისლეულს" ეძახის. სიტყვა ესკიმო, NASA-სვე განმარტებით, კოლონიალური ტერმინია, რომელსაც რასისტული წარმომავლობა აქვს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანებისადმი დისკრიმინაციული დატვირთვის მატარებელია.
იმავე პრინციპით, NCG 4567 და NGC 4568 ნისლეულებს "სიამის ტყუპებს" აღარ დაუძახებენ, რადგან ეს ტერმინი მეცხრამეტე საუკუნის იმ საცირკო სანახაობიდან მომდინარეობს, რომლის დროსაც მაყურებელი ერთმანეთთან შეზრდილი ტაილანდელი ტყუპების ნახვაში იხდიდნენ ფულს.
ამიერიდან სააგენტოს თანამშრომლები ციურ სხეულებს მხოლოდ იმ ოფიციალური სახელებით მოიხსენებენ, რომლებიც საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა შეიმუშავა.
ციური სხეულების ოფიციალური სახელები ხშირად რთული წარმოსათქმელი ან დასამახსოვრებელია, ამიტომ მეტსახელის გამოყენება საქმეს ამარტივებს ხოლმე. თუმცა, ხშირად ამ ზედმეტსახელებს კულტურული და ისტორიული კონოტაციები აქვთ, რაც ზოგჯერ დისკრიმინაციული არის.
კომენტარები