სახის ამომცნობი ტექნოლოგია სერიული მკვლელების მსხვერპლთა გამოსავლენად შეიძლება გამოდგეს
სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით მკვლევრები სერიული მკვლელების პოტენციური მსხვერპლების ამოცნობის ტექნიკას ცდიან.
კვლევაში რამდენიმე მეცნიერია ჩართული და იგი ჟურნალ Expert Systems-შია გამოქვეყნებული. მათი თქმით, მსგავსი სისტემის შექმნისთვის ინსპირაცია 2019 წლის ფილმიდან, Extremely Wicked, Shockingly Evil and Vile-დან მიიღეს, სადაც სერიული მკლელის, ტედ ბანდის დანაშაულებია აღწერილი.
"ტედ ბანდის მსხვერპლებს ბევრი ფიზიკური მახასიათებელი მსგავსი ჰქონდათ და, ჩემი აზრით, ლოგიკურია, რადგან მსგავსი ქცევა ჩვენ, არაფსიქოპათ ადამიანებსაც გვახასიათებს, მაგალითად, ჩვენი სექსუალური პარტნიორები ხშირად გვანან ერთმანეთს", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, — "ისეთ სიტუაციაში, სადაც, მაგალითად, 10 ცნობილი მსხვერპლია, ჩვენ შეგვეძლება მე-11 პოტენციური მსხვერპლის გამოვლენა".
მკვლევრებმა იმავე ტექნიკას მიმართეს, რომელიც სახის ბიომეტრიის დროს გამოიყენება. მათ შორის იყო ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც სახის მეშვეობით სმარტფონების განბლოკვას ხდის შესაძლებელს. მათ ბანდის მსხვერპლების ფოტოები ამ ტექნიკის გამოყენებით გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მათი უმეტესობის სახის გეომეტრია მსგავსი იყო.
მკვლევართა გუნდმა ანალიზს "სერიული მკვლელების მსხვერპლთა სახეების კავშირი" უწოდა და მათ იმედი აქვთ, რომ ეს მიდგომა გამომძიებლებს ძველი დანაშაულების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ.
ტექნოლოგია ჯერჯერობით განვითარების ძალიან ადრეულ ფაზაშია და სანამ მისი უშუალოდ პრაქტიკაში გამოყენება დაიწყება, კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო. წარმატების შემთხვევაში კი მან, შესაძლოა, ისეთი მსხვერპლები ამოიცნოს, რომლებიც აქამდე სერიულ მკვლელთან დაკავშირებული არ იყო.
კომენტარები