Proteus — წყალქვეშა "კოსმოსური სადგურის" ამბიციური გეგმა და დიზაინი
ოკეანის ლეგენდარული შემსწავლელის, ჟაკ-ივ კუსტოს შვილიშვილს, ფაბიენ კუსტოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტოლფასი კონსტრუქციის აგება სურს, თუმცა კოსმოსის მაგივრად — ოკეანის ფსკერზე.
დიზაინერ ივ ბეჰარის დახმარებით, კუსტომ თავისი ამბიციური გეგმის შესახებ განაცხადა: დაახლოებით 1 300 კვადრატული მეტრის ზომის ლაბორატორია, რომელსაც Proteus ერქმევა, მთელი მსოფლიოდან შეკრებილი 12 მკვლევრისგან შედგენილ გუნდს უმასპინძლებს. გეგმის მიხედვით, კონსტრუქცია მზად სულ რაღაც სამ წელიწადში იქნება.
კონსტრუქციის დიზაინში ყველაზე საოცარი შენობის მთავარი ნაწილისგან გამოწეული, ბუშტების მსგავსი განყოფილებებია. თითოეულ განყოფილება გასხვავებული მიზნისთვისაა განკუთვნილი — იქნება ეს სამედიცინო ნაწილი, ლაბორატორიები თუ პირადი ოთახები.
"ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ახალი, განსხვავებული, შთამაგონებელი და ფუტურისტულიც ყოფილიყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყველა არსებული სამეცნიერო ფანტასტიკა შევისწავლეთ", — განაცხადა ბეჰარმა CNN-თან ინტერვიუში.
გუნდის მიხედვით, Proteus გახდება პირველი ნაგებობა, რომელსაც წყლის ქვეშ საკუთარი ორანჟერეა ექნება, სადაც იქ მყოფი მეცნიერები საკვების მოპოვებას შეძლებენ. რაც შეეხება ენერგიას, ისინი როგორც მზისა და ქარის, ასევე თერმული ენერგიის გამოყენებას აპირებენ.
"ოკეანის შესწავლა კოსმოსის შესწავლაზე ათასჯერ უპირატესია, რადგან ჩვენი გადარჩენა, ჩვენი სიცოცხლე სწორედ მისი დამსახურებაა. ოკეანეა ის მიზეზი, რომლის გამოც დღეს ვარსებობთ", — განაცხადა კუსტომ.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის კოსმოსის შესწავლა უფრო პრიორიტეტულად ითვლება და მეტი დაფინანსებაც აქვს, ვიდრე ოკეანის შესწავლას — ადამიანებს დედამიწის ოკეანის დაახლოებით 5% აქვთ შესწავლილი, რუკაზე გადატანილი კი — მხოლოდ 20%.
ამ ეტაპისთვის დედამიწაზე მხოლოდ ერთი მუდმივი წყალქვეშა ჰაბიტატია, სახელად Aquarius, რომელიც ფლორიდას სანაპიროსთან მდებარეობს და NASA-ს მიერ მთვარის ზედაპირის სიმულაციისთვის გამოიყენება.
კომენტარები