მედიის განვითარების ფონდის 2019 წლის ანგარიში სწორედ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებასა და მედია მონიტორინგს ეხება. ორგანიზაციის განმარტებით, ყალბი ინფორმაციის გამოვლენა ტრადიციული მედია საშუალებების მონიტორინგის გარდა, სოციალურ ქსელ ფეისბუკითაც ხდება. ანგარიში სამ ნაწილადაა დაყოფილი და შემდეგი თავებისგან შედგება:

  • ანტიდასავლური გზავნილების წყაროები;
  • ანტიდასავლური ნარატივების სტრუქტურა (ფრეიმინგი);
  • ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი.

ანგარიში წარმოდგენილ დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროთა სიას პოლიტიკური პარტიები/პოლიტიკოსები ხსნის და იმ სასულიერო პირთა ჩამონათვალი აგვირგვინებს, რომლებიც საკურთხევლიდან ეშმაკის ნაცვლად, დასავლეთს გმობენ და ღმერთის ნაცვლად, ჩრდილოელ "მეზობელს" ადიდებენ.

პარტიები/პოლიტიკოსები

ანგარიშში გამოვლინდა, რომ ანტიდასავლურ წყაროებს შორის, პოლიტიკური პარტიების რიგებიდან, პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს. ამ მიმართულებით მათი აქტიურობა წინა წელთან შედარებით გაოთხმაგებულია და ტოლს რუსეთის ხელისუფლებაც კი ვერ უდებს, რომელიც მეორე ადგილზეა.

პროპაგანდისტულ ლიდერების სამეულშია ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. მას მოსდევს ნეიტრალური სოციალისტური საქართველო. ამ პარტიის ლიდერი, ვალერი კვარაცხელია ტვ ობიექტივის წამყვანიცაა, რომელიც, სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ მედია ორგანიზაციებს შორისაა. ანტიდასავლელ მოღვაწეთა სიას ანტილიბერალური პარტია ქართული იდეა ასრულებს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მედია

ანგარიშში წარმოდგენილი ხუთი მედიიდან ანტიდასავლური ნარატივით პირველ ადგილზეა ონლაინ გამოცემა საქართველო და მსოფლიო (Geoworld.ge). მეორე ადგილით კონკურენციას ტვ ობიექტივი უწევს. შემდეგ კი მოდის საინფორმაციო პორტალი საქინფორმი და გაზეთები ასავალ-დასავალი და ალია. MDF-ის ინფორმაციით, ამ სიას უერთდება ტვ იმედი ჟურნალისტის მიერ ერთი და რესპონდენტების მიერ გამოთქმული 32 ანტიდასავლური კომენტარით.

ფოტო: MDF

MDF-ის შექმნილ დიაგრამაზე წარმოდგენილია კატეგორია სხვადასხვა, რომელიც იმ მედია საშუალებებს აერთიანებს, სადაც რესპონდენტთა ანტიდასავლური კომენტარები გაშუქდა. ამ სიაში არიან შემდეგი მედიასაშუალებები: Ipn, რეზონანსი, PIA, კავკასია, რუსთავი 2, მთავარი არხი, პირველი არხი, კვირის პალიტრა, ნეტგაზეთი, პრაიმ ტაიმი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები/საზოგადოების წარმომადგენლები

ორგანიზაციები

MDF-ის განცხადებით, მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა 23 საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათგან ახალია საქართველოს განვითარების ლაბორატორია, რომელსაც, ძირითადად, მისი დირექტორი ირაკლი გოგავა წარმოადგენდა და მეტწილად ობიექტივის ეთერში ჩნდებოდა. სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან ყველაზე აქტიურები იყვნენ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი და ევრაზიის ინსტიტუტი, რომელიც თავის პოზიციას ხშირად საქართველო და მსოფლიოს ვებ-გვერდზე აქვეყნებდა, ისევე, როგორც ორგანიზაცია სტალინელი.

ამ სიაში ანტიდასავლურ ორგანიზაციებსა და ამავე კურსის მედიებს შორის მჭიდრო კავშირი გამოიკვეთა. ანგარიშში წარმოდგენილ რაოდენობრივ მასალზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომელი მედია რამდენ დროს უთმობს აღნიშნული ორგანიზაციების ხედვების გაჟღერებას.

ფოტო: MDF

საზოგადოების წარმომადგენლები

საზოგადოების წარმომადგენელთა ანტიდასავლური კომენტარებიდან ყველაზე ხშირად ფიგურირებდნენ შემდეგი პირები:

  • თადარიგში მყოფი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი;
  • ბიზნესმენი და ე.წ. რაინდი ლევან ვასაძე;
  • პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე;
  • ტვ ობიექტივის მაყურებლები;
  • Veterans Today-ს ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც, ძირითადად, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ აქტიურობდა.

სასულიერო პირები

როგორც აღვნიშნეთ და ანგარიშიდანაც ჩანს, ანტიდასავლური გზავნილების წყაროების სია სასულიერო პირებით იკვრება. მათგან ყველაზე აქტიურია და წინა წლიდან მოყოლებული ლიდერის პოზიციას არ თმობს ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძე. რაზმაძე უკონკურენტოა, ამიტომ მხოლოდ მეორე და შემდგომ ადგილებს ინაწილებენ დავით ქვლივიძე, დავით ისაკაძე, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე და სხვები.

მეუფე სპირიდონი ხელს აწერს მემორანდუმს რუსულ უნივერსიტეტთან

მეუფე სპირიდონი ხელს აწერს მემორანდუმს რუსულ უნივერსიტეტთან

ფოტო: საპარტიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი / FB

ანტიდასავლური ნარატივის გავრცელების მეთოდოლოგიები

რაც შეეხება ანტიდასავლური ნარატივების სტრუქტურას, სამ საფეხურიანია და რამდენიმე ქვეთავს მოიცავს. თითოეული ქვეთავი პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს და აერთიანებს ისეთ პროპაგანდისტულ მიდგომებს, როგორიცაა ომის შიში; რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების აუცილებლობა; დასავლეთზე მიუმხრობლობა; ნეიტრალიტეტი, როგორც საუკეთესო გამოსავალი და ა.შ.

შიშების დათესვა

ანტიდასავლური ნარატივების სტრუქტურის პირველი და ყველაზე აქტუალური საფეხურია შიშების დათესვა, რომელიც სხვა კატეგორიებთან ერთად რუსეთის არგაღიზიანებისა და ბიოდივერსიის შიშს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში ახალმოსული მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიდგომები კრემლის მიმართ თვისებრივად განსხვავებული იყო. რუსეთის არგაღიზიანების საბაბით, ერთი მხრივ, მმართველი პარტია ხშირად სათანადოდ არ რეაგირებდა კრემლის ინფორმაციულ ოპერაციებზე (მაგალითად, მიზანმიმართულ კამპანიაზე ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ), მეორე მხრივ, კრემლის ინტერესების გამხმოვანებლები მუდმივად აპელირებდნენ იმ თემებზე, რომლებსაც "მოსკოვის გაღიზიანების პოტენციალი" აქვს.

მოსკოვის გაღიზიანება კი "ღვთის სასჯელია", რომელიც ამავე პროპაგანდისტული ნარატივების თანახმად, ვიმსახურებთ კიდეც. ამიტომ, მათი აზრით, უნდა ვიყოთ მოკრძალებით "დიადი ჩრდილოეთის" მიმართ და უარმყოფელი "უზნეო დასავლეთისა".

ლუგარის ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორია

ფოტო: Al Mayadeen TV

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ანგარიშში ის ბიოდივერსიის შიშის ქვესათაურითაა წარმოდგენილი. ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელს
ატარებს, წლებია რუსეთის ფედერაციის სამიზნეა. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, კვლევებზე ორიენტირებისა და ადგილობრივი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გზით, მიზნად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებას ისახავს. სენატორების სემ ნანისა და რიჩარდ ლუგარის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლებლობების მშვიდობიანი სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთებას ემსახურება.

რუსეთის ხელისუფლების ინტერესები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულია. მისი მიზანი ქართულ საზოგადოებაში შიშების დათესვა და ბიოდივერსიის საფრთხეებით მანიპულირებაა. გავრცელებულ დეზინფომრაციებს შორისაა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები, რომ მათ ტერიტორიებზე დაავადებების გავრცელება სწორედ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება.

ფოტო: MDF

ანგარიშში განმარტებულია, რომ შიშების დათესვის კატეგორია, რუსეთის არგაღიზიანების შიშთან ერთად აერთიანებს:

  • ომის შიშს — სადაც ისევ აქტუალურია მოსაზრება, რომ 8 აგვისტოს ომი ამერიკის წაქეზებით დაიწყო; რომ ამერიკა/დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირებისთვის პლაცდარმად გვიყენებს და რომ ამერიკის/ნატოს ბაზები რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს;
  • ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შიშს;
  • იდენტობის დაკარგვის შიშს — MDF-ის მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ხაზი ესმებოდა დასავლური ღირებულებების მართლმადიდებლობასთან შეუთავსებლობას, ასევე, იმას, რომ დასავლეთი საქართველოს მორალურ დეგრადაციას იწვევს, რაც ფიზიკურ ოკუპაციაზე გაცილებით მძიმე შედეგის მომტანია.

უიმედობა

შიშებს მოსდევს უიმედობის საფეხური. ანგარიშის შედეგების თანახმად, წინა წლების მსგავსად, ხდებოდა სკეპტიციზმის დანერგვა, რომ დასავლეთს/ნატოს და სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს დაცვა არ ძალუძთ, რომ საქართველოს გამო ისინი კონფრონტაციაში არ შევლენ რუსეთთან და ამერიკა არასანდო პარტნიორია, რომელმაც ქურთების დაცვა ვერ შეძლო.

უიმედობის საფეხური, "დასავლეთი ვერ დაგვიცავს" ნარატივთან ერთად, ორ ქვესაფეხურს მოიცავს:

  • დემოკრატია/სუვერენიტეტი ფიქციაა — წინა წლების მსგავსად, მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ საქართველო რეალურად არ არის სუვერენული სახელმწიფო და მის საქმეებში ამერიკა და სხვა ქვეყნები ისევე ერევიან, როგორც საბჭოთა კავშირი ერეოდა;
  • ორი დასავლეთი: ლიბერალიზმი მარცხს განიცდის — როგორც სახელისუფლებო, ასევე, რუსეთის ინტერესების გამტარი აქტორები "ორ დასავლეთს" ერთმანეთისგან მიჯნავდნენ.

"ხსნა"

ანტიდასავლური ნარატივების სტრუქტურის ბოლო საფეხურია ხსნა. ეს არის საფეხური, რომელიც პირდაპირი ქადაგებს რუსეთს, როგორც "ერთადერთ გამოსავალს" და მასში გაერთიანებული ქვესათაურების მხოლოდ ჩამონათვალიც საკმარისია:

  • ნეიტრალიტეტი;
  • პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების ერთადერთ გზადაა დასახული;
  • რუსეთზე ეკონიმიკური დამოკიდებულება=სტაბილურობას. ამ მტკიცების გასამყარებლად, ვითარდებოდა აზრი, რომ რუსეთთან ბოლო წლებში მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა 20 ივნისის ანტისახელმწიფოებრივი ანტისაოკუპაციო აქციით საფრთხის ქვეშ დადგა და რომ საქართველო ისტორიულადაც და ეკონომიკურადაც რუსეთზეა დამოკიდებული;
  • ერთმორწმუნე რუსეთი მორალური ოკუპაციის დასაძლევად — რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ნიშნით ოკუპანტთან ერთიანობისა და მეგობრობის რწმენა ისევ არსებობს.

ფოტო: Andrey Rudakov / Bloomberg

ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი

ანგარიშის მესამე და დასკვნითი ნაწილია ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი, რომელიც ყველა იმ შესაძლო გზას აერთიანებს, რომლითაც ანტიდასავლური განწყობის შექმნაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და პრორუსულ ქართულ მხარეს ყველა ჩამოთვლილი მექანიზმი წარმატებით აქვს ათვისებული.

მედიის განვითარების ფონდმა პროექტ მითების დეტექტორის ფარგლებში 2019 წელს 199 ინფორმაცია გადაამოწმა და შემდეგი ტიპის დარღვევები გამოავლინა:

  • ყალბი ინფორმაცია;
  • სტატისტიკის გაყალბება;
  • ინტერვიუს/კომენტარის გაყალბება;
  • ფოტო/ვიდეო მანიპულაცია;
  • კონსპირაცია;
  • ისტორიის გაყალბება;
  • სატირულ-იუმორისტული მასალების;
  • რეალურ ინფორმაციად გავრცელება.

ყალბი ან მანიპულაციური ინფორმაციის ყველაზე დიდი წილი პოლიტიკასა და იდენტობის დაკარგვის საფრთხეს შეეხებოდა, რასაც მოსდევდა NATO-ში ინტეგრაციის, მიგრანტების, თავდაცვა/უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის თემაზე გავრცელებული ყალბი ცნობები. თითქმის თანაბარი რაოდენობის ყალბი ინფორმაცია გავრცელდა ისტორიისა და ეკონომიკის შესახებ.

მედიებიდან ყველაზე მეტი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს:

  • საქართველო და მსოფლიომ;
  • სპუტნიკ საქართველომ;
  • საქინფორმმა.

სოციალური მედიიდან — ფეისბუკ გვერდებმა:

  • სტალინი;
  • ალტ-ინფო.

პარტიებიდან:

  • პატრიოტთა ალიანსმა.

ფოტო: Lazaro Gamio / Axios

სტატისტიკა

სტატისტიკის გაყალბება/ციფრებით მანიპულირება ყველაზე ხშირად ეკონომიკისა და მიგრანტების საკითხს შეეხო. ეკონომიკის შესახებ მანიპულაციური სტატისტიკური მონაცემები 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დაწესებული თანმდევი სანქციების კონტექსტში ვრცელდებოდა, რა დროსაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლაზე, კერძოდ კი ლარის კურსის ინფლაციაზე, საწვავის ფასსა და ტურიზმის ზარალზე მანიპულაციური შეფასებები კეთდებოდა.

ინტერვიუს/კომენტარის გაყალბება

ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა ინტერვიუს/კომენტარის გაყალბების შემთხვევები. ინტერვიუები მანიპულაციურად, როგორც წინა წლებიც გვაჩვენებს და მოსალოდნელიც იყო, ყველაზე ხშირად NATO-ში ინტეგრაციის კონტექსტში გავრცელდა.

კონსპირაციები

ყველაზე მეტი კონსპირაცია ჯანდაცვისა და ბიოუსაფრთხოების თემაზე გავრცელდა და მისი სამიზნე ისევ და ისევ საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია იყო.

ისტორიის გაყალბება/მანიპულირება

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ამ ნაწილში საბჭოთა კავშირის, სტალინისა და დიადი მფარველის თემები იკვეთება:

  • სტალინი, როგორც ნაციზმის დამმარცხებელი და ევროპის გამათავისუფლებელი;
  • რუსეთი, როგორც მცირე ერების მფარველი და უფროსი ძმა;
  • ავტორიტარული რეჟიმების/დიქტატორების გაიდეალება;
  • საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება;
  • ისტორიის უარყოფა.

ვიზუალური (ფოტო/ვიდეო) მანიპულაცია

  • ავთენტური ფოტო, რომელიც არ შეესაბამება მოვლენის აღწერას;
  • მხატვრული ფილმის კადრების რეალურ მოვლენად წარმოჩენა;
  • ყალბი ვიდეო, Deep Fake;
  • ავთენტური ვიდეოს შეუსაბამობა აღწერილობასთან;
  • ყალბი კონტექსტი.

ანგარიში ყალბი ინფორმაციის მაგალითების გამოვლენით სრულდება. დასასრულს კი მოცემულია დანართი სათაურით:

ბიოუსაფრთხოება: ლუგარის ლაბორატორია — რუსეთის ხელისუფლების სამიზნე

ლუგარის კვლევითი ცენტრის პერსონალი

ლუგარის კვლევითი ცენტრის პერსონალი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეს სათაური აერთიანებს იმ მაგალითებს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაზე გაჟღერებულ დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რამდენად აქტუალურია ლუგარის ლაბორატორიის თემა. მოვიყვანთ, დანართში ჩამოთვლილ რამდენიმე მაგალითს:

  • "ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. ცივი ოთახები ფუნქციონირებს, რომელიც არცერთ სხვა ლაბორატორიაში არ გამოიყენება", — რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო.
  • "ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე და ცხოველებზე ცდებს ატარებენ", — ჯეფრი სილვერმანი.
  • "აფხაზეთში ღორის ჭირის გაჩენა ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება" — მუჰამედ კილბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი.
  • "ლუგარში სამხედრო დანიშნულების ვაქცინები მზადდება, რომლებიც დრონებით გადააქვთ", — ვალერი კვარაცხელია.

მედიის განვითარების ფონდი MDF 2014 წლიდან ყოველწლიურად ანგარიშსს ატარებს, რომელიც მედია მონიტორინგისა და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს. ანგარიში, ტრადიციულად, ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებას და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება. ასევე, ავლენს ყალბ ინფორმაციებს და გზავნილების წყაროების იდენტიფიცირებას ახდენს.