როგორ შეიძლება დაგვეხმარონ ლამები კორონავირუსთან ბრძოლაში — კვლევა
ლამა ფიფი რედინგის საძოვრებზე ბალახს ცოხნის და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისმა იმუნურმა სისტემამ კორონავირუსის სამკურნალო მეთოდოლოგიის შესამუშავებლად მეცნიერებს უდიდესი დახმარება გაუწია.
როზალინდა ფრანკლინის სახელობის ინსტიტუტის მკვლევრები ფიფის ორგანიზმიდან მიღებულ ანტისხეულებს იმუნიტეტის გამაძლიერებელი თერაპიის შესამუშავებლად იყენებენ. ლამების ანტისხეულებზე დაფუძნებული თერაპია კლინიკურ კვლევაში, შესაძლოა, რამდენიმე თვეში ჩაეშვას. მეცნიერებმა თავიანთი მიგნების პირველადი შედეგები ჟურნალში Nature Structural and Molecular Biology გამოაქვეყნეს.
ლამის ანტისხეულები, ადამიანის ანალოგთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირე და მარტივია. თუმცა, სწორედ ეს მახასიათებლები ანიჭებს მათ ლაბორატორიულ პირობებში ადვილად მოდიფიცირების უნარს.
კორონავირუსის გასაღების ძიებაში
ჯეიმს ნეისმითი როზალინდა რუზველტის ინსტიტუტის დირექტორი და ნაშრომის მთავარი მკვლევარია. იგი აღნიშნულ პროცესს კორონავირუსის კლიტესთვის შესაბამისი გასაღების გამოჭედვას ადარებს — იმისთვის, რომ ჩაკეტილი კარი გააღო, გასაღები კლიტეს იდეალურად უნდა მოერგოს.
"ლამის ანტისხეულების სახით ჩვენ გვაქვს გასაღები, რომელიც არც ისე გამოსადეგია — ის კლიტეში კი შედის, მაგრამ მექანიზმის გასაღებად დატრიალება უჭირს. ამიტომაც, ჩვენ ვიღებთ ამ გასაღებს და მოლეკულური ბიოლოგიის გამოყენებით მას იქამდე ვჭედავთ, სანამ ზუსტ ფორმას არ მივცემთ", — მარტივი ანალოგიას იშველიებს ნეისმითი.
ანტისხეულები ადაპტაციური იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან. სწორედ ეს მოლეკულები პასუხობენ ორგანიზმში შემოჭრილ ვირუსებსა და ბაქტერიებს.
"როდესაც ვირუსით განმეორებით ავადდები, შენი იმუნური სისტემა ვირუსის ნებისმიერ ნაწილს ეძებს, რათა მას შემოეხვიოს და გაანადგუროს", — აღნიშნავს პროფესორი ნეისმითი.
ასეთი ტიპის იმუნური თერაპია დაავადებული ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსთან ადაპტირებული ანტისხეულებით მოამარაგებს. ამჟამად არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსმოხდილი ადამიანის ანტისხეულებით მდიდარი სისხლის პლაზმის გადასხმა ეფექტიანი სამკურნალო ჩარევა აღმოჩნდა.
ლამის ანტისხეულების გამოყენების მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებს მისი ლაბორატორიულ პირობებში წარმოება შეუძლია. ამისათვის ლამის ანტისხეულს მცირე მოდიფიკაციას უკეთებენ, რის შემდეგაც ნანოსხეულს იღებენ.
ნანოსხეულების მთავარ სამიზნეს ვირუსების გარსში ლოკალიზებული "სპაიკ-ცილა" წარმოადგენს. სპაიკის გაუნებელყოფა ვირუსს ადამიანის ორგანიზმში შეღწევის უნარს უკარგავს.
"ჩვენ ლაბორატორიულ პირობებში ვაკეთებთ იმას, რასაც იმუნური სისტემა ორგანიზმში აკეთებს. ამ პროცესში ძალიან სწრაფები ვართ და თუ ვირუსი უეცრად შეიცვლება ან ასპარეზზე სრულიად ახალი ვირუსი გამოჩნდება, ჩვენ შესაბამისი ნანოსხეულების დამზადება ლაბორატორიაში მაინც შეგვეძლება", — აცხადებს ნეისმითი.
მეცნიერთა ჯგუფი თავისი თერაპიის ცხოველურ მოდელში გამოცდას ამ ზაფხულშივე გეგმავს. შესაბამისად, ადამიანებზე კლინიკური კვლევის დასაწყისად ისინი წლის ბოლოს მოიაზრებენ.
კომენტარები