არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ კატები ადამიანებთან ბევრად ადრე თანაცხოვრობდნენ
მიუხედავად იმისა, რომ კატები მსოფლიოს გარშემო უსაზღვროდ პოპულარული შინაური ცხოველები არიან, მათი მოშინაურების ისტორია დღემდე საიდუმლოებებითაა მოცული. თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი სრულად მოშინაურებულები ჯერაც არ არიან, ეს კი მათ ისტორიას უფრო ბუნდოვანსა და ჩახლართულს ხდის.
ახალ კვლევაში მკვლევრებმა ნეოლითურ პერიოდში ადამიანებსა და კატებს შორის არსებული ურთიერთობა შეისწავლეს, რათა გაეგოთ, თუ როდის გახდნენ ეს უკანასკნელნი შინაურები. კვლევა მიგვითითებს, რომ ევროპაში კატების მოშინაურება ფერმერების წყალობით დაიწყო — როდესაც ისინი ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებოდნენ, მათ თან ველური, შინაური კატების წინაპრები მიჰყვებოდნენ.
ეს აღმოჩენა ახლო აღმოსავლელი ველური კატების იმ ძვლების ანალიზის მეშვეობით გაკეთდა, რომლებიც მკვლევრებმა პოლონეთის ტერიტორიაზე იპოვეს. ისინი ძველი წელთაღრიცხვით 4 200-დან 2 300-მდე წლებით თარიღდებიან.
კვლევის ავტორმა მაგდალენა კრაჟარცმა ევროპაში უძველესი კატების შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო და მალევე მიხვდა, რომ ამ კატების შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი იყო. არქეოლოგებთან თანამშრომლობით კი მან სწორედ ეს ადრეული ძვლები იპოვა, რომლებიც ნეოლითურ პერიოდს ეკუთვნის.
"ჩვენ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდის ძვლების პოვნის იმედი არც გვქონია, რადგან აქამდე ნეოლითური ხანის კატის არსებობა ვარაუდის დონეზეც კი არ დაგვიშვია", — განაცხადა კრაჟარცმა.
იმის გაგება, თუ როგორ იკვებება თანამედროვე ცხოველი, მისი კუჭის გამოკვლევითაა შესაძლებელი, თუმცა ნამარხების შემთხვევაში მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობს. კვების რაციონის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა, რადგან მას შეუძლია გვითხრას, იყო თუ არა კატა მოშინაურებული. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მღრღნელებმა კატების მოშინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: მღრღნელები მიჰყვებოდნენ ფერმერებს, მღრღნელებს კი კატები მისდევდნენ.
ამ თეორიის გასამყარებლად მკვლევრებმა სტაბილური იზოტოპები გაანალიზეს, რომელსაც ცხოველის კვების რაციონის დადგენა შეუძლია. ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის აგროკულტურული საქმიანობის გამო მღრღნელებში სტაბილური იზოტოპები უკვე შეცვლილი იყო, თუმცა კატებზე იმავეს თქმა არ შეგვიძლია (აღსანიშნავია, რომ ისინი ამ მღრღნელებით ხშირად იკვებებოდნენ). სანაცვლოდ კი, მათი სტაბილური იზოტოპების რაოდენობა ევროპული ველური კატებისას ძალიან გავდა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც კატები ფერმერებს ევროპაში მიჰყვებოდნენ, მათზე ბოლომდე დამოკიდებულები არ ყოფილან.
კრაჟარცის თქმით, სხვა უამრავი კვლევის მიხედვით, უძველეს ადამიანებსა და ველურ კატებს შორის ურთიერთობა 10 ათასწლეულის წინ, ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. ამ ურთიერთობამ კი მათი მოშინაურება გამოიწვია. ახალი კვლევა კი ევროპაში კატისა და ადამიანის თანაარსებობის ხანგრძლივობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
"ათასწლეულების განმავლობაში კატები ადამიანების მოკავშირეები იყვნენ, რადგან ისინი ჩვენ მღრღნელებთან ბრძოლაში გვეხმარებოდნენ", — აცხადებს კრაჟარცი.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები