21-24 ივლისს გაიმართება ინტერდისციპლინური ონლაინ სემინარი თემაზე "მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები COVID-19-ის პერიოდში", რომელზე დასასწრებადაც უკვე დაწყებულია განაცხადების მიღება.

ონლაინ სემინარი დაფარავს შემდეგ თემებს: მიგრაცია და საზღვრის ინტეგრირებული მართვა; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა; ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე; გლობალური აქტორები, მიგრაცია და COVID-19-ის შედეგები.

სემინარს გაუძღვებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებული ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის, "მიგრაციის მართვის", ლექტორები.

სემინარი ბაკალავრიატის 2020 წლის კურსდამთავრებულებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვისაა განკუთვნილი. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სემინარზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის გაგზავნა და რეგისტრაციის გავლა. განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე [email protected]. მსურველებმა ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში უნდა მიუთითონ სემინარის დასახელება სრულად, ასევე მისწერონ სახელი და გვარი, სპეციალობა და მიგრაციასთან დაკავშირებით მათი ინტერესის კონკრეტული მიმართულება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 17 ივლისი.