MS Teams პანდემიის ეპოქისთვის ვიდეოზარის ახალ რეჟიმს ამატებს
კორპორაცია მაიკროსოფტმა საკუთარი საკომუნიკაციო სერვისის, MS Teams-ისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა. ახალ რეჟიმში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შექმნან საკუთარი ციფრული ავატარი და სამსახურეობრივი შეხვედრების დროს ხელოვნური ინტელექტი ყველა თანამშრომელს ამ ავატარების მიხედვით ერთ ვირტუალურ სივრცეში მოაქცევს.
ვირტუალური სივრცე შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც საკონფერენციო დარბაზი, კაფე ან ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ჩვენ პანდემიამდე ერთმანეთს ვხვდებოდით. სერვისის მიზანია, რომ ვირტუალურ აუდიტორიაში თანამშრომლების ქცევა უფრო ბუნებრივი გახდეს და საქმიან საკითხებზე კონცენტრირება გამარტივდეს, რადგან სახლის გარემო ყურადღების გამფანტველი შეიძლება იყოს.
კორპორაცია მაიკროსოფტი ერთობლივი ვიდეოკონფერენციის რეჟიმს აგვისტოში ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდის. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ აუდიტორიის ვირტუალური გარემო, თუმცა მოგვიანებით არჩევანი სულ უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ერთობლივ რეჟიმთან ერთად მაიკროსოფტი თანამშრომლებისთვის დინამიურ რეჟიმსაც ამატებს, რომელიც გაზიარებული პრეზენტაციის და თანამშრომლების გვერიგვერდ ყურების საშუალებას გაძლევთ.
გარდა ამისა, მაიკროსოფტი Teams-ში ვიდეოფილტრებს და დინამიურ რეაქციებსაც ამატებს. ფილტრების საშუალებით თანამშრომელს შეუძლია, დაარეგულიროს განათების დონე ან გაასწოროს კამერის ფოკუსი. რეაქციების საშუალებით კი თანამშრომელს ზედმეტი ხმაურის გარეშე საკუთარი ემოციის დინამიურად ჩვენების საშუალება ექნება.
ეს ყველაფერი არაა. Teams-ში მალე ონლაინ შეხვედრებზე ათასამდე მონაწილის მხარდაჭერა დაემატება, რომლის ყურებასაც 20 ათასამდე ადამიანი შეძლებს. ონლაინ შეხვედრისას ასევე დამატებული იქნება საუბრის რეალურ დროში სუბტიტრებად ჩვენების ფუნქცია, რაც ენობრივი ბარიერის პრობლემასაც აგვარებს.
მაიკროსოფტმა არც ეს იკმარა და მომავალში Teams-ში ხმოვანი ასისტენტის გამოყენებით ფაილების გაზიარების, ზარის განხორციელების, ონლაინ შეხვედრაში ჩართვის და შეტყობინების გაგზავნის საშუალებას ხმოვანი ბრძანების გამოყენებით მოგცემთ.
ყველა ახალი ფუნქცია Teams-ში წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება, რაც ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს მაიკროსოფტი კონკურენციაზე პანდემიის პერიოდში.
კომენტარები