IT სპეციალისტები დისტანციურად მუშაობისას უფრო პროდუქტიულები არიან — გამოკითხვა
ფინანსური მომსახურების სფეროში დასაქმებული IT თანამშრომლები COVID-19-ის პანდემიის გამო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ უფრო პროდუქტიულად მუშაობენ. Digiterre-ს კვლევით ირკვევა, რომ ამის მიზეზი კონცენტრაციის დამრღვევი ფაქტორების ნაკლებობაა.
ვინაიდან დისტანციური მუშაობა ჯერჯერობით აქტუალობას არ კარგავს, Digiterre ლონდონის, ნიუ-იორკის და ევროპის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დასაქმებული IT თანამშრომლების იმ სამუშაო გამოცდილებით დაინტერესდა, რომელიც მათ პანდემიის დროს მიიღეს.
ლოგისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების პროდუქტიულობა, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, გაიზარდა — ერთ-ერთ ორგანიზაციაში 30%-იანი ზრდაც კი დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ასეთ თანამშრომელს ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი აქვს. კერძოდ, მას უკეთ შეუძლია, კონცენტრირდეს ცალკეულ დავალებაზე და ისე გადაანაწილოს დრო, რომ ერთი ამოცანიდან მეორეზე ხშირი გადასვლა არ უწევდეს.
ამასთან ერთად გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკებთან და სავაჭრო ობიექტებთან, ასევე მოძველებული პლატფორმების ავტომატიზირებული ტესტირების შესაძლებლობასთან შეზღუდული წვდომის გამო პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლი შენელდა.
არსებული მონაცემებით, ბიზნესს უკვე აქვს დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ფართო არჩევანი. უმეტესობა დეველოპმენტის სხვადასხვა საშუალებას იყენებს, მათ შორისაა შედარებით ცნობილი Atlassin suite. ვიდეოზარებისთვის კი ბიზნესკომპანიები ყველაზე ხშირად ზუმს და MS Teams-ს იყენებენ.
სავაჭრო ბიზნესმა პანდემიის დაწყების მომენტიდან რამდენიმე კვირაში სწრაფი ადაპტაცია გაიარა და აქტიურად დაიწყო შეტყობინებებით, მათ შორის WhatsApp-ით, კომუნიკაცია. ამასთან ერთად, ორგანიზაციები დაჩქარებული წესით გადადიან ჰიბრიდულ და მულტიღრუბლოვან სტრატეგიაზე, რაც მეტ მდგრადობასა და ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება დისტანციური მუშაობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ამ საკითხს ბიზნესი ყურადღებას ან არ აქცევდა, ან შესაბამისი პოლიტიკით კრძალავდა. გამოკითხულთა უმეტესობა იმედოვნებს, რომ დისტანციური მუშაობის გაგრძელება მომავალშიც შესაძლებელი იქნება.
"დისტანციური მუშაობასთან მიმართებით კორონავირუსმა უდიდესი ცვლილებები გამოიწვია, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებშიც ფინანსური ორგანიზაციები ინვესტიციებს წლების განმავლობაში ახორციელებდნენ", — აცხადებს Digiterre-ს გენერალური დირექტორი, იან მურინი.
"როგორც გამოკითხვიდან ვიგებთ, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები მიიჩნევენ, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესი ბევრად პროდუქტიული გახდა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ერთიანი საზომი, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ გუნდის მუშაობის პროდუქტიულობა და ხარისხი. საინტერესოა, როგორ განვითარდება აღნიშნული ტენდენცია და როგორ მოახერხებენ ორგანიზაციები საკუთარი ოფისების გახნის შემდეგ მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას".
კომენტარები