დაეხმარა თუ არა მუტაცია კორონავირუსს აქტიურ გავრცელებაში — კვლევა
ბოლო თვეების განმავლობაში სამეცნიერო წრეებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზები აქტიური განხილვის საკითხი გახლდათ. მკვლევართა ნაწილს მიაჩნდა, რომ ამის მიზეზი ვირუსის მუტაციაა, რაც მას თავდაპირველ შტამთან შედარებით უფრო აგრესიულს ხდის. მეცნიერთა ჯგუფის მიერ სამშაბათს მოწოდებულმა კვლევის შედეგებმა ეს დავა არათუ გადაჭრა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.
ჟურნალში Cell გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის წამყვანი მკვლევრები არიან. მათი განცხადებით, D614G მუტაციის მქონე ვირუსს უფრო ადრეულ ვერსიასთან შედარებით მაღალი ინფიცირების უნარი აქვს. ამ მოსაზრებას სრულად არ იზიარებენ დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ საბოლოო დასკვნები ჯერ ნაადრევია.
აღნიშნული კითხვაზე პასუხი ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ის ნათელს მოჰფენს პანდემიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპების თავისებურებებს და მეცნიერებს მოვლენათა განვითარების მეტ-ნაკლები სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას მისცემს. შესაძლებელია, რომ გენეტიკურმა მუტაციამ D614G ვირუსის ამ ვარიანტის გავრცელების უნარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ნათელი ხდება, თუ რატომ აღინიშნება მსოფლიოს ზოგიერთი რეგიონში მისი საოცარი სისწრაფით გავრცელება და რატომ არ ვლინდება იგივე სხვა, მსგავსი სიმჭიდროვით დასახლებულ ტერიტორიაზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამის რეალური მიზეზი უბრალო შემთხვევითობაა.
გასულ თვეში ამერიკელმა ვირუსოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ D614G მუტაციის მქონე ვირუსები უჯრედულ კულტურაში უფრო მაღალი ინფიცირებით გამოირჩეოდნენ. ამ განსხვავების წყალობით, ვირუსი რეალურ გარემოში უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მუტირებული ვირუსით ინფიცირებული პაციენტებში COVID-19 უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ახალი კვლევის წამყვანი ავტორი ბეტ კორბერია, თეორიული ბიოლოგი. იგი საკუთარ თეორიას ლაბორატორიული მიგნებებით, ინფიცირებული პაციენტების ტესტირებით და D614G ვარიანტის გავრცელების ფართო სტატისტიკური ანალიზით ამტკიცებს.
დოქტორი კორბერი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მტკიცებულების 3 ძირითადი ხაზი არსებობდა და თითოეული მათგანს ერთ დასკვნამდე მივყავდით: ვირუსის ეს ვარიანტი სხვებთან შედარებით უფრო გადამდებია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსი ამჟამად მსოფლიოში დომინანტური ვირუსია და მას ამ სტატუსის მისაღწევად სულ რაღაც თვეები დასჭირდა.
კვლევა აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული ახსნაც დასაშვებია. მაგალითად, ე.წ. "საწყისი ეფექტი", როდესაც ვირუსის გავრცელება სრულად შემთხვევითობასა და სხვადასხვა რეგიონში მისი გადაცემის დინამიკაზეა დამოკიდებული. სხვა კვლევამ D614G მუტაციისთვის ინფიცირების გაზრდილი ხარისხი არ დაადასტურა, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევთ, აღნიშნულ თემაზე დებატები განაგრძონ.
"ამაღელვებელია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ცდილობს მეცნიერთა ჯგუფი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და ერთმანეთისგან რაოდენ განსხვავებული შედეგები მოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განსაკუთრებული პრობლემაა, ხოლო ევოლუცია და დემოგრაფია კომპლექსური საკითხებია. ამიტომაც, უფრო მეტი კვლევაა საჭირო", — აღნიშნა დოქტორმა მარკ სუქარდმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსმა
დოქტორმა კორბერმა ახალი მუტაციისკენ მეცნიერთა ყურადღება ჯერ კიდევ მაისში მიაპყრო, როცა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ "ვირუსი ახალ რეგიონში მოხვედრის შემდეგ სწრაფადვე დომინანტურ ფორმად იქცევა". ახალი კვლევა კორბერის წინა ნაშრომს კიდევ უფრო აფართოებს, რაც მეცნიერებს მოტივაციას აძლევთ, ამ მიმართულებით აქტიური ლაბორატორიული კვლევები განაგრძონ.
კომენტარები