კოსმოსში პირველი გაფრენიდან დღემდე — კოსმოსური კოსტუმების ევოლუცია

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კოსმოსური კოსტუმების დანიშნულება

კოსმოსის ათვისების პროცესში ადამიანისთვის კოსმოსური კოსტუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ღია კოსმოსში გასეირნებები ან მთავრეზე დაშვება მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან უჟანგბადობითა თუ მზის გამოსხივების შედეგად ადამიანი რამდენიმე წამში დაიღუპებოდა.

გარდა იმისა, რომ ღია კოსმოსში კოსტუმმა ადამიანი გამოსხივებისგან უნდა დაიცვას და სუნთქვისთვის გამოსადეგი ატმოსფერო შექმნას, ამასთან, მისი ტარებისას მოძრაობა მარტივი უნდა იყოს და ხომალდთან აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობასაც უნდა გაძლევდეს. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მისი გამძლეობა წარმოადგენს — მან საშიში პატარა მეტეორიტების დაბომბვებისგან უნდა დაგიცვას.

თავდაპირველად, დამცავ კოსტუმებს ჰაერბურთებისა და თვითმფრინავების პილოტები იყენებდნენ. ახალი სიმაღლეების დაპყრობასთან ერთად აუცილებელი ხდებოდა ისეთი დამცავი ფორმის შექმნა, რომელიც შეთხელებული ჰაერის პირობებში პილოტებს ჟანგბადით მოამარაგებდა. პირველი ასეთი ჰერმეტული კოსტუმი 1894 წელს შეიქმნა, 1918 წელს კი ამერიკაში მისი დაპატენტება დაიწყეს.

ხოლო რაც უფრო მეტად მიიწევდნენ ადამიანები კოსმოსისკენ, მით უფრო აუცილებელი ხდებოდა ბევრად კომპლექსური დამცავი საშუალების არსებობა, რომლის მოვალეობა მხოლოდ ჟანგბადით უზრუნველყოფა არ იქნებოდა.

პირველი ჰერმეტული კოსტუმები

ფოტო: US Air Force

ამერიკელი მფრინავი ვილი პოსტი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მსოფლიოს შემოუფრინა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰერმეტული კოსტუმების შექმნაშიც. კოსტუმით პირველად ფრენის დროს მან დაახლოებით 12 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და ამ შედეგით რეკორდიც დაამყარა. ფოტოს მარცხენა მხარეს პოსტის კოსტუმის ანალოგს ვხედავთ, იგი ბამბის ნაჭრისგანაა შეკერილი, რომელსაც ზემოდან ლატექსი აკრავს. მას მეტალის ჩაფხუტი ჰქონდა, რომელიც კისერზე ორყურიანი ქანჩით იყო დამაგრებული.

ფოტოს მარჯვენა მხარეს კი ინჟინერ რასელ კოლის მიერ შექმნილი XH-5-ს ვხედავთ, რომელსაც Tomato Worm Suit-საც (პომიდვრის მატლის კოსტუმი) უწოდებენ. მუხლების, იდაყვების და ბარძაყების ნაწილი მთლიან კოსტუმს მომრგვალებულად უერთდებოდა და საერთო ჯამში მატლის ფორმას ქმნიდა, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი ზედმეტსახელიც.

პირველი კოსმოსური კოსტუმი

ფოტო: Wikimedia

ფოტო: Wikimedi

პირველი კოსტუმი, რომელიც კოსმოსში გამოიყენეს, რუსული SK-1 იყო. იგი იური გაგარინისთვის შეიქმნა, რომელიც ხომალდ Vostok 1-ით 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში გაფრინდა. დედამიწაზე დასაბრუნებლად ის 7 კილომეტრ სიმაღლეზე ხომალდს კატაპულტით გამოეყო და პარაშუტით მიწაზე დაეშვა.

ფოტო: NASA

SK სერიის კოსტუმების გამოყენება გაგარინის გაფრენის შემდეგაც განაგრძეს, ხოლო მოგვიანებით SK-2 შეიქმნა, რომელიც თითქმის SK-1-ის იდენტური იყო, იმ განსხვავებით, რომ იგი ქალისთვის იყო განკუთვნილი — 1963 წელს კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა პირველი ქალი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

NASA-ს პირველი კოსმოსური კოსტუმი

ფოტო: NASA

NASA-ს ასტრონავტები კოსმოსში პირველად პროექტ მერკურის დროს გაფრინდნენ, სააგენტოს პირველი კოსმოსური კოსტუმებიც სწორედ ამ მისიისთვის შეიქმნა. პირველად ეს კოსტუმი ალან შეფარდს ეცვა, რომელმაც 1961 წლის 5 მაისს ხომალდ Freedom 7-ით კოსმოსური ფრენა განახორციელა.

მერკურის კოსტუმების ჩაცმა მხოლოდ ხომალდში იყო შესაძლებელი, რადგან ისინი პილოტებისთვის განკუთვნილი ჰერმეტული ფორმების მიხედვით შეიქმნა და ღია კოსმოსში მათ ვერ დაიცავდა. მისი შიდა ფენა ნეოპრონისგან დაფარული ნეილონისგან შედგებოდა, გარეთა ფენა კი ალუმინით დაფარული ნეილონისგან, რაც კოსტუმს ვიზუალურად გამორჩეულს ხდიდა. მსგავსი დიზაინი პილოტებს ულტრაიისფერი და თერმული გამოსხივებისგან იცავდა.

ფოტო: NASA

ფოტო: NASA

NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში პირველად მეორე პროგრამის, Gemini-ის დროს, 1965 წლის ივნისში გავიდნენ. ამ მისიის დროს გამოყენებული კოსტუმები მერკურის კოსტუმების გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდნენ, თუმცა ისინი დღევანდელი კოსტუმების ფონზე ძალიან პრიმიტიულად გამოიყურებიან. აღსანიშნავია, რომ პირველად ღია კოსმოსში კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი 1965 წლის მარტში გავიდა, მისი მოგზაურობა სულ რაღაც 12 წუთი გაგრძელდა, თუმცა მის კოსტუმს 45 წუთისთვის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდა.

ასტრონავტებს ჟანგბადი სპეციალური მილების მეშვეობით, უშუალოდ ხომალდიდან მიეწოდებოდათ. თავად კოსტუმი კი ნეილონის ექვსი ფენისგან შედგებოდა. ჩაფხუტი მიკროფონითა და ყურსასმენით იყო აღჭურვილი, მათ ასევე მოსახსნელი ხელთათმანებიც ჰქონდათ, რაც მაჯის მოძრაობას ბევრად მარტივს ხდიდა.

მთვარეზე გამოყენებული კოსტუმები

ფოტო: NASA

როდესაც ადამიანებმა ღია კოსმოსში გასეირნებებიდან მთვარეზე გადაინაცვლეს, საჭირო გახდა ახალი კოსტუმების შექმნა, რომლებიც არსებულებისგან განსხვავებით ბევრად კომპლექსური იქნებოდნენ. კოსტუმები გაცილებით მოსახერხებელი და მსუბუქი უნდა ყოფილიყო, მათ ასევე ასტრონავტები მცირე ზომის მეტეორიტებისგან უნდა დაეცვა და მათთვის ნიმუშების შეგროვების საშუალებაც უნდა მიეცა. კოსტუმს სპეციალური ფეხსაცმელი ჰქონდა, რომელიც მთვარის ზედაპირზე სიარულს შესაძლებელს ხდიდა. კიდევ ერთ სიახლეს ისეთი სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ასტრონავტებს ხომალდისგან დამოუკიდებლად სუნთქვისა და მისგან მოშორებით ყოფნის საშუალებას აძლევდა.

ეს კოსტუმები NASA-ს აპოლოს მისიებისთვის 1968-1975 წლებში გამოიყენებეოდა. ნილ არმსტრონგი მას ახასიათებდა როგორც დამყოლს, სანდოს და თითქმის სასიამოვნოსაც.

ფოტო: NAS

კოსტუმს მრგვალი, აკვარიუმის მსგავსი ჩაფხუტი ჰქონდა, რომელიც ფართო და შეუზღუდავი ხედებით დატკბობის საშუალებას იძლეოდა. იგი ასევე გაგრილებისა და ვენტილაციის საშუალებასაც იძლეოდა. კოსტუმი ღია სივრცეში თავდაპირველად 6 საათი ძლებდა, გაუმჯობესების შემდეგ კი 7 საათი. კოსტუმის გაუმჯობესებული ვერსია ასევე უფრო მეტ წყალსა და ჟანგბადს ატარებდა.

კოსმოსური შატლის პროგრამა

ფოტო: NASA

1981 წლის 12 აპრილს NASA-ს პროექტ შატლის ფარგლებში პირველი ხომალდი STS-1 გაეშვა. ასტრონავტებს კი "კატაპულტირებადი კოსტუმები" ეცვათ. ხომალდში მხოლოდ ორი ასტრონავტი თავსდებოდა, სპეციალური სკამების მეშვეობით კი ხომალდიდან მათი გამოყოფა ხდებოდა. კოსტუმი USAF Model S1030-ის მიხედვით იყო შექმნილი, რომელსაც პილოტები იყენებდნენ. "კატაპულტირებადი კოსტუმები" და სკამები შატლიდან მალევე ამოიღეს.

ფოტო: NASA

ფოტო: NAS

"კატაპულტირებადი კოსტუმების" შემდეგ EMU-ს გამოყენება დაიწყეს, რომლითაც ასტრონავტს ღია კოსმოსში ყოფნა 8,5 საათის განმავლობაში შეეძლო, ხოლო მარაგად დამატებით 30 წუთის ჟანგბადი ჰქონდა. კოსტუმი აპოლოს სტილის ჩაფხუტით იყო აღჭურვილი, წელსა და ფეხებზე კი წითელი ზოლები ჰქონდა.

ფოტო: NASA

EMU-ს შემდეგ, 1984 წელს MMU გამოჩნდა. ეს კოსტუმი ასტრონავტს საშუალებას აძლევდა, ხომალდისგან დამოუკიდებლად ეფრინა, პირველად კი იგი ბრუს მაკკანდლესს ეცვა. კოსტუმი სულ სამი მისიის დროს გამოიყენეს თანამგზავრების შესაკეთებლად. 1986 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მისი გამოყენება შეწყვიტეს, რადგან ზედმეტად სარისკოდ მიიჩნიეს.

1988 წლიდან NASA ჰერმეტულ, ზედმეტსახელად "გოგრის" კოსტუმებს იყენებდა, რომლებიც "კატაპულტირებადი კოსტუმების" გაუმჯობესებულ ვერსიებს წარმოადგენდნენ.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსული კოსმოსური პროგრამების დროს ორლანის კოსტუმებს იყენებდნენ, რომელიც არსებულ სხვა კოსტუმებზე უკეთესი იყო. ასტრონავტები ორლანის კოსტუმს ზურგის მხრიდან იცვავდნენ, რაც ამ პროცესის დროს ბევრად ამცირებდა, ჟაგბადის მარაგი კი ცხრა საათი ძლებდა.

ფოტო: Public Domain

თანამედროვე კოსმოსური კოსტუმები

მას შემდეგ ასტრონავტებს სხვადასხვა კოსტუმი ეცვათ. მაგალითად, გაშვებისა და დედამიწაზე დაბრუნების დროს სტაფილოსფერ ACE კოსტუმებს ასტრონავტები 1994 წლიდან შატლის პროგრამის დასრულებამდე იყენებდნენ — თუმცა იგი ღია კოსმოსში არ გამოიყენება. კიდევ ერთი კოსტუმი, რომელსაც NASA-ს ასტრონავტები იყენებდნენ, რუსული სოკოლია, იგი რუსულ ხომალდ Soyuz-ით ფრენის დროს ეცვათ. სოკოლი, ACE-ს მსგავსად, მხოლოდ ხომალდის შიგნით გამოიყენება. იგი პირველად 1973 წელს ეცვათ.

ფოტო: NASA

ფოტო: Roscosmos

დღეისთვის ინჟინრები ახალი კოსტუმების დიზაინებზე მუშაობენ, რომლებსაც სამომავლო მისიებისთვის გამოიყენებენ. ამ კოსტუმებმა ადამიანთა ახალი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს — მათი გამოყენება მთვარეზე თუ მარსზე მოგზაურობისთვის უნდა იყოს შესაძლებელი.

ფოტო: AFP

ფოტოს მარჯვენა მხარეს გამოსახულ კოსტუმს Orion Crew კოსტუმი ეწოდება, იგი ACE-ს კოსტუმებს გვაგონებს, რომლებსაც ასტრონავტები შატლის პროგრამის დროს იყენებდნენ. ამ კოსტუმს ასტრონავტები არტემისის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ხომალდში გამოიყენებენ.

ხოლო მეორე კოსტუმი, რომელსაც xEMU-ს უწოდებენ, მთვარის ზედაპირზე ყოფნის დროს ჩასაცმელადაა განკუთვნილი. იგი ACE-ზე უფრო დიდია, რადგან მან ადამიანი ხომალდის გარეთ, ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში უნდა დაიცვას. მას ასევე ასტრონავტის მიკრომეტეორიტებისაგან და სხვა პატარა ნაწილაკებისგან დაცვაც შეუძლია. ასევე, იგი ბევრად მობილური და კომფორტულია.

"თუკი გინდა, რომ დაიხარო და ქვა აიღო, ან თუკი რაიმე ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებ, ამისთვის მობილურობა აუცილებელია", — განაცხადა NASA-ს ასტრონავტმა ქეით რუბინსმა.

მარცხნივ ჩანს ხომალდ Starliner-ისთვის განკუთვნილი კოსტუმი, ხოლო მარჯვნივ — CrewDragon-ის ეკიპაჟის მიერ გამოყენებული კოსტუმი.

ფოტო: Boeing / SpaceX

შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ NASA-მ კერძო კომპანიებთან, SpaceX-თან და Boeig-თან ხელშეკრულება დადო, რომლის ფარგლებშიც მათ ხომალდი უნდა აეგოთ, რომელიც ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანდა. 31 მაისს კი SpaceX-მა თავისი CrewDragon წარმატებით გაუშვა. საინტერესო იყო მისიის დროს გამოყენებული კოსტუმები, რომლებიც ჰოლივუდის კოსტუმების დიზაინერმა ხოსე ფერნანდესმა შექმნა. მათი გამოყენება მხოლოდ კაფსულაშია შესაძლებელი და ღია კოსმოსისთვის განკუთვნილი არ არის.

რაც შეეხება Boeing-ს, ხომალდის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიამ Starliner-ის და კოსტუმის დიზაინი უკვე წარადგინა. მათი კოსტუმები ასტრონავტებისთვის აქამდე განკუთვნილ კოსტუმებზე უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ