უელსში კიბოს კომპლექსური ბიოფსიის გამარტივებული მეთოდი შეიმუშავეს
უელსში მდებარე ქალაქ სუონსში კიბოს კომპლექსური ბიოფსიის ნოვატორული მეთოდი შეიმუშავეს. პლასტიკური ქირურგებისა და ანესთეზიოლოგებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, სენტინელური ლიმფური კვანძების ბიოფსია უკვე 9 პაციენტს ჩაუტარა. ეს მანიპულაცია აქამდე მხოლოდ ზოგადი ანესთეზიით კეთდებოდა, თუმცა პანდემიის თანმდევი შეზღუდვების გამო ექიმები იძულებულნი გახდნენ, სხვა გზები მოენახათ.
სენტინელური ლიმფური კვანძების ბიოფსია კომპლექსური და რთული მანიპულაციაა. მას მეტასტაზირებული ძუძუსა და კანის კიბოს დროს იყენებენ. მანიპულაციის არსი შემდეგში მდგომარეობს: ონკოქირურგები შეარჩევენ იმ რამდენიმე ლიმფურ კვანძს, რომლებშიც სიმსივნეა ჩაზრდილი. სწორედ მათ ეწოდებათ სენტინელური ლიმფური კვანძები. შემდეგ მასში სპეციფიკური საღებავი შეჰყავთ, რომელიც ლიმფურ სისტემას გაივლის და მასში მეტასტაზების გავრცელებას თვალნათელს გახდის. ამის შემდეგ, ქირურგები კიბოთი დაზიანებულ კვანძებს შერჩევითად ამოკვეთენ და ამგვარად მინიმალური ჩარევით დაავადებასთან ბრძოლაში მაქსიმალურ, გარანტირებულ შედეგს მიიღებენ. მანიპულაციის სირთულიდან გამომდინარე ოპერაცია აქამდე ზოგადი ანესთეზიით ტარდებოდა.
"Covid-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლინიკების ფუნქციონირებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მომსახურეობაზე" — განაცხადა პლასტიკურმა ქურურგმა, ჯონათან კუბიტმა, ნოვატორული ლოკალური ანესთეზიის ბლოკადის გამომგონებელი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა — "რომ არა პანდემია, ჩვენ კვლავ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით გავაგრძელებდით მუშაობას, მაგრამ შეზღუდვებმა გვაიძულა, შემოქმედებითად მივდგომოდით საკითხს"
ექიმის განცხადებით, ისინი ამ მეთოდოლოგიით მუშაობას პანდემიის შემდგომაც გააგრძელებენ.
"ჩვენ პაციენტს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ და იქვე უნდა განვუმარტოთ, რომ ზოგადი ანესთეზიის თავიდან არიდება ყოველთვის უფრო უსაფრთხო გზაა"
37 წლის სტივენ პირსი ერთ-ერთი პირველია, ვინც ნოვატორული მეთოდოლოგიით ჩაიტარა ეს მანიპულაცია. მას კანის კიბო ხელზე აქვს ლოკალიზებული.
"პროცედურის განმავლობაში საერთოდ არაფერი მიგრძვნია. ეს ზოგად ანესთეზიაზე გაცილებით უკეთესი ვარიანტია, უფრო უსაფრთხოა და პოსტ-ოპერაციული პერიოდიც უფრო მსუბუქია. ხელში თვითშეგრძნება დაახლოებით ერთ საათში დამიბრუნდა, მე კი ამ დროს უკვე სახლში ვიყავი" — განმარტავს პირსი
კომენტარები