ესპანეთის საფეხბურთო ლიგა კომპიუტერის მიერ გენერირებული მაყურებლით დაბრუნდა
პანდემიის გამო გადადებული სპორტული შეხვედრები ნელ-ნელა სატელევიოზიო ეკრანებზე ბრუნდება, თუმცა თამაშებზე მაყურებლის დასწრება ჯერ კიდევ აკრძალულია. ხალხის შეძახილების გარეშე კი ფეხბურთის მატჩის ყურება გარკვეულ ემოციურ მუხტსაა მოკლებული.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონმა ამ პრობლემის მოგვარება განსხვავებული ხერხით გადაწყვიტა. EA Sports-თან გაერთიანებით მან საფეხბურთო მოედანზე გულშემატკივართა ხმები დაამატა, ნორვეგიულ სამაუწყებლო კომპანია Vizrt-თან ერთად კი სტადიონზე მჯდომი მაყურებლის ვიზუალი შექმნა.
"ჩვენ ვაფასებთ, რასაც გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა, ინგლისის პრემიერლიგა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია აკეთებენ, მაგრამ რის მიღწევასაც ჩვენ ვგეგმავთ, განსხვავებული იქნება", — განაცხადა ლა ლიგის აუდიოვიზუალზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის დირექტორმა, მელსიორ სოლერმა, — "ჩვენი მიზანი მაყურებლისთვის სატელევიზიო გასართობი სანახაობის შეთავაზებაა".
ვირტუალური გულშემატკივრები ინდივიდუალური ადამიანების კომპიუტერული გამოსახულებები არ არიან. სანაცვლოდ, ტრიბუნები ისეთი უძრავი სტრუქტურითაა დაფარული, რომელიც ხალხს განსაკუთრებით მაშინ ჰგავს, როცა ტელვიზორის მაყურებელს ფოკუსი უშუალოდ მოედანზე აქვს გადატანილი. თუკი ახლოდან შეხედავთ, იგი 90-იანი წლების ვიდეოთამაშებსაც კი გაგახსენებთ.
რაც შეეხება აუდიოს, აქაც იმავე მიდგომას ვხვდებით. ჩაწერილი ხმები ფეხბურთის მოედანზე მყოფი ხალხის მსაჯისადმი სასოწარკვეთილ ყვირილსა და სკანდირებულ მელოდიებს არ შეიცავს, თუმცა თამაშს ემოციურ ფონს კი მატებს. ყრუ, გაგნგრძობითი ხმაურის სიხშირე, ტონალობა და ემოციურობა მინდორზე მიმდინარე ქმედებების შესაბამისად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ გოლის გატანისას ჩვეული აღფრთოვანების შეგრძნება იქნება შესაძლებელი.
თუმცა ილუზია გარკვეულ მომენტებში მაინც ქრება. ვირტუალური გულშემატკივარი მხოლოდ მთავარი სამაუწყებლო კამერის კუთხიდან ჩანს. შესაბამისად, იმ კამერებით გადაღებული კადრის ჩვენებისას, რომლებიც სტადიონს ზედა რაკურსით უღებენ, შესამჩნევია, რომ რეალურად შეხვედრა დამსწრეების გარეშე მიმდინარეობს.
კომენტარები