IBM-მა სახის ამომცნობ ტექნოლოგიაზე მუშაობა შეწყვიტა
IBM-ის გენერალური დირექტორის, არვინდ კრიშნას მიერ აშშ-ის კონგრესისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ზოგადი დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვებს აჩერებს. როგორც IBM-ში აცხადებენ, კომპანია ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და კვლევებსაც წყვეტს.
"IBM პრინციპულად ეწინააღმდეგება სახის ამომცნობი ნებისმიერი, მათ შორის სხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიის გამოყენებას მასობრივი თვალთვალისთვის, რასობრივი დაყოფისთვის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფისთვის ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ნდობისა და გამჭირვალობის პრინციპებს", — ნათქვამია კრიშნას მიერ კონგრესისთვის მიწერილ წერილში, — "მიგვაჩნია, რომ დროა, დავიწყოთ საყოველთაო განხილვები, სადაც გავარკვევთ, როგორ და რა სახით უნდა იყენებდნენ სამართალდამცავები სახის ამომცნობ ტექნოლოგიას".
ხელოვნური ინტელექტის ბოლო მიღწევების შედეგად, სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განვითარდა. ამისდა მიუხედავად, გამოცდილებამ აჩვენა, რომ არაეფექტიანი რეგულაციებისა და სუსტი ფედერალური კონტროლის შედეგად, კერძო კომპანიების მიერ შექმნილ სისტემებს ადამიანების ასაკობრივი, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებით დაყოფა შეუძლია, რაც სამართალდამცავი ორგანოების ხელში, შესაძლოა, ადამიანის უფლებების ხელყოფის ერთ-ერთ საშუალებად იქცეს.
2018 წელს, ჯოი ბოლამინისა და ტიმნიტ გებრუს მიერ ჩატარებულმა კვლევამ სახის ამომცნობ კომერციულ (მათ შორის IBM-ის) სისტემებში პირველად გამოავლინა მიკერძოების მაჩვენებელი. კვლევამ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ალგორითმის მწვავე კრიტიკა გამოიწვია, ხოლო სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ ამ ტექნოლოგიაში არსებული მიკერძოების პრობლემის აღმოფხვრას.
სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ "არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სახის ამომცნობ ტექნოლოგიაში გამოყენებული ალგორითმების უმეტესობას ფართო დიაპაზონის სიზუსტით შეუძლია ადამიანების დემოგრაფიული ნიშნით განსხვავება." სახის ამომცნობ ტექნოლოგიას დღეს კონფიდენციალობის დარღვევისთვისაც აკრიტიკებენ.
ამ ტექნოლოგიის ირგვლივ უკვე არაერთი სასამართლო დავა მიმდინარეობს. Clearview AI — კომპანია, რომლის სახის ამომცნობი სისტემა 3 მილიარდამდე სახეს ცნობს, იმ ორგანიზაციათა შორისაა, რომლებიც ყურადღების ქვეშ მოექცნენ. სახეების ნაწილი მისმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ სოციალური ქსელებიდან შეგროვებული მონაცემებით მიიღო. კომპანიას ხშირად მიმართავდნენ სამართალდამცავი ორგანოები და კერძო კომპანიები, თუმცა დღეს კომპანიის წინააღმდეგ კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე განიხილება. იგივე ბედი გაიზიარა ფეისბუქის სახის ამომცნობმა ტექნოლოგიამ, რომლის გამოც სოციალურ ქსელს $500 მილიონის გადახდა მოუწია.
საკუთარ წერილში კრიშნა ასევე საუბრობს განათლებისა და პოლიციის რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ კანონდაღრვევებს პირდაპირ ფედერალური სასამართლო უნდა განიხილავდეს, ხოლო კონგრესმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს კვალიფიციური იმუნიტეტის დოქტრინაში.
კომენტარები