ფეისბუქი ჯგუფების ადმინებს მეტი ფერადკანიანი მოდერატორის დამატებას ურჩევს
ფეისბუქმა ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც რასასა და უთანასწორობაზე კონსტრუქციული დიალოგის წახალისებაა. ჯგუფები ამ სოციალური მედიის ბიზნეს სტრატეგიისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, თუმცა ბოლო დროს მათ ადმინებსა და მოდერატორებს უჭირთ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის გარშემო არსებულ დისკუსიებთან გამკლავება. ბევრი მათგანი უბრალოდ შლის იმ პოსტებს, რომლებიც მოძრაობის, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", შესახებაა, რადგან მათ "პოლიტიკურად" მიიჩნევს. ამის შედეგად ბევრი ადამიანი ტოვებს იმ ჯგუფებს, სადაც უკვე წლებია, გაწევრიანებული იყო, ზოგი ჯგუფი ქვეჯგუფებად დაიყო, ზოგი კი დროებით მთლიანად გაუქმდა.
ფეისბუქი თავის განცხადებაში პირდაპირ საუბრობს პოლიტიკური პოსტების აკრძალვის იმ წესზე, რომელსაც ბევრი ჯგუფი მისდევს და ურჩევს ადმინებს, შექმნან აკრძალული თემების კონკრეტული სია. მსგავს თემათა მაგალითებად კი მოყვანილია "განხილვები კანონმდებლობაზე, პოლიტიკურ კანდიდატებზე ან სპეციფიკურ კამპანიებზე". ფეისბუქს აქამდეც გამოუქვეყნებია ჯგუფებისთვის რეკომენდაცია, შეექმნათ წესების სია იმისათვის, რომ მოდერატორებს დისკუსიების მსვლელობა მარტივად გაეკონტროლებინათ. თუმცა დღეს ხშირად სწორედ ამ წესების არსებობა აბნევს ადმინებს. მაგალითად, მუსიკოს ჰოზიერის ფანების ჯგუფში თავად მომღერლის პოლიტიკური განცხადებები ხელუხლებელი დარჩა მაშინ, როცა მოდერატორებმა წევრების აზრები წაშალეს.
ფეისბუქი გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ასევე ურჩევს ადმინებს, რომ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულნი იყვნენ; "მისცენ ახალ და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანებს მოდერატორთა ჯგუფში გაწევრიანების შესაძლებლობა"; გამოაქვეყნონ წესები არსებულ სიტუაციასთან მიმართებით; მოუსმინონ ჯგუფის რიგით წევრებს; დაფიქრდნენ დაშვებული თემების სიის გაფართოებაზე და გამოქვეყნებამდე ყველა პოსტი შეამოწმონ.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს რთული დიალოგებია და იმ უთანხმოებებს ასახავს, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს", — ვკითხულობთ განცხადებაში, — "მაგრამ ისინი ამავდროულად საჭირონიც არიან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მიმდინარე დისკუსიების წარმართვასა და საკუთარი თავების ინფორმირებაში".
კომენტარები