ახალმა ბიონიკურმა თვალმა, შესაძლოა, ადამიანისას აჯობოს
მეცნიერების თქმით, მათ ისეთი ხელოვნური თვალი შექმნეს, რომელიც, შესაძლოა, მგრძნობელობით ადამიანის თვალს გაუტოლდეს.
ხელოვნური თვალი ტელესკოპიური ან ღამის ხედვის შესაძლებლობას ნამდვილად არ გვაძლევს, თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ამ ელექტრონულ თვალს ადამიანის თვალზე უფრო მკვეთრი და მკაფიო გამოსახულების მიღების პოტენციალი აქვს.
"მისი გამოყენება უკეთესი პროთეზებისთვისა და ჰუმანოიდი რობოტებისთვის შეგვეძლება", — განაცხადა ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ჟიონგ ფანმა.
თვალის შესაქმნელად ფანმა და მისმა კოლეგებმა ალუმინის ოქსიდის შესაბამისი ფორმის მემბრანა გამოიყენეს, რომელზეც სინათლის მიმართ მგრძნობიარე სპეციალური ნივთიერებისგან დამზადებული პაწაწინა სენსორები განათავსეს. სადენები კი, რომლებიც ხელოვნურ ბადურასთანაა დაკავშირებული, ამ სენსორებისგან მიღებულ მონაცემებს გარე მოწყობილობას უგზავნის — ისე, როგორც ნერვული ბოჭკოები ტვინს.
ხელოვნური თვალი ცვლილებებს სინათლეში ადამიანის თვალზე სწრაფად აფიქსირებს, 30-დან 40-მდე მილიწამში, 40-50-ის ნაცვლად. მას ასევე მკრთალი სინათლის აღქმას შეუძლია.
თეორიულად, ამ თვალმა უფრო მაღალ გარჩევადობას უნდა მიაღწიოს, რადგან ხელოვნური ბადურა თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 460 მილიონ სინათლის სენსორს შეიცავს. ნამდვილ ბადურას კი თითოულ კვადრატულ სანტიმეტრზე სინათლის დამაფიქსირებელი 10 მილიონი უჯრედი აქვს. ხელოვნურ ბადურასთან დაკავშირებული სადენები დაახლოებით ერთი მილიმეტრის სისქისაა, იმდენად დიდი, რომ იგი ერთდროულად რამდენიმე სენსორს ეხება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ბადურის უკან მხოლოდ 100 ასეთი სადენი ეტევა, რაც საბოლოოდ ისეთ გამოსახულებას ქმნის, რომელიც 100 პიქსელისგან შედგება.
"გარჩევადობასთან დაკავშირებით თვალის სრული პოტენციალი ამჟამად არ გვინახავს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად შეიცვლება", — განაცხადა ფანმა.
კვლევა 20 მაისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები