ტვინის იმპლანტი უსინათლო ადამიანებს "დანახვის" საშუალებას აძლევს
ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ტვინის იმპლანტი შექმნეს, რომელიც ბრმა ადამიანებს ფორმებისა და ასოების გარჩევის საშუალებას აძლევს.
როგორც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი, მოწყობილობა შემდეგნაირად მუშაობს: იგი თვალს უგულებელყოფს — ვიზუალურ ინფორმაციას პირდაპირ კამერისგან იღებს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას ტვინში მოთავსებული ელექტროდებისკენ აგზავნის.
ეს კვლევა ვიზუალური "პროთეზის" განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც უსინათლო ადამიანებს მხედველობის სრულ აღდგენაში დაეხმარება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მსგავს დახვეწამდე საკმაოდ დიდი დროა.
ამჟამად კი მკვლევრებმა ნამდვილად გასაოცარი რამ მოახერხეს: ექსპერიმენტში მონაწილე უსინათლო ადამიანებმა ელექტრული იმპულსების კომპლექსური მიმდევრობების წყალობით, რომლებიც მათ ტვინში იგზავნებოდა, სხვადასხვა ფორმის კონტურების დანახვა შეძლეს.
"პაციენტებმა ასოების ფორმების დანახვა და განსხვავებული ასოების სწორად ამოცნობა შეძლეს", — განაცხადა ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარმა დენიელ იოშორომ.
აქამდე არსებული მოწყობილობების შექმნისას თითოეულ ელექტროდს ისე ეპყრობოდნენ, როგორც პიქსელს, თუმცა ამჟამინდელ კვლევაში ეს მიდგომა შეცვლილია.
"იმის მაგივრად, რომ სინათლის მრავალი წერტილიდან სხვადასხვა ფორმა შეგვექმნა, ჩვენ აქცენტი კონტურებზე გავაკეთეთ", — განაცხადა ბეილორის სამედიცინო კოლეჯის პროფესორმა და კვლევის ავტორმა მაიკლ ბოჩემპმა.
მსგავს მოწყობილობას ბრმა და მხედველობადაზიანებული ადამიანების ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა ექნება.
"ოჯახის წევრების ფორმის ამოცნობა ან უფრო მეტად დამოუკიდებლად გადაადგილება ბევრი უსინათლო პაციენტისთვის შესანიშნავი იქნება", — აცხადებს იოშორი.
თუმცა მოწყობილობის განვითარება ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია.
"მხედველობის ქერქი, სადაც ელექტროდებია იმპლანტირებული, ნახევარ მილიარდ ნეირონს შეიცავს. ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ მხოლოდ ამ ნეირონების პატარა ნაწილის სტიმულირება შევძელით", — განაცხადა ბოჩემპმა.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნეიროინჟინრებთან ერთად უფრო მასშტაბური ელექტროდების შექმნაა, რაც მეცნიერებს უფრო ეფექტიანად მოქმედების საშუალებას მისცემს.
კომენტარები