მე-17 საუკუნის შავი ჭირის დღიური ზედმეტად ნაცნობია
აპრილის დასაწყისში, მწერალმა ჯენ მილერმა The New York Times-ის მკითხველებს კორონავირუსის დღიურის დაწერა ურჩია.
"ვინ იცის", — ამბობს მილერი, "შესაძლოა, ერთ დღეს, თქვენმა დღიურმა მნიშვნელოვანი პერსპექტივა შემოგვთავაზოს ამჟამინდელ დროზე".
განსხვავებული პანდემიის დროს, მეჩვიდმეტე საუკუნეში, როცა შავი ჭირი მძვინვარებდა, ბრიტანელმა ზღვაოსანმა სამუელ პეპისმა სწორედ ეს გააკეთა. ის დღიურს ცხრა წლის განმავლობაში, 1660 წლიდან 1669 წლამდე წერდა, როცა ლონდონში შავი ჭირი ათასობით ადამიანს კლავდა.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს ადამიანები ვირუსისგან თავს ისევ თვითიზოლაციით იცავდნენ. განსხვავება იმდროინდელ პანდემიას და კორონავირუსის ეპიდემიას შორის ისაა, რომ მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა და არც საჭმლის მიტანის სერვისები.
პეპისმა შავი ჭირის საფრთხე პირველად 1665 წლის 30 აპრილს გააცნობიერა და დღიურში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: "ქალაქშ ავადობის შიშია... რამდენიმე სახლი უკვე დაიკეტა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი".
პეპისი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ივნისამდე აგრძელებდა, ამ დროს მას სახლებზე დასმული ჯვრები ხვდებოდა, კარებზე კი შემდეგი წარწერები იყო ხოლმე გაკეთებული: "ღმერთო შეგვინდე".
დროთა განმავლობაში თვითიზოლაცია ლონდონის მოქალაქეებში უფრო პოპულარული გახდა. პეპისის დაკვირვებით ქუჩები დაცარიელდა და ხალხი ქალაქში ფრთხილად დადიოდა.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს, ლონდონში ყოველ კვირას დაკრძალულთა რაოდენობა ქვეყნდებოდა, რომელსაც პეპისი დღიურში იწერდა. აგვისტოს ბოლოს, პეპისის მიხედვით, შავი ჭირით 6 102 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, პეპისი ვარაუდობდა, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა 10 000 იყო.
პეპისის დღიური იმდროინდელ პანდემიასთან მედიკამენტური ბრძოლის საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს. მეჩვიდმეტე საუკუნეში მიაჩნდათ, რომ შავი ჭირი ეგრედწოდებული "მიაზმით" ანუ "ცუდი ჰაერით" ვრცელდებოდა, რომელიც გახრწნილი სხეულებისგან მომდინარეობდა.
შესაბამისად, პეპისი აღწერს, რომ ლონდონელები შავი ჭირის არიდებას სხვადასხვა იმპროვიზებული მეთოდით ცდილობდნენ, მაგალითად, ბევრს სჯეროდა, რომ თამბაქოს კვამლი ჰაერს "წმენდდა":
"დახურული სახლების დანახვამ ჩემs სუნზე დამაფიქრა, ამიტომ თავს გასახვევი თამბაქოს ყიდვა და მოწევა დავაძალე", — წერს პეპისი. ივლისში პეპისმა "შავი ჭირის საკმურნალო წყალიც" კი იყიდა, რომელიც სხვადასხვა ბალახეულისგან დამზადებული ნაყენი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ყალბი სამკურნალო საშუალებები დღევანდელი პანდემიის დროსაც გავრცელებულია: სპეციალური ჩაით დაწყებული, ძროხის შარდით დამთავრებული.
პეპისი ვრცლად წერს იმდროინდელ პარანოიაზე. მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს სკეპტიკურად უყურებდნენ, განსაკუთრებით კი უცხო ქვეყნიდან ან ქალაქიდან ჩამოსულებს. მიუხედავად იმისა, რომ პეპისი კარგი განწყობის შენარჩუნებას ცდილობდა, პარანოიის მსხვერპლი თვითონაც გახდა.
პეპისის მსახურს, ერთ დღეს თავი სტკიოდა. ამით შეშინებულმა პეპისმა, მოსამსახურე სახლიდან გააძევა, თუმცა სამსახურში მალევე დააბრუნა, როცა აღმოაჩინა, რომ მსახურს შავი ჭირი არ ჰქონდა.
პეპისის სიფრთხილის მიუხედავად, ის იზოლაციის ზომებს, საყვარლის მოსანახულებლად მაინც არღვევდა.
მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის დღიური მეჩვიდმეტე საუკუნის ძალიან ტრაგიკულ ისტორიას აღწერს, პეპისი და ადამიანები მის გარშემო იმედს იტოვებდნენ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდებოდა. სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა შავი ჭირით გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, პეპისმა ოპტიმიზმი იგრძნო.
კრიზისულ მდგომარეობაშ ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა, პანდემიის ფსიქოლოგიური წნეხის გადატანაში ჩვენც ისევე გვეხმარება, როგორც პეპისს.
კომენტარები